European Union External Action

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად აჭარას ეწვია

24/05/2021 - 13:00
News stories

19-21 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ რეგიონისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად აჭარაში იმყოფებოდა. ელჩი ჰარცელი შეხვდა ეკონომიკის და სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს, აგრეთვე ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

 
„ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, რაც ასევე გულისხმობს ძლიერ და წარმატებულ აჭარას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საქართველოს განვითარების გზაზე მისი ყველაზე მტკიცე პარტნიორია 200–ზე მეტი პროგრამით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და განათლება, ინსტიტუციური განვითარება, გარემოს დაცვა და ხალხთა შორის კონტაქტები. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ულამაზეს აჭარაში სტუმრობა, დაწყებული ქედის მწვანე მთებიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გაგრძელებული ბათუმის ხმაურიანი ქუჩებით, სადაც ჩვენ ვეხმარებით საზღვაო სექტორს, ბიზნესს და ხელს ვუწყობთ ქალაქის გათანამედროვებას სუფთა ელექტროავტობუსების საშუალებით. მოუთმენლად ველი აჭარლებთან შეხვედრას და ამ მდიდარი და მომხიბლავი რეგიონის უკეთ გაცნობას“, განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ელჩი ჰარცელის ვიზიტი აჭარაში 19 მაისს, დავით გაბაიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყო. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ევროკავშირის დახმარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული პროექტის საშუალებით მიიღო. პროექტი მიზნად ისახავს განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებას და ღია მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას.
20 მაისს, ელჩი ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და CENN-ის მიერ განხორციელებული ოთხწლიანი პროექტის „ქედა ლიდერის”-ის შედეგების გასაცნობად ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, შემუშავდა ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და დაფინანსდა სტრატეგიის მიზნების შესაბამისად შერჩეული ადგილობრივი განვითარების 97 ინიციატივა, რამაც 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ელჩი ჰარცელი ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ექვსი პროექტი მოინახულა, მათ შორის ჩირების საწარმო „კერკი“, საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი „შატო ივერი“, ლაქშერი კემპინგი „ჰილ ინნ“, დაბა ქედის საჯარო სკოლა, ვეტერინარული კლინიკა, ტურისტული კოტეჯები და „შევარდნაძეების ღვინის მარანი“. აღნიშნული ვიზიტის და პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დამატებით პრეს რელიზში.  
21 მაისს, კარ ჰარცელის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ბათუმში:
  • სამუშაო შეხვედრა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) დირექტორთან, თამარ იოსელიანთან.  ევროკავშირი მრავალი წელია ეხმარება საქართველოს საზღვაო სექტორს, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა ამ სტრატეგიული დარგის განვითარების მიზნით პირველი საზღვაო სტრატეგიის მომზადებაში;
  • ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და შეხვედრა აკადემიის რექტორთან, ირაკლი შარაბიძესთან და სტუდენტებთან. ევროკავშირის დახმარებით აკადემია ატარებს ტრენინგებს მეზღვაურებისთვის, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე -  2014 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი საქართველოს მეზღვაურების დასაქმება უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე;
  • ელჩი ჰარცელი ასევე დაესწრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ LINKS პროექტსა (რომელსაც ახორციელებს UNAG, OSGF, IJH) და აჭარის ოთხ პროფესიულ სასწავლებელს (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული კოლეჯი ‘ახალი ტალღა’ და პროფესიული კოლეჯი ‘შავი ზღვა’) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად LINKS პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ხარისხიან განათლებასა და უნარ-ჩვენების განვითარების შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებას ისახავს.
  • “თანამედროვე ავტობუსები თანამედროვე ბათუმისთვის” ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ლაზარიაშვილმა და ელჩმა ჰარცელმა  ელექტროავტობუსები დაათვალიერეს. ელექტროავტობუსები შეძენილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირს შეაქვს. დაბალი იატაკის მქონე ავტობუსებით სარგებლობა გაუადვილდება ყველა მგზავრს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მშობლებს საბავშვო ეტლებით.  აღნიშნული ავტობუსები ასახავენ ევროკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებას გარემოსათვის უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რომელიც გამოიხატება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოების და ეფექტიანობის ამაღლებასა და გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გარემოს დაცვა საქართველოში ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
  • ელჩი ჰარცელი ეწვია ბათუმის სტომატოლოგიურ ცენტრს „როგო“, რომელმაც მიიღო დახმარება ევროკავშირის EU4Business-ის პროგრამიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მოწინავე სტომატოლოგიური მომსახურების დასანერგად. ცენტრმა შეიძინა ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც კომპანიას  შესაძლებლობას მისცემს, პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური მომსახურება და ხელი შეუწყოს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა, აღნიშნული ფინანსური დახმარება კლინიკამ „როგო“ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებისათვისაც გამოიყენა, კერძოდ, ცენტრში დაინერგა მკაცრი ჰიგიენური წესები, დამონტაჟდა თერმოსკრინინგის მოწყობილობა და თანამედროვე სავენტილაციო სისტემა. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მხარდამჭერია. 2019 წელს, საქართველოში ევროკავშირის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის 30 000-ზე მეტმა  წარმომადგენლობა ისარგებლა.
  • ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორ ორგანიზაციას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თემებთან მუშაობენ. ესენია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილია პროფესიონალების მობილური დახმარების ჯგუფები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის დახმარებას უწევენ. პირველი დახმარება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მოცულობამ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკის აღდგენა, 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
 
***
დამატებითი ინფორმაცია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის / აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით ბათუმმა „მწვანე“ ელექტროავტობუსები შეიძინა
გასულ წელს ბათუმში ჩამოვიდა რვა ელექტროავტობუსი, რომლებიც შეძენილ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და  აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით.
ახალი ავტობუსების მეშვეობით გაუმჯობესდება ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრების მომსახურების დონე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისა და, ამავე დროს, გამონაბოლქვის შემცირების გზით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას. დაბალი იატაკის მქონე ავტობუსებით სარგებლობა გაუადვილდება ყველა მგზავრს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მშობლებს საბავშვო ეტლებით.
ევროკავშირის მიერ E5P ფონდის საშუალებით გაცემული გრანტის წყალობით, ბათუმელებს, პირველად სამხრეთ კავკასიაში, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ხმაურისა და გამონაბოლქვის გარეშე მომუშავე ელექტროავტობუსებით. ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით მდგრადი მწვანე განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ჰაერის დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიების შემცირების მეშვეობით. ელექტროავტობუსების ქალაქისათვის გადაცემა უკავშირდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აღებულ ვალდებულებას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების სისტემები ახალი ავტობუსების მაქსიმალური გარემოსდაცვითი ეფექტის გამოსავლენად.
ავტობუსები შეძენილ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი 5.5 მილიონი ევროს მოცულობის სუვერენული სესხისა, რომელიც განკუთვნილია ქალაქ ბათუმისთვის, კერძოდ მუნიციპალური კომპანია შპს ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის, და E5P ფონდის მიერ გაცემული 4 მილიონი ლარის (1.5 მილიონი ევროს) ოდენობის გრანტის ფარგლებში, ბათუმის არსებული ავტოპარკის გარემოსაცვითი და საოპერაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
პროექტი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მწვანე ქალაქების“ პროგრამის  ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალურ „მწვანე“ ინვესტიციებს და რომელიც ხელმისაწვდომია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ოპერირებს ბანკი. პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ასევე გამოყო 0.8 მილიონი ევრო ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად, კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამების განსახორციელებლად. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით და დამტკიცდა ბათუმის საკრებულოს მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა განახორციელა 4.11 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციას 258 პროექტში, რომლებიც შეეხება ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების განვითარებას. ინვესტიციების 80% კერძო სექტორს მოხმარდა. 
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) არის 180 მილიონი ევროს მოცულობის მრავალ-დონორიანი ფონდი, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდში (E5P) ყველაზე დიდი წვლილი, 70 მილიონი ევროს მოცულობით, ევროკავშირს შეაქვს. ფონდის საშუალებით ევროკავშირმა საქართველოს 10 მილიონი ევრო გამოუყო, რომელსაც ემატება ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთის, ტაივანის ბიზნესის EBRD ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და აშშ-ს მიერ უზრუნველყოფილი სახსრები. სქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, პოლიტიკური დიალოგის წარმოებაში და, აგრეთვე, გარემოს გაუმჯობესებაში.
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ინიციატივის მთავარი მიზანია, გასცეს გრანტები ისეთი მუნიციპალური ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პროექტებისთვის კრედიტების მოზიდვის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, ქუჩების განათება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჯარო შენობების თბოიზოლაცია.
საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება 
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად.
მსოფლიოში ტვირთების დაახლოებით 80% ზღვით გადაიზიდება. 2019 წელს საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთბრუნვა რეკორდული მაჩვენებლით - 43%-ით გაიზარდა. საქართველოს საზღვაო სექტორის წყალობით ტვირთების მიღება შეუფერხებლად ხდება, პანდემიის პირობებშიც კი.  
ზღვა საქართველოს მომავალია: განათლება და დასაქმება
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა სხვადასხვა სტრუქტურული, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო რეფორმები.
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს 60 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლია დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. 
შედეგად, 2015 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი საქართველოს მეზღვაურების დასაქმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე (ან ევროპული გემთმფლობელების გემებზე), რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოების დაცვით, სოციალური დაცვის გარანტიებითა და საზღვაო ფლოტის თანამედროვე სტანდარტებით.
საქართველოს მეზღვაურების სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია.
 
საქართველოს საზღვაო სფერო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება: ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა, საქართველოს საზღვაო სფეროს კერძო და საჯარო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2020 წელს საქართველოს საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულეს. ამ ეტაპზე UNDP-ის ექსპერტის მიერ, მიმდინარეობს, მომზადებული დოკუმენტის გადაწყობა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა მოხდეს დოკუმენტის დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ.
მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დოკუმენტი ხელს შეუწყობს საზღვაო ტრანსპორტის დარგის მწყობრ, მდგრად და ეფექტურ განვითარებას.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისი  დირექტივებიდან 80%  უკვე დანერგილია და ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. 
უსაფრთხო, დაცული და ეფექტური საერთაშორისო გადაზიდვების ინდუსტრია ქვეყნის სამომავლო მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია; საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა საზღვაო გზით იმპორტირდება.
თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა: შავი ზღვის გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს ექსპერტებს გადაეცათ თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა და ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი, რაც მათ შავი ზღვის სანაპიროს გარემოს მდგომარეობისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის უწყვეტ რეჟიმში წარმოების შესაძლებლობას მისცემს.
Languages:
რედაქტორი: