Delegation of the European Union to Japan

ერთობლივი პრესრელიზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიურ დიალოგთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 07/07/2021 - 07:50, UNIQUE ID: 210707_1
Joint Press Releases

2021 წლის 6 ივლისს, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. დიალოგის ფარგლებში, ისევე როგორც აქამდე, ღია და კონსტრუქციული დისკუსია შედგა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე მიმართული ევროკავშირის პოლიტიკის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

ევროკავშირმა და საქართველომ კვლავ დაადასტურეს ადამიანის უფლებების ყველასთვის საყოველთაოდ აღიარებისა და განუყოფლობის ერთგულება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მათ შორის სქესის, რასის, კანის ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, რელიგიური აღმსარებლობის ან მრწამსის, პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოსაზრების, ქონების, დაბადების, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად. მათ ერთობლივად დაგმეს ორშაბათს თბილისში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რის გამოც ლგბტიქ ღირსების მარში იძულებით გაუქმდა. ეს თავდასხმები დაუშვებელია. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საქართველომ მხედველობაში მიიღეს საქართველოს დადასტურება, რომ მან ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და ეს გამოძიებები გრძელდება. მხარეებმა ასევე სიძულვილის ენის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისკენ წაქეზების აღსაკვეთად შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მათ დაადასტურეს, რომ COVID-19 პანდემია და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მზარდ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, მათ შორის სამოქალაქო სივრცეზე. ეს კიდევ უფრო აღრმავებს აქამდე არსებულ უთანასწორობას და ზრდის ზეწოლას მოწყვლად სიტუაციებში მყოფ პირებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა COVID-19 პანდემიაზე რეაგირებისა და პანდემიის შემდეგ აღდგენის დროს ყურადღების ცენტრში დარჩება.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს  რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებათა სფეროში ძალზე მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თვითნებური დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის მიმართებაში.  მხარეებმა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათ განიხილეს მუდმივი დაბრკოლებები, რომელიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. ასევე განხილული იყო COVID-19 პანდემიის გავლენა ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად გატარებული ზომები. მონაწილეებმა აფხაზეთის რეგიონთან გამყოფ ხაზზე მიღებული შემამსუბუქებელი ზომების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს. ევროკავშირმა და საქართველომ ხაზგასმით აღნიშნეს დაუსჯელობის დასრულების აუცილებლობა საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

ევროკავშირმა და საქართველომ ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს  რეგიონებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე / სამხრეთ ოსეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა  კონფლიქტით დაზარალებულთა უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული  გამოწვევების გადაჭრის საკითხში წვლილი უნდა შეიტანოს. ევროკავშირმა და საქართველომ ყურადღება გაამახვილეს საჭიროებაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), უნდა მიეცეს ორივე რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა. ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეიმუშაოს ინკლუზიური და ყოვლისმომცველი „სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, რომელიც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიულ მიმოხილვას მოიცავს. ევროკავშირმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედთან მიმართებაში, მათი ახლობლებისთვის შვების მოტანის მიზნით ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა კვლავ გამოხატა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მისი განხორციელების მხარდაჭერა.

ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში. ევროკავშირი მიესალმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მოუწოდა მისი ეფექტიანი განხორციელებისკენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობის და მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრულად და დროულად განხორციელების მნიშვნელობას. იგი მიესალმა ამ მიმართულებით დღემდე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, საარჩევნო რეფორმების კუთხით და დარჩენილი ვალდებულებების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდა.

მონაწილეები შეთანხმდნენ თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს შენარჩუნების, პოლიტიკური პლურალიზმისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაზე, მათ შორის მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. მხარეები გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების,  მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, განავითაროს კანონმდებლობა და კოორდინირებული ძალისხმევა მიმართოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში რეალური სარგებლის მოსატანად.

ევროკავშირმა აღნიშნა წინსვლა, რომელიც მიღწეული იყო ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობის,  სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიებების უზრუნველყოფის სფეროებში; მან ქალთა უფლებების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად შემდგომი ზომების გატარებისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა ყველას შეახსენა სტამბოლის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა. მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა და თანაბარი მონაწილეობისა და გენდერული პარიტეტის მიმართულებით არსებული ბარიერების მოხსნის გზები განიხილეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ღირებული მიმდინარე სამუშაო. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოების მნიშვნელოვანი როლზე ადამიანის უფლებების პოპულარიზაციასა და დაცვასთან მიმართებაში და ხაზი გაუსვეს სათანადო რესურსების გამოყოფის აუცილებლობას.

მიესალმა მნიშვნელოვან წინსვლას საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის დასანერგად, როგორიც არის, მაგალითად, შრომის სრულფასოვანი ინსპექციის სამსახური,  პოლიტიკის რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. ევროკავშირი მიესალმა ბავშვთა უფლებების კოდექსის ძალაში შესვლას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებას, მათ შორის მნიშვნელოვანი როლის მქონე არასრულწლოვანთა რეფერალური ცენტრის მუშაობას. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას. ბავშვების მიმართ ყველა ქმედებაში უმთავრესი ამოსავალი წერტილი ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს.

ევროკავშირმა აღნიშნა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხის პრიორიტეტულობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების მიმდინარე რეფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანზე ორიენტირებულ ქმედებებს კორონავირუსთან მიმრთებაში. ევროკავშირი წამების პრევენციის კომიტეტისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ყველა რეკომენდაციის უწყვეტ შესრულებას ელოდება.

ევროკავშირმა 2021 – 2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სწრაფი მიღებისკენ მოუწოდა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო  არსებული კარგი თანამშრომლობის შემდგომ გამყარებას და მულტილატერალიზმის გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასამართი შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს ითვალისწინებს, ევროკავშირი ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ღირებულ წვლილს დაეყრდნო.

დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი რიჩარდ ტიბელსი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ დიალოგის შემდეგი რაუნდის ჩატარება 2022 წელს ბრიუსელში არის დაგეგმილი.

Languages:
რედაქტორის ნაწილი:

ავტორი