საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის კომენტარი პრესისთვის საქართველოში ჩამოსვლისას

08.09.2023
თბილისი, 07/09/2023
EEAS Press Team

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან   

 გამარჯობა!

მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები.

ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში თქვენს ლამაზ ქვეყანაში.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა განიხილოს მომავალი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით და პირველად წარადგენს ანგარიშს საქართველოს, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის, წინსვლის შესახებ.

მინდა, ამ მნიშვნელოვან დროს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და გვინდა, მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე.

თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არის სერიოზული ვალდებულება, კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაც, რაც ქვეყნებს ეკუთვნით. მისი მოპოვება საჭირო. მოპოვება სერიოზული რეფორმებით და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით.

გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილი 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს.

ამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად რთული სამუშაოს გაწევა არ ხდება იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, რომ გააბედნიეროს ხალხი ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად.

ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას.

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს.

ევროკავშირში გაწევრიანება არის ეროვნული ამოცანა. ყველა აქტორმა უნდა იმუშაოს ერთად, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. 

ვიზიტის ფარგლებში მე შევხვდები პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს], პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს], საგარეო საქმეთა მინისტრს [ილია დარჩიაშვილს], პარლამენტის და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ განვიხილავთ უკვე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე.

საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი მოკლე პერიოდი, რათა საჭირო საკვანძო რეფორმები განახორციელოს.

ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით გამოიხატება. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები თითქმის 340 მილიონი ევროს ოდენობით 2021-2024 წლების განმავლობაში. ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმით 1,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს ვიზიდავთ.

ასევე, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემს თანამოსაუბრეებთან განვიხილავ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის ნეგატიურ შედეგებს და ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ასევე აქ ვარ, რათა აღვნიშნო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის 15 წლისთავი. ეს მისია დღედაღამ მუშაობს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მან მუშაობა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ მისია ახორციელებს პატრულირებას და ყოველდღიურ დაკვირვებას თვითგამოცხადებული რეგიონების მიმდებარე რაიონებში. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვინახულოთ ისინი ადგილზე ხვალ, თბილისში დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ.

რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში თქვენს მედეგობას ზრდის. ჩვენ ასევე გვაქვს მყარი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ დროში.

მინდა, ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში შეიტანა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ჩვენს ძალისხმევას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, რომელიც თქვენი არმიის მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად დაახლოებით 60 მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ხედავთ, ეს იქნება საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, მოუთმენლად ველოდები ძალიან საინტერესო განხილვებს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან.

მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი დღეს აქ თქვენთან ერთად დაიწყო.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

 ვიდეოს ბმული: https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-245443  

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53