European Union External Action

საქართველოს იღებს მაღალ შეფასებას მიღწევებისთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა გამოასწოროს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზები

18/10/2019 - 19:50
News stories

ევროკავშირი და გაერო აჯამებენ ოთხწლიან პროგრამას და წარადგენენ დამოუკიდებელ ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორცილების შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის მიღწევები კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით. ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობის, მედიის მრავალფეროვნების, გამჭვირვალე და დემოკრატიული კანონშემოქმედებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

თბილისი. 18 ოქტომბერი 2019 – ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) მოწვევით ჩამოვიდა, დღეს შეაფასა საქართველოს ექვსწლიანი გზა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

შეფასებაში აღნიშნული იყო ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით. მათ შორის, ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დისკრიმინაციასთან ბრძოლა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები და მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვა. ამავდროულად, საერთაშორისო ექსპერტმა წარმოადგინა რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა მიზანია საქართველოს ხელშეწყობა ამ საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკულ განხორციელებაში ადამიანის უფლებების ყოველდღიური დაცვის უზრუნველსაყოფად. პრიორიტეტებს შორის ჩამოთვლილი იყო მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობა, მედიის მრავალფეროვნების დაცვა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა და გამჭვირვალე, დემოკრატიული კანონშემოქმედების განვითარება.

საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის, მიერ მომზადებულმა შეფასებამ საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ყველა ძირითადი სფერო მოიცვა. შეფასება მომზადდა ევროკავშირისა და გეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ოთხმა სააგენტომ - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარიატმა (OHCHR), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) განახორციელა. ამ ყოვლისმომცველი ოთხწლიანი პროგრამის შედეგების შეჯამება საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა.

„ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ქვაკუთხედია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ისეთი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კულტურას დაეფუძნება. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში.“

„ადამიანის უფლებების დაცვა სიტყვებთან ერთად საქმესაც მოითხოვს“, - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეროვნული სტრატეგიის თითქმის  ყველა სფეროში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხი კვლავ გადასაჭრელია. მიმდინარე სტრატეგიის პერიოდის დასრულებამდე ერთი წელი რჩება. დღეს გამოქვეყნებული საერთაშორისო შეფასება დროულ და სასარგებლო საგზაო რუკას სთავაზობს  ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში“.

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივმა პროგრამამ „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებასა და მონიტორინგს. ეს მოიცავდა 2014-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2016-2017, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმებს. ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით ასევე განისაზღვრა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მათ შორისაა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვა და ბავშვთა უფლებების დაცვა.

ევროკავშირი და გაეროს სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა  დამცველ ინსტიტუტებთან. ამ თანამშრომლობის მიზანი იყო ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ახალი კანონმდებლობის მიღება და არსებულის გაუმჯობესება, კანონშემოქმედებაში და სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის განვითარება საზოგადოებაში.

ევროკავშირისა და გაეროს პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში არსებული ვითარების შესწავლა და მონიტორინგი. 2017 და 2018 წლებში ჩატარდა ადამიანის უფლებების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ორი თანმიმდევრული კვლევა, ხოლო 2017 და 2019 წლებში გამოქვეყნდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის დამოუკიდებელი ანგარიშები.      

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის, ანგარიში.

ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა ადამიანის უფლებები ყველასათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
Languages:
რედაქტორი: