ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

05.10.2025
ბრიუსელი
EEAS Press Team

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.  

დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა  ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.

ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

დაბოლოს, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.

Anitta Hipper
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 2 298 56 91
+32 (0) 460 76 14 21