Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები მოსახლეობას Covid-19 პანდემიის გამოწვევების დაძლევაში ეხმარებიან

29/05/2020 - 08:06
News stories

სოფელი მირზაანი, დედოსფლისწყაროდან 22 კილომეტრში მდებარეობს. კვირაცხოვლობის დედათა მონასტერი იქ 2018 წელს გაიხსნა. მონესტერში სულ ოთხი დედაოა, მათ სამკერვალო სახელოსნო გააკეთეს და ვისაც ჭრა-კერვა ეხერხება სოფელში, დაინტერესებულ ახალგაზრდებს და ქალბატონებს ხელსაქმეს ასწავლიან.
 
ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბოლოს სახელოსნოში სივრცე აღარ ყოფნიდათ და არც პროფესიონალური საკერავი მანქანა ჰქონდათ. ამიტომ 2019 წელს პროექტი დაწერეს და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მიმართეს. პროექტმა გაიმარჯვა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორი პროფესიონალური საკერავი მანქანა შეიძინეს.
 
იღუმენია ნინო გვიყვება, რომ ახალ მანქანებს მუშაობა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. სოფელში  პატარა სუვენირების მაღაზიის გახსნას აპირებენ, რადგან  ადგილი ტურისტულად დატვირთულია, იქვეა ცნობილი მხატვის ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმი. სუვენირებზე მოთხოვნაც დიდია. ეს ყველაფერი რომ გაივლის, ვფიქრობ, სამ ადამიანს შევძლებთ, რომ დავასაქმოთ ჩვენთან. მერე ვნახოთ.“
 
პანდემიის დაწყებიდან მალევე, მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა. დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.  
 
ანა ბენაშვილი, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, „დედოფლისწყაროში, პანდემიამდე, რამდენიმე სახელოსნო დავაფინანსეთ და უპირატესობა მათ მიენიჭათ ვინც ჩვენი ბენეფიციარი იყო. დედაოების პროექტმა გაიმარჯვა. ორ კვირაში მოხდა გამოცხადება, გამარჯვება და პირადეების შეკერვა. დედაოებმა რამდენიმე დღეში 5000 ცალი მრავალჯერადი პირბადე შეკერეს. შემდეგ მუნიციპალიტეტეს გადავეცით და შესაბამისი ინსტრუქციით დაურიგეს მოწყვლად ჯგუფებს, მოხუცებს და ა.შ. ასევე გავავრცელეთ საინფორმაციო ბუკლეტები, Covid-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე.“
 
დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს 2017 წლიდან 100-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული, როგორიცაა:  რძის გადამამუშავებელი საწარმო, სოფლის მეურნეობის სხვა არაერთი ინიციატივა, ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები, მექანიზაცია, საოჯახო სასტუმროები, ჩირის საწარმო და სხვა. აქედან დღეისთვის დასრულებულია 50 პროექტი.
 
საქართველოში სულ 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფია. ისინი  რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადსხვა აქტივობებს ახორციელებენ. ევროკავშირის ENPARD-ის პრექტების ფარგლებში, პანდემიასთან გასამკლავებლად ყველა მათგანმა სხვადასხვა აქტივობა დაგეგმა და განახორციელა.
 
„ევროკავშირი საქართველოში მხარს უჭერს ადგილობრივი განვითარების მეთოდს, რომლის თანახმად თემის წევრები ერთად განსაზღვრავენ საკუთარ საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებს. რესურსების გაერთიანება და გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება საზოგადოებრივ დონეზე დემოკრატიას აძლიერებს, შესაბამისად, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მხარდაჭერით, ევროკავშირი ხელს უწყობს გადაწყვეტილებების ქვემოდან-ზემოთ მიღების დემოკრატიულ პროცესს. ეს მიდგომა განსაკუთრებით საჭირო აღმოჩნდა საქართველოში კორონავირუსით განპირობებულ ახალ გარემოში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საჭიროებები განსხვავებულია, ამიტომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა სწრაფად იმოქმედეს ადგილზე პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად, რათა მოსახლეობისთვის Covid-19-ით გამოწვეული ახალი კომპლექსური ვითარება შეემსუბუქებინათ,“ აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი. 
 
“ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს შეეხო. კრიზისის დაწყებისთანავე, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა წევრებისა და რესურსების მობილიზება ენერგიულად მოახდინეს, რათა საკუთარ თემებში მოწყვლადი მოსახლეობისთვის მატერიალური და მორალური დახმარება გაეწიათ, ზოგჯერ საკუთარი რისკის ფასად. როგორც ჯერ კიდევ ახლადჩამოსული საქართველოში, მე აღფრთოვანებული ვარ ამ ჯგუფების საზოგადოებრივი სულისკვეთებით და მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობით, ასევე მათი უნარით მობილიზდნენ და სიახლეები დანერგონ, ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ნათელია, რომ ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომა საქართველოში წარმატებით მუშაობს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ძალისხმევას ხელი შევუწყოთ მის განვითარებას მომდევნო წლებშიც,“ ამბობს ჟორჟ დეუ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.
 
 
 
 
გარი გალსტიანი ახალქალაქიდანაა, მან ქართული ენის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. „აქ ვისწავლე უფასოდ ქართული ენა, ვსაუბრობთ ჩვენ ინტერესებზე. გუნდური მუშაობაც მომწონს, უფრო კარგია ვისაუბროთ და ვილპარაკოთ ჩვენ ინტერესებზე.“ ეს შესაძლებლობა გარის მას შემდეგ მიეცა, რაც ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ტრენინგ ცენტრი გააკეთა და ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. ცენტრში ახალგაზრდებს ინგლისური და ქართული ენების შესწავლა შეუძლიათ.
 
ახალქალაქის  მოსახლეიბის 93,8% ეთნიკურად სომეხია. მათთვის ძირითადი სამუშაო ენა უმეტეს შემთხვევაში რუსულია. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა 2019 წლიდან მოსახლეობას უფასო კურსები შესთავაზა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალქალაქის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირებაა. ენის კურსების გარდა მათ შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ბუღალტერია და ფინანსები.
 
მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსი გამოჩნდა და ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა, კურსების შეჩერება მოუწიათ, თუმცა მალევე ონლაინ გაკვეთილებზე გადავიდნენ.
 
„პირველ რიგში, როგორც კი ვირუსის გავრცელების პრევენციის რეკომენდაციები დაიწყო, stopcov.ge-ზე  არ იყო ინფომრმაცია სომხურ ენაზე და პირველი 3 კვირის განმავლობაში მოსახლეობას ინფორმაციას სომხურ ენაზე ოპერტიულად ვაწვდიდით. შემდეგ დავიწყეთ, დისტანციურად ონლაინ  ენის გაკვეთილები, ეს ყველა კურსი უფასოა, ENPARD-ის პრექტის ფარგლებში. დაახლოებით 30 მოსწავლე გვყავს კურსზე,“ ამბობს ქეთევან რუხაძე, პროექტის კოორდინატორი.  
 
ახალაქალქში, საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ 42 პროექტია დაფინანსებული.
 
____
 
უკვე მეორე თვეა, ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, საქველმოქმედო ინიციატივა დაიწყო და დღემდე აგრძელებს.
 
82 წლის, გალინა ნავერიანი დაბა მესიტაში ცხოვრობს. ის მარტოხელა მოხუცია. გალინა იმ 126 ადამიანიდან  ერთ-ერთი ბენეფიციარია, ვინც ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან დახმარება მიიღო. „ასეთი ყურადღება, მარტოხელა ქალისთვის დიდი დახმარებაა. ყველაზე ვლოცულობ, რომ ცუდად არავინ გახდეს.“
 
საქველმოქმედო აქცია, სვანეთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა და ახალგაზრდულმა ფრთამ Covid-19-ის  პანდემიის შედეგად გაჩენილი გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმა. #შეიძინე მათთვის ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება, აქცია ახლაც გრძელდება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მესტიაში, სასურსათო მაღაზიებში პროდუქტების დატოვება.  ასევე ხდება თანხის შემოწირულობების შეგროვებაც.
 
დახმარება უკვე მიიღო 126 ადამიანმა, მათ შორის მოხუცებმა და შშმ პირებმა.
 
„როდესაც 70 წელზე ზემოთ ადამიანების გარეთ გასვლა არ შეიძება და შშმ პირები, რომლებიც ასევე თანმდევი ქრონიკული დაავადებებით არიან და რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ეს დახმარება, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. თან მუნიციპალიტეტში, სადაც არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველა სოფელში არ არის სასურსათო მაღაზია. უკვე 180-მა ადამიანმა გადმორიცხა თანხა და ვგეგმავთ დახმარების გაგრძელებას,“ ამბობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კოორდინატორი, ელენე განაია.
 
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი 2020 წლის თებერვალში დაფუძნდა. იქამდე კი იყო რეგიონის საჭიროებების კვლევა და სტრატეგიის შემუშავება.
 
ელენე აბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში მოიარეს 160-ზე მეტი  სოფელი და  პრიორიტეტების შესწავლა სწორედ ასე მოხდა. პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე - ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლება, არასამთავრობო სექტორი, სათემო ორგანიზაციები, ახალგაზრდები, მეწარმეები. ოთხწლიანი პროექტი დაწყო, რომლის  მთავარი მიზანი სიღარიბის აღმოფხვრა და მოსახლეობის კეთილდღეობაა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსშიც საკმაოდ ბევრი განაცხადი შევიდა.

