სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

როგორც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ევროკომისარს, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, რეგულარული კავშირი მაქვს შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან, ვინაიდან, საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდი ძალისხმევით ვცდილობდი, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.

რამდენადაც კარგად ვიცი საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება მეტად გააღრმავოს პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში უკონტროლო სიტუაციები გამოიწვიოს. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული მოვლენა სლოვაკეთში იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად ამოღებულია კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარედგინა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღონ ეს კანონი.

ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და აქამდე პატივცემული მეგობარი.

ვაგრძელებ ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.

ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.