European Union External Action

 

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

Tbilisi, 09/11/2016 - 00:00, UNIQUE ID: 161111_11
Press releases

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დამკვიდრება, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ახლახან მიღებული 2016-2017 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპებია.

აღნიშნული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის შიდა ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბა: დანიშნა მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, დააარსა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე კომისია და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დანიშნა გენდერულ საკითხებში საკონტაქტო პირები. ამას გარდა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოლიტიკასა თუ პროგრამებში და სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დანერგვას.

"გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას სამინისტროს ფარგლებში და პარალელურად უზრუნველყოს თანასწორობის დამკვიდრება სამინისტროს ბენეფიციარებს შორის" - განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

კარლო ნატალიმ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დროებით საქმეთა რწმუნებულმა პარალელი გაავლო წინა წლის ოქტომბერში მიღებულ 2016-2020 წლის ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სტრატეგიასთან და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ინსტიტუციონალური კულტურის შეცვლა, როგორიცაა მეტად თანმიმდევრული პოლიტიკა და მეინსტრიმინგი, უფრო ახლო კოორდინაცია და დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ყველა დონეზე და უფრო ეფექტური მონიტორინგი და შეფასება. ამ მხრივ, მან ურჩია საქართველოს მთავრობასა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ გააგრძელონ  ინსტიტუციონალური კულტურის შეცვლისკენ სვლა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებენ. პროექტი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. მისი ძირითადი ამოცანაა გენდერული თანასწორობის პრინციპების გატარება სამინისტროს საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტებში, სახელმძღვანელოებში და პროცედურებში, რომლებიც დევნილთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება.

 

საკონტაქტო პირი: გვანცა ასათიანი

ტელ.:599517371

Email: gvantsa.asatiani@unwomen.org

 

ასევე იხილეთ

Languages:
რედაქტორის ნაწილი: