საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის თქვენთან გულწრფელი და არაფორმალური დისკუსია მქონოდა. შეხვედრები, სტუდენტებთან - ამ ქვეყნის მომავალთან - და აკადემიურ პერსონალთან, რომელიც აღზრდის და შთააგონებს მათ, ჩემთვის ყველაზე ღირებულია.

დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა თაობის ხმა, თქვენი ხმა,  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის მხარდასაჭერად სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა.  ეს ხმა კარგად გაიგეს ევროკავშირში: თქვენ თავს ევროკავშირის მომავალ მოქალაქეებად ხედავთ.

შარშან დეკემბერში ყველანი ვიყავით მოწმენი ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ერთად ვიზეიმეთ.

კანდიდატის სტატუსი 9 მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესრულებასთან იყო დაკავშირებული. ამ ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, ზრდას, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მკაფიო გზას გაკვალავს. ეს არის გაფართოების პროცესის ბუნება: მუდმივი, ტრანსფორმაციული რეფორმები, რომ თქვენი ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით თავისი ადგილი დასაკავებლად.

მაგრამ სად ვართ დღეს? იმის მაგივრად, რომ 9 ნაბიჯის შესრულებაზე გავამახვილოთ ყურადღება, საქმე გვაქვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით მიყენებულ ზიანთან.

არაერთხელ გაისმოდა მოწოდებები კანონის გაუქმების შესახებ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისგან და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებისგან. მიუხედავად ამ მოწოდებებისა, კანონი მიღებულ იქნა, რაც ძალიან გვაწუხებს. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, ამ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ კანონმა, ჯერ კიდევ მის სრულ ძალაში შესვლამდე, საქართველოს საზოგადოებაში არასაჭირო დაძაბულობა უკვე გამოიწვია და პოლარიზაცია გააღრმავა.

დღეს ამ კანონის მიღებით საქართველო ევროკავშირს კი არ დაუახლოვდა, არამედ დაშორა.

რა იქნება შემდეგ? ივნისი დატვირთული თვე იქნება, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განიხილება, მათ შორის ევროპულ საბჭოში. როგორც პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, საქართველოს საკითხი დღის წესრიგს დაემატება და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირ- საქართველოს ურთიერთობების მომავალზე იმსჯელებენ.

წლის ბოლომდე ევროკომისია კიდევ ერთხელ გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს (და სხვა კანდიდატი ქვეყნების) შესახებ, სადაც შეფასდება წინსვლა ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების მიმართებაში. ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული დეტალური შეფასება, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ გადავიდნენ თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, კერძოდ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.

სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა გასული წლის დეკემბრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. არც ისე დიდი დრო რჩება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გასაგებ აქცენტს. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ თუ არსებობს მტკიცე ნება, წინსვლის გზა ყოველთვის არის.

ყველაფერი საქართველოს და მისი ხალხის ხელშია. მთავრობის და ხალხი. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ როლს, რომელსაც ამ პროცესში თითოეული თქვენგანი ასრულებს. თქვენ ხართ ხვალინდელი დღის ლიდერები. თქვენ ხართ ჭკვიანი, მოტივირებული, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე აქტიური სტუდენტები. ეს არის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება რთული და გამოწვევებით სავსე ძალისხმევა, რომელიც ასევე ბევრ შესაძლებლობ მომტანია. მოგიწოდებთ ამ შესაძლებლობებით სრულად ისარგებლოთ. გულწრფელად გისურვებ წარმატებებს ამ გზაზე.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერები ხართ. ყველა დემოკრატიული ქვეყანა თქვენნაირ მიზანდასახულ მოქალაქეებს ეყრდნობა.