ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

25.06.2021

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო!

ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ფოთის საზღვაო აკადემიაში ვიმყოფები.

არც ისე დიდი ხნის წინ, მე მოვინახულე ბათუმის საზღვაო აკადემია. დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ აქ, ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ვიმყოფები და შემიძლია მთელი გულით მოგილოცოთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღე!

ვაფასებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში თქვენს მნიშვნელოვან როლს, ზღვაში თქვენს საქმიანობას და აგრეთვე იმ წვლილს, რომელიც თქვენ საკუთარი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და იმიჯის შექმნაში შეგაქვთ.

საზღვაო სექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის, ვინაიდან ჩვენი კონტინენტის დიდ ნაწილი ოკეანეებით არის გარშემორტყმული.

შავი ზღვა ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთისგან კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავი ზღვით სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება პრიორიტეტად დასახა. ეს არის პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელსაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი.

სწორედ ამის გამო, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მდგრად, წესებზე დამყარებულ და უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ევროკავშირი აქტიურად მუშაობდა საქართველოს სატრანსპორტო კავშირებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე.

ევროკავშირის ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გრანტებით აშენდა - ან შენდება - აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალის 156 კმ სიგრძის მონაკვეთი.

წელს, ევროკავშირმა საქართველოს რკინიგზასთან ერთად დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რკინიგზის სექტორის უსაფრთხოების, საოპერაციო თავსებადობის, ორგანიზებისა და რეგულირების გაძლიერებას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო კვანძის, მიმზიდველობას.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და მთავრობასთან იმისათვის, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს.

ჩვენი ექსპერტების დახმარებით, ამ სფეროში ევროკავშირის ბევრი საკანონმდებლო აქტის გადმოღებამ ხელი შეუწყო საზღვაო სექტორში უსაფრთხოების, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები მსოფლიოში უკვე აღიარებულია, ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, სამუშაო პირობები უფრო უსაფრთხო, ხოლო საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. საზღვაო სექტორში მომუშავე ყველა ადამიანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

თუმცა, ჩვენ აქ არ გავჩერდებით. გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებმა, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, მოამზადეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც საზღვაო სექტორის წამყვან მიმართულებებში განსაზღვრავს სტრატეგიული განვითარებისა და ზრდის მიზნებს აღიშნული დარგის გაძლიერებისა და მომავალი გამოწვევებისათვის მისი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეგულარული სატვირთო საბორნე კავშირების განვითარებაზე. ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ - მსოფლიო ბანკთან ერთად - ჩვენ მოვამზადეთ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე  მდებარეობენ.

ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის.

გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!