სიკვდილით დასჯაზე უარის თქმა ადამიანის უფლებების დაცვაა

10.10.2020

ევროკავშირი იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემისათვის და სიკვდილით დასჯის გლობალური გაუქმება კვლავ ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ აღვნიშნავთ სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მსოფლიო და ევროპულ დღეს და  ვადასტურებთ ჩვენს მყარ პოზიციას სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ჯერ კიდევ იყენებს სიკვდილით დასჯის განაჩენს. ეს აკნინებს ადამიანის ღირსებას, არღვევს ცხოვრების უფლებას, როგორც ადამიანის უფლებას. ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას, როგორც სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს და მისი გაუქმება არსებითია ადამიანის უფლებების პროგრესული განვითარებისათვის.

სამართლიანია იმის თქმა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე: უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება, რომ სიკვდილით დასჯა არ არის მართლმსაჯულების გონივრული ვარიანტი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნიდან 162-ს არ ქონია სიკვდილით დასჯა მინიმუმ 10 წლის განმავლობაში, 112-მა იგი კანონით გააუქმა. პირველად თითქმის ათწლეულის განმავლობაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შემცირდა სიკვდილით დასჯის გამომყენებელი ქვეყნების რიცხვი, ამავდროულად, 2019 წელს სიკვდილით დასჯა შვიდ ქვეყანაში მოხდა.

აფრიკის კავშირის 54 წევრიდან 47 ქვეყანაში ბოლო 10 ან მეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა სიკვდილით დასჯა, 22-მა ქვეყანამ სიკვდილით დასჯა კანონით გააუქმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯა მოხდა აფრიკის მხოლოდ ხუთ ქვეყანაში. ესენია: ეგვიპტე, სომალი, ბოტსვანა, სუდანი და სამხრეთ სუდანი.

ევროკავშირი ევროსაბჭოსთან აერთიანებს ძალისხმევას და ერთობლივ განცხადებაში მიესალმება ”(...) სიკვდილით დასჯის გამოყენების უწყვეტ შემცირებას, რაც განამტკიცებს მსოფლიო მასშტაბით მისი გაუქმების ზოგად ტენდენციას. 2019-ში, ზედიზედ მეორე წელს, სიკვდილით დასჯა მსოფლიოს მხოლოდ 20 ქვეყანაში განხორციელდა. ეს ისტორიული მინიმუმია, მაგრამ ამის მიუხედავად, 20 ქვეყანა ძალიან ბევრია.”

სასტიკი რეალობა კვლავ ნარჩუნდება და 2019 წელს საუდის არაბეთმა სიკვდილით დასაჯა რეკორდული რაოდენობის ადამიანი.

სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მსოფლიო კოალიციამ ეს წელი ეფექტიანი სამართლებრივი წარმომადგენლობის უფლებას მიუძღვნა. ფინანსური ბარიერები ხშირად უმთავრესი დაბრკოლებაა ყველაზე დაუცველებისათვის, რადგან ისინი უსამართლო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და თავს ვერ იცავენ. ევროკავშირი და ევროსაბჭო ითხოვენ წარმომადგენლობის უფლების პატივისცემას: „მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემებმა უზრუნველყონ რესურსები ეფექტიანი დაცვის მოსამზადებლად, საჭიროების შემთხვევაში სწორი წერითი და ზეპირი თარგმნის სერვისების ჩათვლით“.

Remote video URL

ქვეყნების გამოცდილებამ, რომლებმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა, აჩვენა, რომ იგი ძალადობრივ დანაშაულებს არ აკავებს და არც უფრო უსაფრთხო საზოგადოების შექმნას უწყობს ხელს. პირიქით, მკვლელობა, როგორც სასჯელი, უაზრო ძალადობის ციკლს აგრძელებს.

https://twitter.com/JosepBorrellF/status/1182203259534086144

სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ევროპელობასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია.

პირველ რიგში, სიკვდილით დასჯის გაუქმება არის კავშირის წევრობის წინაპირობა.

მეორეც, ევროკავშირს აქვს სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო ძლიერი და ცალსახა პოზიცია და იგი სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე წამყვანი ინსტიტუციური აქტორია. 2013 წელს საბჭომ მიიღო ევროკავშირის სახელმძღვანელო მითითებები სიკვდილით დასჯის მიმართებაში, რომელშიც აღწერილია ევროკავშირის ვალდებულება მისი გაუქმების შესახებ.

ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკაცია, რომელშიც შედის ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით 2020-2024 წლებში, სადაც მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმება ამომავალ წერტილს წარმოადგენს. იმ დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა თქვა: ”დღეს ჩვენ გთავაზობთ ამბიციურ გეგმას მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დასაცავად, ჩვენი ყველა რესურსის უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოყენებით”.

https://twitter.com/JosepBorrellF/status/1242790846040281088

მესამე, ევროკავშირი უჭერს მხარს ერთობლივ მიდგომას ადამიანის უფლებების დასაცავად. გაეროს დონეზე ჩატარებული სამუშაოები, განსაკუთრებით, 2007 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც სიკვდილით დასჯის გამოყენების მორატორიუმის დაწესებისკენ მოუწოდებდა, მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ამ პროცესს თან სდევდა შემდგომი მსგავსი რეზოლუციების მზარდი მხარდაჭერა, რომელიც  ორწლიანი გახდა, და ეს არის მთელ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმების გლობალური ტენდენციის მაჩვენებელი.

სიკვდილით დასჯის გაუქმების მიზნით ევროკავშირი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, უწევს მათ დახმარებას, ფინანსური დახმარების ჩათვლით.

ევროპის საბჭოსთან ერთად ევროკავშირი მოუწოდებს ბელარუსს, ერთადერთ ქვეყანას ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ არის სიკვდილით დასჯა, გააუქმოს იგი და “შეუერთდეს იმ ქვეყნების დიდ უმრავლესობას, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ ამ სასტიკ და არაადამიანურ პრაქტიკაზე უარი თქვეს“.

სიკვდილით დასჯის გაუქმების ადვოკატირება არ არის შემწყნარებლობა დანაშაულის ჩამდენთა მიმართ, ეს არის უსასტიკეს და არაადამიანურ სასჯელზე უარის თქმა. ევროკავშირი მტკიცედ გააგრძელებს ამ პოზიციის გამოხატვას და დაეხმარება მათ, ვინც მხარს უჭერს სიკვდილით დასჯის გაუქმებას მთელ მსოფლიოში.

 

 


Იხილეთ ასევე