European Union External Action

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ ევროკავშირის დახმარებით პირველად ჩაატარა ვაკანსიების მონიტორინგი

თბილისი, 15/05/2018 - 12:51, UNIQUE ID: 180515_7
Press releases

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ვაკანსიების მონიტორინგის კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგა. რეგიონული სამუშაო ბაზრის მონიტორინგი, ანუ ვაკანსიების მონიტორინგი ჩაატარა საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური პროექტის სრული მხარდაჭერით.

კვლევა დაიწყო 2017 წლის ნოემბერში. ეს არის პირველი მცდელობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუნიციპალურ ერთეულებში დაინერგოს ვაკანსიების მონიტორინგი. კვლევის მიზანია, სააგენტოს მუნიციპალური ერთეულების ბაზაზე დაინერგოს ევროკავშირში აპრობირებული ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის (vacancy monitoring) მეთოდი. მიდგომა გულისხმობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ამყარებენ კავშირს დამსაქმებლებთან და მოიპოვებენ მათგან ინფორმაციას ადრინდელი, მიმდინარე თუ სამომავლო ვაკანსიების შესახებ. სამომავლოდ კვლევებს რეგულარულად ჩაატარებს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.

 

კვლევამ ცხადყო შრომის ბაზრის ძირითადი ტენდენციები საქართველოში:

  • მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე არის დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზე; მოთხოვნა პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე შედარებით მაღალია რეგიონებში და განსხვავდება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკის მიხედვით; შეუვსებელი ვაკანსიების უმრავლესობა კი მოითხოვს პროფესიულ განათლებას.
  • ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით, დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან ითხოვს საბაზისო განათლებას, 25%  - პროფესიულ განათლებას, 9%  - უმაღლეს განათლებას, ხოლო 8%  განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
  • არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც დამსაქმებლებს წარმოექმნებათ პრობლემები ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებით. კანდიდატებს ან არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგები და აკლიათ კვალიფიკაცია, ან რეგიონში არ არსებობს გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალა.
  • მეორე მიზეზი, რომლის გამოც ვაკანსიები შეუვსებელი რჩება, არის მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები. მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები არ ზრუნავენ ზემოაღნიშნულის გაუმჯობესებაზე და ცდილობენ, დაიქირაონ კანდიდატები დაბალი კვალიფიკაციით და  შეარჩიონ ისინი სხვა რეგიონებიდან.

 

ტექნიკური დახმარების პროექტის შესახებ

ტექნიკური დახმარების პროექტი “EUVEGE” დაფინანსებულია ევროკავსიროს ს მიერ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით. პროექტი მხარს უჭერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს ადამიანური რესურსების გადამზადებაში, პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მართვაში, ასევე რეფორმების შეფასებასა და განხორციელებაში.

პროექტი ემსახურება შრომის ბაზრის მიმართ სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებას, რათა საქართველომ შექმნას მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილები უკეთესი სამუშაო პირობებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • ევროკავშირი საქართველოში, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, თამრიკო მიქაძე, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • დასაქმების/შრომის ბაზრის და პროფესიული განათლების და გადამზადების პროგრამის   კომუნიკაციის ექსპერტი,  თათა საყვარელიძე, 577 424 482
Languages:
რედაქტორის ნაწილი: