European Union External Action

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 12/06/2018 - 18:58, UNIQUE ID: 180612_16
HR/VP speeches

სტრასბურგი, 2018 წლის 12 ივნისი

შესაძლებელია ცვლილებები!

საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის. მადლობა პარლამენტს დღეს ამ დებატებისთვის.

როდესაც ომი მძვინვარებდა, ევროკავშირის შუამდგომლობამ ხელი შეუშალა შემდგომ ესკალაციას და საბოლოოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოიწვია. მას შემდეგ, ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვის პროცესში მთავარ როლს თამაშობს, რეგიონში ყველა ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გრძელვადიანი გადაწყვეტილების მოსაძიებლად.

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, განსაკუთრებულ როლს ვასრულებთ და ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო ხდება. დღეისათვის ჩვენ ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვრბლო წარმომადგენლობა ვართ. მისიამ შეასრულა სტაბილიზაციის შეუცვლელი ფუნქცია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა საზოგადოების სასარგებლოდ.

ამჟამად მისიაში 200-ზე მეტი სამოქალაქო ექსპერტი თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობს. მისიის მანდატს არა მხოლოდ სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესებზე დაკვირვება, არამედ ნდობის აქტიურად აღდგენა, დაძაბულობის შემცირება და ახალი ესკალაციების თავიდან აცილება წარმოადგენს.

ჩვენ მისიასთან ერთად ადგილებზე ვმუშაობთ და ვაგრძელებთ რუსეთის მიერ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების დაგმობას. ცოტა ხნის წინ, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ასევე განაცხადა, რომ ის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს. ჩვენ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ დავგმეთ. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და იგი კონფლიქტის მოგვარების მიღწევას მხოლოდ უფრო ართულებს.

ჩვენ ასევე ვგმობთ მოსკოვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა განამტკიცოს ის, რასაც ადგილზე "ახალ რეალობას" უწოდებს. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის მიერ თვითგამოცხადებულ რეგიონებში სამხედრო შემადგენლობის გაძლიერება და მის მიერ გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აღმართვა.

ყველა ჩვენი ქმედება მიზნად ისახავს რეგიონში ყველა ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას. ეუთოსა და გაეროსთან ერთად კვლავაც ვმართავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, თანათავმჯდომარეობს ამ მოლაპარაკებებზე და განსაკუთრებულ ყურადრებას უთმობს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს.

ამ დისკუსიებში წინსვლა უმნიშვნელოა, განსაკუთრებით, როდესაც ისინი  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების გაუმჯობესებას და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მიუხედავად ამისა, დისკუსიებმა ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შედარებით მართვადობას ხელი შეუწყო.

უპირველეს ყოვლისა, დისკუსიები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მონაწილეებს,  რუსეთის ხელისუფლებიდან დაწყებული, შევახსენოთ - ეს სიტუაცია მიუღებელია. იგი მიუღებელია არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო, არამედ პირველ რიგში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე ამ ორ თვითგამოცხადებულ რეგიონში, დანარჩენ საქართველოში და მთელ რეგიონში.

რასაკვირველია, ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან მიმართებაში ჩვენს სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიებს აღემატება. ეს არის ნამდვილი პარტნიორობა, ძლიერი მეგობრობა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, განვითარების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ გაცვლებს და ასევე ჩვენს ხალხებს შორის ძლიერ მეგობრობას ეფუძნება.

ჩვენი მიდგომა მოიცავს თვითგამოცხადებული რეგიონების ჩართვას საქართველოში მიმდინარე ჩვენს პროგრამებში, როდესაც ეს შესაძლებელია. ამას ჩვენ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული მომზადების პროგრამებში ვაკეთებთ.

თვითგამოცხადებულ რეგიონებში ჩვენ ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს ვეხმარებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მხარეთა შორის ნდობის აღდგენას, როგორიცაა ადამიანებს შორის კონტაქტები, დიალოგის პროცესები და გაცვლები აკადემიურ სფეროში.

ყველა ჩვენი ქმედება ორივე რეგიონში სრულად არის კოორდინირებული და მინდა ხაზი გავუსვა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამშვიდობო ინიციატივის ფონზე ჩვენ ახლა შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობას განვიხილავთ. მაგალითად, თვითგამოცხადებული რეგიონები აშკარად დაინტერესებულია დანარჩენ საქართველოსთან და ასევე დანარჩენ რეგიონთანაც ვაჭრობის გაზრდით. ეს როგორც ადგილობრივი საზოგადოებების, ასევე ყველა ხალხისთვის მთელ რეგიონში  ცხოვრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ჩვენ ასევე განვიხილავთ მობილობის სქემას თვითგამოცხადებული რეგიონების აკადემიური წრეებისთვის და ამას შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივამ, რომელიც მე ახლახანს ვახსენე.

ჩვენი პოლიტიკა არის არაღიარება და ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობა; რაც საქართველოს მთავრობის მიდგომას ზუსტად შეესაბამება.

კონფლიქტმა პირველ რიგში და უმთავრესად ზემოქმედება მოახდინა ამ ორი რეგიონის ხალხზე: მათ არ შეუძლიათ თავიანთი მიწების სრული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება; სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები იკარგება; და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიღმა, კონფლიქტის შედეგების გამო ზიანი მთელ რეგიონს ადგება.

ომიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვწყვეტთ და არ შეწყვეტთ მუშაობას, პირველ რიგში, ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად, და შემდეგ ყველა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მათი განვითარებისა და ღირსებისთვის.

მადლობთ.

იხილეთ ვიდეო: http://ec.europa.eu/avservices/video/player.cfm?ref=I156815

 

Languages: