Aruba and the EU

ჯოსეფ ბორელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა

01/12/2019 - 09:10
ახალი ამბები

1 დეკემბერს, ჯოსეფ ბორელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ევროპარლამენტში 27 ნოემბერს ჩატარებული კენჭისყრისა და ევროპის საბჭოს მიერ დანიშვნის შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს ახლადარჩეული ევროკომისია საქმიანობას შეუდგა.


ესპანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოსეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ევროკომისიას აგრეთვე ახალი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უხელმძღვანელებს.

 

უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი, ჯოსეფ ბორელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სათავეში იქნება. როგორც ეს ევროკომისიის ახლადარჩეული პრეზიდენტის  წერილში არის ნათქვამი,  ევროპის ლიდერობის საჭიროება მსოფლიოში არასდროს ყოფილა ისე გაცხადებული, როგორც ამჟამად. ამიტომ, ევროპამ უნდა გამოიყენოს თავისი დიპლომატიური და ეკონომიკური სიძლიერე გლობალური სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

 

უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოსეფ ბორელმა, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გაკეთებულ პირად განცხადებაში აღნიშნა, რომ  ევროკავშირის კიდევ უფრო მძლავრ, მსოფლიოზე ორიენტირებულ აქტორად ჩამოყალიბების პროცესში, იგი იხელმძღვანელებს ისეთი პრინციპებით, როგორიცაა რეალიზმი, ერთიანობა და პარტნიორობა. მან განაცხადა, რომ ევროკავშირს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია. „ჩვენყველა საჭირო ინსტრუმენტი და რესურსი გვაქვს - იქნება ეს დიპლომატია თუ ვაჭრობა, განვითარების სფეროში თანამშრომლობა თუ კრიზისების მართვა. ჩვენ გლობალურ წესებსა და სტანდარტებს ვადგენთ და ვმოქმედებთ, როგორც მულტილატერალიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგული დამცველი. აღნიშნული შესაძლებლობების ერთობლიობა, მსოფლიო გამოწვევებზე რეაგირების საკითხებში ჩვენს წამყვან როლს განაპირობებს და ამასთან, შემდგომი განვითარების  გზასაც გვიჩვენებს.

ევროპარლამენტში მოსმენის დროს, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მზადაა დასავლეთ ბალკანეთის რეფორმებში ჩაერთოს, უკრაინის მთლიანობას და მის დემოკრატიულ განვითარებას მხარი დაუჭიროს, სამხრეთ სამეზობლოში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება მოახდინოს, აფრიკის მიმართებაში ახალი სტრატეგია შეიმუშაოს, აგრეთვე აზიასთან პოლიტიკურ ურთიერთობებზე იმუშაოს, ლათინურ ამერიკასთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები განამტკიცოს.

”ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და სოციალური ერთობის საუკეთესო კომბბინაციას. აგრეთვე,  გვაქვს რესურსები, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა და ძლიერი ინსტიტუტები. ყოველივე ეს ჩვენი დასაყრდენი უნდა იყოს. ” - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა, რომელსაც დავალებული აქვს მუშაობა ევროპის გაძლიერებისთვის მსოფლიოში, ყურადღება ევროპის როლის განმსაზღვრელ რამდენიმე ძირითად ელემენტზე გაამახვილა. „ჩვენ ვართ წამყვანი ნორმატიული ძალა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წესებსა და სტანდარტებს განსაზღვრავს. ძლიერი საერთო სავაჭრო პოლიტიკა გაგვაჩნია. ძლიერია, რადგანაც საერთოა. ვართ ნამდვილი ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელიც მდგრადი განვითარების თაობაზე ახალ გლობალურ კონსენსუსს წარმოადგენს. ჩვენი ბიუჯეტი, წევრი სახელმწიფოების ბიჯეტებთან ერთად, ფინანსურ სუპერ-ძალად გვაქცევს, ხოლო ჩვენი დიპლომატიური შესაძლებლობები ყველაზე ძლიერია მსოფლიოში.”                            

ჯოზეფ ბორელმა პირობა დადო, რომ იმუშავებს ევროკავშირის ყველა წევრ სახლმწიფოსთან უფრო მეტი ერთობის მისაღწევად, რათა ევროპამ გეოპოლიტიკურად შესაბამისი პოზიცია დაიკავოს.


პარტნიორობასა და მულტილატერალიზმზე, როგორც ევროპის „კოლექტიური დნმ-ის“ შემადგენელ ნაწილზე საუბრისას, მან აგრეთვე ხასგასმით აღნიშნა, რომ  აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი დაპირისპირების პროცესში ევროკავშირმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. „წესებზე დამყარებულ მულტილატერალიზმს და ჩვენს საკუთარ მიდგომას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ამ ორს შორის არ გავიჭყლიტოთ.  წესებზე დამყარებული სისტემის რეფორმირება შესაძლებელია და აუცილებელიც, მასზე უარი არ უნდა ვთქვათ.”- განაცხადა  ბორელმა.

 

როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი პასუხისმგებელია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე. იგი აგრეთვე ევროპული თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობს. „თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია, თუმცა ზოგჯერ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან ძალიან შორს წარმოიქმნება.”- აღნიშნა ბორელმა. „ამ სფეროში ძალიან ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ უფრო გამოსადეგი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.”

 

მსოფლიოში უფრო სტრატეგიული, თავდაჯერებული და ერთიანი ევროპისკენ სწრაფვის პროცესში, უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბორელი დაეყრდნობა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს და აგრეთვე, ევროკავშირის 140-ზე მეტ წამომადგენლობას მსოფლიო მასშტაბით.

 

ჯოზეფ ბორელი შეცვლის ფედერიკა მოგერინის, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2014-2019 წლებში ეკავა.

 

რედაქტორი: