European Union External Action

ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა თბილისი მოლში „ადამიანის უფლებათა ფესტივალს“ უმასპინძლეს

12/12/2019 - 07:24
News stories

სამშაბათს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით თბილისი მოლში ჩატარდა ადამიანის უფლებათა ფესტივალი: „იცოდე შენი უფლებები“. ფესტივალის მთავარი მიზანი მოსახლეობისათვის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გაცნობა და ასევე საქართველოში ყველა ადამიანისთვის ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის საყოველთაობა იყო.

 

ევროკავშირის გრანტიორებმა და პარნტიორებმა, როგორებიცაა საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინიციატივა (რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი ახორციელებს), საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (Arbeiter-Samariter-Bund), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN), ინტერაქტიული და სახალისო აქტივობების და ვიქტორინების მეშვეობით საზოგადოებას ადამიანის სხვადასხვა უფლებების და თავისუფლებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

 

„ადამიანის უფლებები ევროკავშირის ყველა ქმედებაში, სხვადასხვა თემატური მიმართულებით დაფინანსებულ პროექტში არის ასახული. ჩვენი მონაწილეობის საშუალებით ვცდილობთ მოვიცვათ სხვადასხვა - ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო თუ კულტურული უფლებების ფართო სფერო,“ - ამბობს ივონ გოგოლი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა დამცველთა საკონტაქტო პირი. „ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა და გრანტიორების გარეშე, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე მეთოდებს იყენებენ, რათა ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და მოაგვარონ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.“

 

საღამო ფლეშ-მობით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ახალგაზრდა მოცეკვავეებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა „ხორუმის“ ფერხულში მოქალაქეებიც ჩართეს, რითაც კიდევ ერთხელ თანასწორობის, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს ხაზი გაუსვეს.

 

ადამიანის უფლებათა დღე

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი 1948 წელს დამკვიდრდა, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელიც ადამიანის თანდაყოლილ და ხელშეუხებელ უფლებებს ყველასთვის აწესებს. წინა მსოფლიო ომების გამოცდილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნები ხელშეუხებელი უფლებების ერთიან დოკუმენტში ასახვაზე შეთანხმდნენ.   2019 წელს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნება სლოგანით: “ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად”.

 

ევროკავშირი და ადამიანის უფლებები

ევროკავშირი დაფუძნებულია თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის, ფუნდამენტურ თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. იგი მზად არის უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ასევე მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • თამარ შავდია, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი, +995 577 991991, tata.shavdia@landell-mills.com
  • თამარ კვარაცხელია, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი, +995 592 887886, tamar.kvaratskhelia@landell-mills.com
Languages:
რედაქტორი: