Delegation of the European Union to Peru

საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდულ სტარტაპ პროექტებს ევროკავშირის გრანტი გადაეცათ

18/06/2021 - 08:07
News stories

ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) პროექტის „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში“ (SEAG) ფარგლებში, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსების მისაღებად 12 ახალგაზრდული სტარტაპ პროექტი შეირჩა. მთლიანობაში, 2020 წლის დეკემბრიდან SEAG-ის პროექტის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 68 ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და სტარტაპმა მიიღო.   

გამარჯვებული ახალგაზრდული სოციალური საწარმოების პირველ ჯგუფს წარმოადგენენ: „კაფუნე“, „კოდალა“, „ცოდნის კაფე“, „ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და შრომითი მიგრაციის პრევენციის ცენტრი“, „მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი“, „ნუცარტი“ და „ჯულია“, რომლებიც ოპერირებენ: ტურიზმის, ჰორეკას, ხელნაკეთი ნივთების, სათამაშოების წარმოების, საგანმანათლებლო, კერვისა და მექანიზაციის მიმართულებით. აღნიშნული საწარმოები უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, დასაქმების, ყოფილი ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, სოციალური სივრცის შექმნის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობის და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური მისიის განხორციელებას.

აღნიშნულ შვიდ გამარჯვებულ ახალგაზრდა სოციალურ მეწარმესთან საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალი 16 ივნისს, ქალაქ რუსთავში მდებარე, ერთ-ერთ გამარჯვებულ სოციალურ საწარმოში, კაფე „კაფუნეში“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ადგილობრივი მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები. სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ღია და კონსტრუქციულ გარემოში გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები და იდეები საქართველოში ახალგაზრდა სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

სოციალური მეწარმოება წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რათა განავითარონ არსებული ან დააფუძნონ სოციალური მიზნის მქონე მდგრადი ბიზნესი. ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდებს განავითარონ მდგრადი სოციალური საწარმოები და დღევანდელი გამარჯვებულები წარმოადგენენ ამ მიზნის მიღწევის ნათელ მაგალითს“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერმა, ნინო სამველიძემ.

ეს არის უნიკალურ შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით დღეს არსებულ COVID-19 პანდემიის პირობებში, ჩამოაყალიბონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი და გადაჭრან იმ საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“ - განაცხადა SEAG პროექტის დირექტორმა, გიგა სარუხანიშვილმა.

ევროკავშირს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესისათვის. ცხადად ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტები ახალგაზრდებისათვის არის ეფექტური და სარგებლის მომტანი. ის ჩვენ გვაძლევს არაერთ შესაძლებლობას და ხელს გვიწყობს ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ მივიღეთ SEAG-ის პროექტის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენი სოციალური საწარმოს შემდგომ განვითარებას. ამ პროექტმა ჩვენ მოგვცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ქალაქ რუსთავში გაგვეზარდა ჩვენი სოციალური მისიის გავლენა“ - ხაზი გაუსვა სოციალური კაფე „კაფუნე“-ს დამფუძნებელმა, ლუკა კობერიძემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ 2020 წლის იანვრიდან ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის მე-2 ფაზის ფარგლებში ხორციელდება მერსი ქორფს ევროპის მიერ, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციისა (ABCO) და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია Development Principles-ის (DP) მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში. პროექტი უნიკალურ შანს აძლევს საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში განავითარონ არსებული ან დაიწყონ ახალი ბიზნესი, ჩამოაყალიბონ მიზანზე ორიენტირებული სოციალური საწარმო, მიაღწიონ მის მდგრადობას და ამავდროულად უზრუნველყონ არსებული სოციალური პრობლემების მოგვარება.

პროექტის პრიორიტეტია თანამშრომლობა ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან და იმ საწარმოებთან, რომლებიც ყველაზე მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ.


 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • გიგა სარუხანიშვილი, SEAG პროექტის დირექტორი, gsarukhanishvili@mercycorps.org
  • ელენე ამაღლობელი, SEAG პროექტის ასისტენტი კომუნიკაციების მიმართულებით, seag.geo@gmail.com   
Languages:
რედაქტორი: