European Union External Action

 

EEAS content

დღეს ლუქსემბურგში გაიმართა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე  მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის წევრ იოჰანეს ჰანთან; აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა „20 შედეგი 2020 წლისათვის“ ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასებას, თავმჯდომარეობდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი.

შეხვედრა ჩატარდა ერთი წლის შემდეგ ბოლოს გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულებიდან, რომლის დროსაც პარტნიორები ამბიციურ სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ; გეგმა მიზნად ისახავს რეგიონის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას  მათთვის რეალური სარგებლის მოტანით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი მმართველობის, ძლიერი კავშირების და ძლიერი საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად.

უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ აღნიშნა: აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი კომპონენტია. მინისტრების ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი მომენტი იყო არა მარტო ჩვენი განსხვავებული ორმხრივი ურთიერთობების, არამედ ასევე იმ საერთო საქმის განსახილველად, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვახორციელებთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ არა მხოლოდ იმგვარი ეკონომიკური სარგებლის მოტანას, როგორიცაა ვაჭრობის ზრდა ექვსივე პარტნიორ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის, არამედ ასევე ვაძლიერებთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ წინ აღნიშნულის განსახორციელებლად, თუკი კვლავაც გვსურს სათანადო შედეგების მიღება“.

ევროკომისიის წევრმა ჰანმა განაცხადა: "ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ერთობლივად გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი საზოგადოებების გასაძლიერებლად, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის გასამყარებლად და უკეთ დასაკავშირებლად გაუმჯობესებული სატრანსპორტო ქსელების და ინფრასტრუქტურის საშუალებით. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ თანამშრომლობას კონკრეტული შედეგების მისაღებად, კერძოდ იმ სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა“.

გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობის შედეგები მოიცავს შემდეგს:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნა;
  • მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის გაძლიერება და ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდა პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის;
  • ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) საორიენტაციო საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება, რომელიც 2020 წლამდე 5,500 კმ სიგრძის საგზაო და სარკინიგზო პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

გარდა ამისა, მინისტრების შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ მოსაზრებების გაცვლის და აღმოსავლეთ პარტნიორობის დამდეგი მე-10 წლისთავისთვის მზადების განხილვის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის განმავლობაში მთელი რიგი ღონისძიებებით აღინიშნება.

წანამძღვრები

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. 2017 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე პარტნიორები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ რეალური სარგებელი უნდა მოუტანონ მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევაზე ორიენტირებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგის შესახებ იხილეთ ინფოგრაფიკა.

რედაქტორის ნაწილი: