Delegation of the European Union to the Republic of Moldova

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი დონორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

24/10/2017 - 17:30
News stories

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიური ასამბლეა 25-27 ოქტომბერს ტალინში ჩატარდება ევროპის კავშირის საბჭოს ესტონეთის სახელმწიფოს თავმჯდომარეობის ქვეშ.

federica mogherini, eap, eastern partnership, civil society forum, tallin

სამდღიანი ღონისძიება სახელწოდებით „რეალური შედეგები ხალხისთვის: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვა 2020 წელს და მას შემდეგ“, ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკაზე და სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე უკეთესი მმართველობისათვის ამ ქვეყნებში.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან საუკეთესო მაკონტროლებლები იმ რეფორმებისა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ისინი წარმოადგენენ ძალას კორუფციის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელ ძალას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია გარემოს გაუმჯობესება და სხვა. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთი გვჭირდება, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა რეალობად იქცეს.“

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი ვასრულებთ დანაპირებს და მივყვებით სოციალური ინოვაციების ტენდენციებს ჩვენს მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული გაფართოებული მხარდაჭერის პროცესში. პარტნიორული ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციებით, ძლიერი ლიდერობა და  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მმართველობითი ფუნქციის გასაძლიერებლად უფრო ეფექტური მექანიზმები  - ეს ყველაფერი ჩვენი განახლებული მეთოდების კომპლექსის ნაწილს შეადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებთან იმ სფეროებში დაგვაახლოვებს, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საკოორდინაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ ჰენადი მაკსაკმა აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოებას სჯერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მომავლის, და ამ რწმენის საფუძველს საერთო ფასეულობები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება იძლევა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გარემოს შემქნას, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას რეფორმის სტრატეგიაში“.

კონფერენცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას შემდეგი საკითხების განსახილველად: გაუმჯობესებული მმართველობა, დიალოგი მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის გამჭვირვალობის მხარდასაჭერად და ინკლუზიური მიდგომები ეკონომიკური განვითარებისადმი. დისკუსიები ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების როლს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მედია-კომპეტენტურობის განვითარების საკითხებში.

მონაწილეები მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციას, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემდგომი დემოკრატიული განვითარების ძირითად ბარიერები და კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ამ ბარიერების დასაძლევად.

ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების ზრდის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2014-დან 2016 წლამდე ევროკავშირმა რეგიონის მასშტაბით 260-მდე ახალი პროექტი დააფინანსა და ეს დახმარება 600-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის ორგანიზატორები არიან ესტონეთი, როგორც ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და რეფორმების და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერა მთელ რეგიონში.

ღონისძიება იმართება ორ წელიწადში ერთხელ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის თანმხლები ღონისძიება, რომელიც ამა წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში ჩატარდება.