2023 წლის ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ანგარიში

31.05.2024

I2023 წელს ევროკავშირი მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისა და ხელშეწყობის მის მიერ აღებულ ვალდებულებას ურყევად აგრძელებდა. წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75 წლისთავი აღინიშნა. ამ არსებითმა დოკუმენტმა გზა გაუკვალა ამჟამად მსოფლიოში ცნობილ ადამიანის უფლებების სამართალს. უპრეცედენტო გამოწვევებით გამორჩეული მზარდად რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, ეს წლიური ანგარიში ემსახურება ევროკავშირის ძალისხმევისა და მიღწევების ყოვლისმომცველ მიმოხილვას და იმ გამოწვევებს, რომლებსაც ის აწყდება ისეთი სამყაროს აღმშენებლობაში, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, დემოკრატიული პრინციპები და ყველა ადამიანის ღირსება და თავისუფლება.

იხილეთ ანგარიშის ის ნაწილი (12 - 15 გვ.), რომელიც  საქართველოს შეეხება (ქართულ ენაზე).

საქართველო

1. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: 2023 წლის მარტში მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავდა. ორივე დოკუმენტი ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით გარკვეულ დადებით ელემენტებს შეიცავს. თუმცა, მოსაგვარებელი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი, განსაკუთრებით დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო მექანიზმებთან დაკავშირებული სამართლებრივი პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებებზე მინიშნებას და სასამართლო შესაძლებლობებსა და ინსტიტუციურ განვითარებას უჭერს მხარს. ახალი სახალხო დამცველი 2023 წლის თებერვალში დაინიშნა. კიდევ მეტია გასაკეთებელი ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი საკითხების კუთხით, როგორიცაა ანტიდისკრიმინაცია (განსაკუთრებით უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ), ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. ამის გარდა მისაღებია ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა დასაცავად. ამასთანავე, მაუწყებლობის შესახებ კანონში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა დაცვასთან და სიძულვილის ენის საწინააღმდეგო დებულებები შემოიტანა; ასევე შეიძლება აღინიშნოს წინსვლა საკანონმდებლო მიმართულებით, რომელიც ეხება გენდერულ თანასწორობას, მათ შორის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის საკითხებს.

ზოგადად, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება შემდგომ დემოკრატიულ და კანონის უზენაესობის რეფორმებს ხელს უწყობს. ღრმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, ასევე რეფორმების დღის წესრიგზე და საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხებში პარტიათაშორისი ეფექტიანი თანამშრომლობის ნაკლებობამ რეფორმების პროცესი შეაფერხა. საარჩევნო რეფორმა გაგრძელდა, თუმცა, ეუთო / ოდირის ზოგიერთი ძირითადი რეკომენდაცია, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნასა და საარჩევნო დარღვევების შემთხვევებზე ეფექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე ჯერ კიდევ შესასრულებელია. ანალოგიურად, გასაუმჯობესებელია სამოქალაქო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან დიალოგი და  პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

გამოხატვის თავისუფლება ზოგადად არის დაცული და მხარდაჭერილი. საქართველოში ზოგადად პლურალისტური, მრავალფეროვანი, მაგრამ უაღრესად პოლარიზებული მედია ლანდშაფტია და კრიტიკული მედია გაშუქება ხელმისაწვდომია. 2023 წელს შემოღებული სამართლებრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, კვლავ არსებობს გამოწვევები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველომ განაგრძო აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივის (AVMSD) ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში კანონმდებლობის მოყვანა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები მიიღო. უზრუნველსაყოფელია ეროვნული მარეგულირებლის - კომუნიკაციების კომისიის რეალური დამოუკიდებლობა. შეინიშნება მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვები. მედიის თანამშრომლების დაშინების, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების შემთხვევების შემდგომი გამოძიება ჯერ ეფექტიანიად არ განხორციელებულა.

2. ევროკავშირის მოქმედება - საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: 2023 წელს ევროკავშირმა განაგრძო ყურადღების გამახვილება სასამართლო სისტემის აუცილებელ რეფორმაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა, ასევე ადეკვატური დაცვა მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებებისა, მათ შორის დამნაშავეებისა და ძალადობის წამქეზებლების პასუხისმგებლობაში მიცემის უფრო ეფექტიანი გზით. ევროკავშირი კვლავ უწევდა ადვოკატირებას ლგბტი პირების, უმცირესობების და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების პატივისცემას, დაცვასა და განხორციელებას, მათ შორის შეკრების თავისუფლების უფლებით სრულ და თანაბარ სარგებლობას, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით. ევროკავშირი მედიის მარეგულირებლის რეფორმაზე მუშაობდა. 2023 წელს ევროკავშირის პრიორიტეტად რჩებოდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო უფლებების ადვოკატირებისა და დაცვის უნარის გასაღრმავებლად, ისევე როგორც მისი შესაძლებლობების გაფართოება კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგში ჩასართავად, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.

3. ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა: 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი გადაიდგმებოდა. ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურების აუცილებლობა 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის ცენტრში რჩებოდა, განსაკუთრებით კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დიალოგს (გაიმართა ივნისში), ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მე-8 შეხვედრას (გაიმართა ივლისში), ევროკავშირის გაფართოებაის პირველ სრულ პაკეტს (გაფართოების გზაზე რეფორმების გასაგრძელებლად განსახორციელებელი ცხრა ნაბიჯის ჩათვლით).

4. ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა: ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში, ევროკავშირმა განაგრძო "EU4Human Rights" პროგრამის (11 მილიონი ევრო) განხორციელება 7 პროექტის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავ ორგანოებზე შიდა და გარე ზედამხედველობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, ბავშვის უფლებების დაცვას და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. გარდა ამისა, EU4Human Rights-ის ფარგლებში, 2023 წლის მარტში საქართველოში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერების მიზნით ამოქმედდა ახალი პროექტი ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განხორციელებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით.

2021 წელს მიღებული ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი (TCF) პროგრამის IV ფაზის ფარგლებში 2023 წლის ივლისში მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის მიზნით დაიწყო  3.6 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული. გარდა ამისა, 2023 წლის სექტემბერში დაიწყო ახალი პროექტი (1 მილიონი ევრო) სასამართლო რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ჯერ კიდევ განხორციელების ადრეულ ეტაპზეა. ევროკავშირი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის სფეროში პოლიტიკის შემუშავებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ხანგრძლივი პარტნიორობით (1,5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“), რომელსაც ავსებს რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality.

2023 წელს გაგრძელდა „ხარისხიანი მედიისა და მედიის გაცნობიერებული მოხმარების“ პროექტი (700,000 ევრო). გარდა ამისა, სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემატური პროგრამის ფარგლებში (NDICI Thematic Programme on Human Rights and Democracy) დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესზე ადგილობრივი დაკვირვების გაუმჯობესებას. განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თემატური პროგრამის ფარგლებში (NDICI Thematic Programme for Civil society Organisations) გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი პროექტი დაიწყო, რომელთა საერთო ღირებულება 1,97 მილიონ ევროს შეადგენს.

მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის ფარგლებში, გრძელდება აფხაზეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებაზე მიმართული 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი; ასევე დაიწყო ახალი პროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების და ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის მხარდასაჭერად (2 მილიონი ევროს ოდენობის).

დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 3.07 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამა კარგი მმართველობისთვის (PGG) მესამე ეტაპი (2023-2027), რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს იურიდიულ ექსპერტიზასა და ტექნიკურ დახმარებაზე სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და ქალთა მიმართ ძალადობის სფეროებში.

საქართველოს მონაწილეობა კრეატიული ევროპის (2021-2027) მედიასა და სექტორთაშორისი მიმართულებებით გაფართოვდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად, რაც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს კანონმდებლობას მედიასთან მიმართებაში აუდიო-ვიზუალური მედია სერვისის დირექტივასთან.

5. მრავალმხრივი კონტექსტი: 2023 წელს საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს თოთხმეტი არჩეული წევრიდან ერთ-ერთი იყო. საქართველო ევროკავშირის მიერ ინიციირებული გაეროს რეზოლუციების უმეტესობის თანაინიციატორი იყო. ოქტომბერში საქართველოს  უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეწვია და ადამიანის უფლებების შესახებ კანონმდებლობის შემდგომი აღსრულების და სამოქალაქო საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნა. 2023 წელს საქართველო აქტიურად მოქმედებდა ეუთოს ფარგლებში და ოდირთან არჩევნების თემაზე და ასევე საქართველოში მცხოვრებ ბელორუს უფლებადამცველების საკითხებთან დაკავშირებით დინამიკურ თანამშრომლობას აგრძელებდა. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა და მიღებულ იქნა 2023 წლის ოქტომბერში.