Delegation of the European Union to Morocco

ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი, კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისის სწრაფად დასაძლევად, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფენ

თბილისი, 21/12/2020 - 13:00, UNIQUE ID: 201221_9
Press releases

•    ევროკავშირის ბანკი და პროკრედიტი ქმნიან 10 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.
•    ევროპის საინვესტიციო ბანკი და პროკრედიტი თანხმდებიან, მსგავსი საკრედიტო ხაზები გამოყონ უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო), რაც საერთო ჯამში კომპანიებისთვის 55 მილიონი ევროს მხარდაჭერას უზრუნველყოფს.   
•    აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე ევროპის გუნდის საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, ევროკავშრის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობის და ბიზნეს ოპერაციების შენარჩუნებაში და ეკონომიკის აღდგენაში

ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, პროკრედიტ ჯგუფს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შექმნას ახალი საკრედიტო ხაზი და დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო ხაზები სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში

აღნიშული ინვესტიცია არის პროკრედიტთან დადებული 55 მილიონი ევროს რეგიონალური შეთანხმების ნაწილი, რომლითაც მსგავსი საკრედიტო ხაზები ასევე შეიქმნება პროკრედიტ ჯგუფში უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო). ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ სამეზობლოს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში კოვიდ-19-ის კრიზისის სწრაფად დაძლევას.

ეს ტრანზაქცია უზრუნველყოფს საქართველოში კომპანიების საჭირო დაფინანსებას მიმდინარე პანდემიით შექმნილი საბრუნავი კაპიტალის პრობლემების გადასაჭრელად. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მის შესაძლებლობებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა:ევროპის გუნდი აგრძელებს კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას, აძლიერებს რა ამ რთულ დროს პან-ევროპულ სოლიდარობას. პროკრედიტ ბანკთან ერთად ჩვენ შევქმენით დაფინანსების ახალი წყაროები სწორედ იმ დროს, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გადასარჩენად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა უფრო მეტმა კომპანიამ მიიღოს სარგებელი ჩვენი ძალისხმევიდან, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების ზრდისა და განვითარებისაკენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა:პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს.

პროკრედიტის ჯგუფის დამფუძნებელმა კომპანიის, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის მენეჯმენტმა აღნიშნა:ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან კარგად დამყარებული ურთიერთობების წყალობით, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამ მშფოთვარე თვეებში ჩვენ შევძელით მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიანი დახმარება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ხაზები ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში, ლიკვიდურობის მოკლევადიანი დეფიციტის დასაძლევად და ხელს შეუწყობს ადგილობრივ ვალუტაში საჭირო ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ ველით, რომ ეს ამ ქვეყნების ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და უახლოეს წლებში მათი ეკონომიკის აღდგენას ხელს შეუწყობს. გვჯერა, რომ ეს სტიმულს მისცემს სტრუქტურული ძალისხმევით განხორციელებულ ინვესტიციებს, რომლებიც კლიმატ-გონივრულია და სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადია.

ევროპის გუნდი: პან-ევროპული სოლიდარობის გაძლიერება კრიზისის დროს 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია ევროპის გუნდის კოვიდ-19 პანდემიაზე პირდაპირი რეაგირების ნაწილია და იგი ხელს უწყობს ევროკავშრის აღმოსავლეთ სამეზობლოში ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას. ეს მხარდაჭერა გააძლიერებს მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს, რომლებიც აღნიშნული სამი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და დასაქმების ძირითადი წყაროა.

ევროკავშირის გარანტიით, ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ პროკრედიტის ჯგუფისთვის უზრუნველყოფილი სესხი შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბანკებს, გაზარდონ საკუთარი საკრედიტო საქმიანობა, ქვეყნების საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  

საკრედიტო ხაზები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება კოვიდ-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს ევროპის გუნდის ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში აღმოსავლეთ სამეზობლოში პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად

რედაქტორების საყურადღებოდ:

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი და აღმოსავლეთ სამეზობლო:

აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებისთვის - ბელარუსისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და საქართველოსთვის სესხების უზრუნველყოფით, ევროპის საინვესტიციო ბანკი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ ქვეყნებში აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ჩვენი პროექტები ავითარებენ კერძო სექტორს და ქვეყნების მდგრადობას კლიმატის ცვლილების მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობებს ამ ქვეყნებს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის

აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკი ორიენტირებულია ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინოვაციების მხარდაჭერასა და ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგიის უზრუნველყოფაზე

კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები, პარიზის შეთახმების შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი დაფინანსებით, ჩვენ ვასრულებთ კატალიზატორის როლს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების შესასრულებლად საჭირო დაფინანსების მოზიდვის საქმეში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ გადადით  ამ ბმულზე

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ:

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, არის განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის დამფუძნებელი კომპანია. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკებისგან. რეგიონში ძლიერი წარმომადგენლობის გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდსwww.procredit-holding.com.

საკონტაქტო ინფორმაცია
 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი
ტიბორ იონა, t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052
ვებ-გვერდი: www.eib.org/press - პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org
 

პროკრედიტ ჰოლდინგი:
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციები, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ: +49 69 951 437 138, Andrea.Kaufmann@procredit-group.com

Languages:
რედაქტორის ნაწილი: