საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის კონფერენციაზე “ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ძვირფასო მეგობრებო საქართველოდან და ევროპიდან,

მოხარული ვარ, მოგესალმოთ დღევანდელ კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეძღვნება. ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტულია ევროკავშირის პოლიტიკის დღის წესრიგში და მას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ევროკავშირმა გაფართოების რამდენიმე ეტაპი გაიარა  და თითოეულმა ევროპა უფრო გააძლიერა და მეტი კეთილდღეობა მოუტანა. გაფართოების თითოეულმა ტალღამ გაზარდა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ჩვენს კონტინენტზე. თუმცა, ევროკავშირი არ არის სრულქმნილი. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ.

25 ივნისს, სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს მართლაც ეპოქალური გადაწყვეტილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპა უფრო დიდი, ძლიერი და უსაფრთხო გახდება. სხვა კანდიდატი ქვეყნებიც ევროკავშირის გაფართოების გზაზე ახლახან წინ წავიდნენ.

ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული და საგულდაგულოდ გააზრებული პროცესია. თითოეული კანდიდატი ქვეყანა ფასდება საკუთარი წინსვლის მიხედვით, კერძოდ, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაში, რაც არის ის აუცილებელი პირობა, რომელსაც გაფართოების მონაწილე ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების ვადის ან თანმიმდევრობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ცხადია, რომ გაფართოების შემდეგი ტალღა მოხდება და ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.

ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც თითოეულმა გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ეს ეხება საქართველოსაც, სადაც სამწუხაროდ ბოლო დროს ნეგატიური მოვლენები ვნახეთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან მკაფიო განაცხადეს: თუ მთავრობა მიმართულებას არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წავა.

როგორც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, მოქმედების მიმდინარე კურსი საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. თუმცა, თუ ეს კურსი შეიცვლება, საქართველო კვლავ შეძლებ მოწინავეთა შორის იყოს. ეს მაინც შეიძლება მოხდეს. საქართველოს ყავს ძლიერი სახელმწიფო ადმინისტრაცია და მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ის უპირატესობებია, რომელიც ბევრ კანდიდატ ქვეყანას შეშურდება და რომელიც წყალში არ უნდა ჩაიყარო.

მაგრამ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამ შემოდგომაზე ევროკომისია კიდევ ერთხელ გამოაქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნის წინსვლის შესახებ, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. შემდეგ, დეკემბერში, 27 წევრი ქვეყნის ლიდერები გადაწყვეტენ, რომელი ქვეყანა წინ წაიწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ახლა არსებობს და შეიძლება უახლოეს წლებში არ იყოს ასეთივე ხელმისაწვდომი. ასე რომ, ყველა კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ინტერესებშია, არსებული მომენტი ახლა გამოიყენოს.

ევროკავშირის გაფართოება ტრანსფორმაციულ პროცესად იყო ჩაფიქრებული, რომელიც აძლიერებს უსაფრთხოებას, სამართლიანობასა და დემოკრატიას და ამასთანავე ევროპელების ცხოვრების დონეს ამაღლებს. გულწრფელად ვუსურვებ საქართველოს და ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას, ამ გზაზე რაც შეიძლება სწრაფად წინ წაიწიონ. უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერ და კეთილდღეობით აღსავსე ევროპას ნიშნავს.

ვხედავ, რომ დღევანდელ კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ბევრი წარმომადგენელი მონაწილეობს. ველ თქვენგანი დემოკრატიის დაცვასა და თქვენი ქვეყნების ევროპულ გზაზე წინსვლის საქმეში გადამწყვეტ როლს თამაშობ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ აქ, საქართველოში - ზოგიერთი მათგანი დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევების მსხვერპლი პირადად გახდა. როგორც გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ მხარდაჭერას გაზრდის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

მინდა დღეს ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გისურვოთ. მადლობ!