European Union External Action

CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერითა და საზოგადოება „ბილიკთან“ თანამშრომლობით, გორში ინოვაციურ ცოდნის ჰაბი გახსნა

26/04/2021 - 10:07
News stories

 

23 აპრილი - ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ისა და საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებით, გორში ინოვაციური ცოდნის ჰაბის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ინოვაციური ცოდნის ჰაბის მიზანი ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაა. ინოვაციური ცოდნის ჰაბი არის ახალგაზრდული სამუშაო სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გორისა და შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ჰაბში პერიოდულად გაიმართება გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიები, ასევე, ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და გამართონ საჯარო დისკუსიები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ღონისძიებას მისასალმებელი მიმართვებით გახსნეს ნინო სამველიძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიკა მღებრიშვილმა, საზოგადოება "ბილიკის" გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო ბერიანიძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა და ზურაბ ყაჯრიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა.

მისასალმებელი მიმართვების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალისა და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა CENN-ისა და საზოგადოება „ბილიკის“ მიერ და, ასევე, დაეთვალიერებინა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის „კლიმატის ცვლილება ჩემ გარშემო“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ნამუშევრები.

ინოვაციური ცოდნის ჰაბი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF და Green Lane (სომხეთი) ერთად. პროექტის ამოცანაა აღმოაჩინოს სამეწარმეო პოტენციალი ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტებში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას მეწარმეობის მიმართულებით.

ინოვაციური ცოდნის ჰაბის შექმნასა და ოპერირებას მათ შორის საფუძვლად უდევს საზოგადოება „ბილიკსა“ და CENN-ს შორის, 2021 წლის ნოემბერში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით, მხარეები მიზნად ისახავენ ინოვაციური ცოდნის ჰაბების შექმნასა და მათ ფუნქციონირებას, რაც გამოიხატება სამოქმედო გეგმების მომზადება-განხორციელებში, ერთიანი, უსაფრთხო სამუშაო სივრცის უზრუნველყოფაში გორის ახალგაზრდებისთვის, ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებასა და ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენაში. 

Languages:
რედაქტორი: