საქართველო: ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ

11.07.2025 EEAS Press Team

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ

ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულები და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო.

მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და დაკავებას, რაც აშკარად მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ადგილობრივი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მათი დაკავება, ასევე, თვითნებური დაპატიმრებები და საქართველოს ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანი მონაწილეების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების ზრდა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის ნგრევას და მის ავტორიტარულ სისტემად სწრაფ გარდაქმნას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.

საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, საქართველოსთვის დახმარებისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემცირების ჩათვლით. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებსა და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას; უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ცალმხრივ თუ მრავალმხრივ ინსტრუმენტებს, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძირგამომთხრელი ნაბიჯების გადადგმას საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საზიანოდ.

კურსის შეცვლა ჯერ კიდევ არ არის გვიან. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და  ჩაერთოს დიალოგში ეროვნულ დონეზე ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.

Anitta Hipper
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 2 298 56 91
+32 (0) 460 76 14 21
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96