British Indian Ocean Territory and the EU

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 10 დეკემბერი, 2016

Bruxelles, 09/12/2016 - 09:20, UNIQUE ID: 161209_11
Statements on behalf of the EU

10 დეკემბერს, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავენ. იმის გათვალისწინებით, რომ უთანასწორობა და ადამიანის უფლებათა შელახვა კვლავ წარმოადგენს მზარდ გამოწვევას მთელ მსოფლიოში, ხოლო კონფლიქტი გრძელდება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა სირია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ძალისხმევის გაორმაგება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. სწორედ ამიტომ, წელს, ვუერთდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხისადმი მოწოდებას – იბრძოლეთ სხვისი უფლებების დასაცავად.

ამ უფლებათა დაცვისათვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის განუხრელი მოვალეობაა. შთაგონებისთვის საკმარისია იმ ადამიანის უფლებათა დამცველების მაგალითი, რომლებიც უამრავ ქვეყანაში გაბედულად უპირისპირდებიან მზარდ წნეხსა და საფრთხეებს. ევროკავშირს განზრახული აქვს მათი დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის ხელშეწყობა. ევროკავშირის წარმომადგენლები ყველა დონეზე, ამ მიზნის მისაღწევად ხვდებიან ადამიანის უფლებათა დამცველებს, თვალყურს ადევნებენ მათ სასამართლო პროცესებს, ხვდებიან დაპატიმრებულებს და მთავრობების ყურადღებას ამახვილებენ მათ საქმეებზე. 2016 წელს, “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHR) საგანგებო ფონდის მეშვეობით, ევროკავშირმა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა 250-ზე მეტ ადამიანის უფლებათა დამცველსა და მათ ოჯახებს, რომლებიც რისკის წინაშე იყვნენ ყოველდღიური საქმიანობის გამო.

თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა თავისთავად აუცილებელია, თუმცა ამასთანავე, ევროკავშირი ერთობლივად განაგრძობს წამყვანი როლის შესრულებას წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგის წახალისებაში, რომლის ძირითად არსს ადამიანის უფლებათა პატიცისცემა წარმოადგენს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სტავროს ლამბრინიდისი აქტიურად ახდენს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. ამასთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობები თავდაუზოგავად მუშაობენ ადამიანის უფლებათა დასაცავად მასპინძელ ქვეყნებში. ევროკავშირი კვლავ რჩება ადამიანის უფლებათა გულმოდგინე დამცველად საერთაშორისო ფორუმებზე და სრულ მხარდაჭერას უცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემას, რაც ძირეულად მნიშვნელოვანია ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვისა და მათი აღსრულების მონიტორინგისათვის.

მომავალ წელს, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 2016 წლის ივნისში ამოქმედებულ “ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის” ახალი “გლობალური სტრატეგიის” განხორციელების პროცესს, რომლის თანახმადაც ავიღეთ ადამიანის უფლებათა პატივისცემის გაღრმავების ვალდებულება როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს აგრეთვე მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფას მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ევროკავშირის მიერ მიგრაციისა და განვითარების სფეროში განხორციელებული ყველა ქმედების კუთხით. ამასთანავე, შევაფასებთ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სფეროში 2015-2019 წლების ამბიციური სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს. პარალელურად, კვლავ დავადასტურებთ მტკიცე გადაწყვეტილებას წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის, ისევე როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირის დირექტივების გადახედვისა და აღნიშნულ საკითხებზე არსებული პოლიტიკის ეფექტის კიდევ უფრო გაძლიერების მეშვეობით.

როგორც დღეს, ისევე წლის ყოველ სხვა დღეს, ევროკავშირი იდგება ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე მთელ მსოფლიოში და სრულ მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ ადამიანს ვინც იგივეს მოიმოქმედებს. 

რედაქტორის ნაწილი: