North Korea

ერთობლივი განცხადება 2017 წლის ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 08/03/2017 - 15:08, UNIQUE ID: 170307_11
Joint Statements

ევროკავშირი დღესაც ისევე უდგას მხარში ქალებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში, როგორც დაარსების დღეს.

სამოცი წლის წინათ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ჩაბეჭდილ იქნა რომის ხელშეკრულებაში როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ძირეული ღირებულება. იმ დროს, ევროპის მხრიდან თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის პატივისცემა უნიკალური მიდგომა იყო მთელ მსოფლიოში. იქიდან მოყოლებული, ევროკავშირს არ დაუთმია მოწინავე ადგილი და შეძლო თვალსაჩინო წინსვლისთვის მიეღწია ყველა ფრონტზე. დაუღალავად ვშრომობთ ქალთა უფლებების დასაცავად, მათ გასაძლიერებლად დისკრიმინაციისა და გენდერულ საფუძველზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

2017 წელს უფრო მეტი ქალია დასაქმებული, უფრო მეტი ქალი ამთავრებს უნივერსიტეტს და უფრო მეტი ქალი აქტიურობს პოლიტიკაში ან იკავებს მაღალ თანამდებობას ევროპულ კომპანიებში. ევროკომისიაში ქალები მთლიანი სამუშაო ძალის 55%-ს წარმოადგენენ. თუმცა, საკმაოდ ბევრ ქალს ევროკავშირში, განსაკუთრებით მარტოხელა დედებს, კვლავ უჭირთ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. ევროკავშირში ქალთა დასაქმების მაჩვენებელმა 2016 წელს რეკორდულ 65.5%-ს მიაღწია, თუმცა განსხვავება მაინც დიდია, რადგან მთლიანობაში დასაქმებულთა 77% კაცია.

ბევრად მეტია გასაკეთებელი როგორც ევროპაში, ასევე მის გარეთ. ქალები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე დაუცველნი კონფლიქტის, მიგრაციისა და გადაადგილების პირობებში, ან ისეთ ადგილებში სადაც სიღარიბე და კლიმატური ცვლილებები განსაკუთრებით მძაფრია. ამასთანავე, ამჟამინდელი მიგრაციის კონტექსტში, ევროკავშირში მოხვედრილი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

ქალთა მიმართ შეუწყნარებლობა და ქალთმოძულეობა ხშირად იჩენს თავს როგორც საზოგადოებრივ სივრცეში, ასევე ინტერნეტის ანონიმურობას შეფარებულ ლაჩრულ საქციელში. ქალთა უფლებებზე თავდასხმის შემთხვევები მატულობს. ძალიან ბევრ ევროპელს კვლავ მიაჩნია, რომ თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის გამართლება შეიძლება. ქალები ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობის ფრონტის ხაზზე არიან, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, ქალები ხშირად პირველნი ეძიებენ გამოსავალს, იკრებენ ძალას რთულ პერიოდში და საკუთარი ქვეყნის მომავლის ნათელი ხედვა გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი განაგრძობს ქალთა ჯგუფებთან თანამშრომლობას, მათ შორის ისეთ რთულ გარემოებებში, როგორც ავღანეთსა და სირიაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ზომების მიღებას როგორც შინ, ასევე გარეთ. უფრო კონკრეტულად:

  • „სტრატეგიული ჩართულობა გენდერული თანასწორობისთვის 2016-2019“ დოკუმენტის მეშვეობით, ევროკომისია ებრძვის უთანასწორობას ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა სამსახური, ანაზღაურება, გადაწყვეტილებების მიღება და ძალადობა.
  • ევროკომისიამ 2017 წელი მიუძღვნა ქალების და გოგონების მიმართ ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრას.
  • წელს, ევროკომისია წარმოადგენს სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსების ახალ ინიციატივას მშობლებისა და აღმზრდელთათვის.
  • „თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემის“ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეფორმის ფარგლებში, ევროპაში ჩამოსულ მიგრანტ ქალებს, რომელთაც ზიანი მიადგათ და დაცვას ითხოვენ, გაეწევათ სამედიცინო დახმარება, იურიდიული მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური ტრავმის მკურნალობა და ფსიქო-სოციალური ზრუნვა.
  • ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებისა და შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებისას, ევროკომისია გააგრძელებს ადამიანებით ვაჭრობის  აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გენდერული განზომილებისთვის თვალყურის დევნებას.
  • საგარეო ურთიერთობების კუთხით, „გენდერულ საკითხებზე 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე“ დაყრდნობით, ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ქალებისა და გოგონების მხარდაჭერაზე მთელ მსოფლიოში, რომლებიც ვერ იღებენ განათლებას, არ აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების მომსახურებებზე, შრომის ბაზარზე და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ხოლო ყოველივე ამასთან ერთად, დგანან მემკვიდრეობის, მოქალაქეობის და მიწათმფლობელობის დისკრიმინაციული წესებისა და კანონების წინაშე.
  • მთელ მსოფლიოში დახმარების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ევროკომისია გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისას გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის გეგმაზომიერ გამოყენებას.
  • ევროკომისია გააგრძელებს მოწინავე როლის შესრულებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, მათ შორის გენდერული თანასწორობის კუთხით.

არ უნდა შევწყვიტოთ და არც შევწყვეტთ ბრძოლას გენდერული თანასწორობისთვის, ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების დასაცავად და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის მათ გასაძლიერებლად. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ისევე როგორც 60 წლის წინათ, უზრუნველყოს თანასწორობა ქალებისთვის მთელ მსოფლიოში.

 

ხელმომწერები:

პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს თიმერმანსი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი

ბიუჯეტისა და ადამინური რესურსების საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების საკითხებში ევროკომისარი ნევენ მიმიკა

მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი

დასაქმების, სოციალურ საქმეთა, კვალიფიკაციის და სამუშაო ძალის მობილობის საკითხებში ევროკომისარი მარიან თაისენი

ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი

მართლმსაჯულების, მომხმარებელთა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ვერა იუროვა

რედაქტორის ნაწილი: