საქართველო: ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

25.07.2025
ბრიუსელი
EEAS Press Team


ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება. ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს.

რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს  დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.

მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის  ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს.

ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ სვლაში.

Anouar EL ANOUNI
Spokesperson for EU Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 229 13580
Xavier Cifre Quatresols
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 29 73582
+32 (0)460 75 51 56
Pedro FONSECA MONIZ
Press Officer for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)2 291 38 76
+32 (0)460 76 14 96