არჩევნების მედიამონიტორინგი: არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება

29.10.2020

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიის თითქმის ყველა სეგმენტში პოლარიზება მატულობს

31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო პროცესის მედია-გაშუქება მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება. ასეთია მედიამონიტორინგის ანგარიშის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს. ზაფხულის პერიოდთან შედარებით, 1 სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში, ხოლო ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით.   პოლარიზება იზრდება სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.  ჟურნალისტური სტანდარტები მეტადაა დაცული ონლაინ მედიაში, რომელიც საარჩევნო მოთამაშეების ფართო სპექტრს აშუქებს და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას ერიდება. რამდენიმე ონლაინ მედია-საშუალებაში შეიმჩნევა მმართველი პარტიის მხარდაჭერისა და სხვა პარტიების დისკრედიტირების ტენდენცია.  რადიო ინარჩუნებს გაშუქების ნეიტრალურობასა და დაბალანსებულობას, თუმცა, მისი გავლენა საგრძნობლად დაბალია მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით. უმეტესწილად, რადიო საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ექსკლუზიურ  სარედაქციო კონტენტს არ სთავაზობს მსმენელს. ყველა მედია სეგმენტში გაზრდილია საარჩევნო პროცესის გაშუქების მრავალფეროვნება, ხოლო დისკრიმინაციული ენისა და გენდერული სტერეოტიპების გამოყენება უფრო იშვიათად შეიმჩნევა. თუმცა, საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ყველა ტელევიზია აშუქებს შესაძლო უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე. ამ მხრივ, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს (EU), რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). დასავლეთის სახელმწიფოებისა და გაერთიანებების გავლენა უმეტესწილად დადებითად ფასდება.

„მედიის კვლევა მეტად მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „იმედი გვაქვს, რომ მომავალში არჩევნების ანალიტიკურ გაშუქებას უფრო მეტად ვიხილავთ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წელს არჩევნების გაშუქება უფრო გაწონასწორებული ტონითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა“, - დასძინა მან.

„მედიამონიტორინგის მეორე შეუალედური ანგარიში ასახვს მზარდ პოლარიზებას და არჩევნების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობას. თუმცა, მისასალმებელია, რომ დისკრიმინაციული ენის გამოყენება შემცირებულია, ხოლო ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობა ვერ აღწევს შედეგს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ასევე სასიხარულოა, რომ ონლაინ მედია გაცილებით უფრო იშვიათად მიმართავს გენდერული სტერეოტიპების გამოყენებას“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. მედიამონიტორინგი მოიცავს 43 მედია საშუალებას - 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას.  ტრადიციულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან ერთად, წლევანდელი კვლევა ასევე სწავლობს, თუ როგორ იყენებენ ქართული მედია-საშუალებები სოციალურ მედიას, კერძოდ ფეისბუკს, აუდიტორიასთან დასაკავშირებლად, და რა სახის მედია-კონტენტი ზიარდება ფეისბუკის გვერდებსა და ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების გვერდებზე.  წლევანდელი მედიამონიტორინგის კიდევ ერთი დამატებითი თემაა საქართველოს არჩევნებზე უცხოური გავლენის გაშუქება ქართულ მედიაში.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი საარჩევნო პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება. საბოლოო ანგარიშები გამოქვეყნდება 2020 წლის ბოლოს და ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: http://www.mediamonitor.ge/