____

 
სვანეთის მსგავსად, შემოწირულობებს აგროვებს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. კორონა ვირუსის გამო ახლა თეთრიწყარო ჩაკეტილია.
 
თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ადგილობრივ მთავრობასა და ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ერთად, დაიწყო თანხის შეგროვება თეთიწყაროში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად. შეგროვილი თანხით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ რამოდენიმე სკოლის მოსწავლეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, უკვე გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კი კვლავ განაგრძობს თანხების მოძიებას, რათა შეძლოს სხვა მოწყვლადი ოჯახების დახმარებაც.
 
ნინო ტიკურაშვილი, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრლებელი დირექტორი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მათი მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, ძრითადად საგანმანათლებლო კურსები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ინტერნეტზე, კომპიუტერზე ან სმარტფონზე წვდომა არ აქვს. „სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები გვაქვს. ჩართულობა საკმაოდ დიდია, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები დაიწყო და ონლაინ რეჟიმზე გადავედით აქ აღმოვაჩინეთ, რომ დამამთავრებელ კლასებშიც კი ახალგაზრდები ვერ ესწრებიან გაკვეთილებს. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ შევუძინოთ ლეპტოპები და ინტერნეტი.“
 
თანხის შეგროვებაში ადგილობრივ განვითარების ჯგუფს ევროკავშირის ბენეფიციარებიც ეხმარებიან. მათ შორისაა ცნობილი თანამედროვე ქართველი ფერმწერი, ია არსენიშვილი, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდს საკუთარი ფერწერული ტილოები შესწირა.

____

 
მსოფლიო პანდემიის გამოწვევების დროს, ინოვაციური პროექტები დაფინანსდა ქედის ადგიობრივ განვითარების ჯგუფის მიერ. ევროკავშირის საგრანტო კონკურსი ქედაში სწორედ პანდემიის დაწყების შემდეგ გამოცხადდა.
 
13 წარდგენილი პროექტიდან, სამი შეირჩა. ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი თინათინ ღოლაძეს ეკუთვნის. ის პროფესიით მარკეტოლოგია. უნდოდა მეწარმეობის განვითარების კუთხით აჭარის რეგიონს დახმარებოდა.
 
თინათინ ღოლაძე გლობალური სამეწარმეო ქსელის დორექტორი ამბობს: „ჯობს.ჯი-ზე ვნახე კონკურსის შესახებ. ამაზე სულ ვფიქრობდი და კარგად მოფიქრებული მქონდა ყველაფერი. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ტურიზმში ჩართულ ადამიანებს ციფრული კომპეტენციების შეძენაში. ორი კომპონენტია სულ: ციფრული კომპეტენციის განვითარება და პატარა აპლიკაციების იდეების დამუშავება და მასტერკლასები, ასევე ონლაინ ფოტო და ვიზუალური მასალის დამუშავება. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ციფრული პლატფორმა SHINAUREBI.GE და ფეისბუქ გვერდი. ამ პლატფორმაზე განთავსდება ქედაში არსებული გესთ ჰაუზების ჯავშნის სისტემაც. მოხდება მათი პოპულარიზაცია, ადგილობრივი ტრადიციების, სამოსის, ცეკვის, სიმღერის პოპულარიზაცია და ონლაინ კონტენტის შექმნა.“
 
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი აბულაძე აღნიშავს: „წინასწარ ჩატარდა კვლევები, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ჯგუფებთან და განისაზღვრა სტრატეგია. ესაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმის განვითარება, განათლება, ქალის როლის გაძლიერება, შრომითი მიგრაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა.“
 
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, 2017 წლიდან დღემდე, ევროკავშირის გრანტით 75-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული.
 

____

 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. 
 
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფლის განვითარების მასშტაბური ღონისძიებები როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე. პროგრამა მხარს უჭერს არასასოფლო-სამეურნეო აქტივობების დივერსიფიკაციას, მაგ. სოციალური და მუნიციპალური სერვისების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური სფეროების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
 
ამ მიზნისთვის, აქტიურად მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშრის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებენ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემენ.   
 
დღეისთვის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები საქართველოს 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი,  დედოფლისწყარო, ახალქალაქ, თეთრიწყარო, ქედა, ხულო, მესტია, წყალტუბო, ახმეტა და წალკა.
 
საერთო ჯამში, დღემდე, დაფინანსდა სოფლის განვითარების 400-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები  სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა.
Languages:
რედაქტორი: