ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი 2020 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს ასახელებს

23/03/2021 - 14:43
News stories

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ მეცხრე დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები  დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კიდევ ერთ საპრიზო კატეგორიაში გადასცა პრიზი კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებულ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: „2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“.  

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური პრიზის მნიშვნელობა: „დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიისათვის პატივია, ყოველწლიურად დააჯილდოვოს ამ მიმართულებით საქართველოში მომზადებული რამდენიმე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი. მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას. “

 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:

 საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: გიორგი გოგუა

ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე

 

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: 

გამარჯვებული: მერი შიხაშვილი

ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: 

გამარჯვებული: თამარ ჩქარეული

ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: 

გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი

ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: 

გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი 

ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: 

გამარჯვებული: სოფო აფციაური

ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): 

გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე

ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6000 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ლონდონში. 

გამარჯვებული ნაშრომების სანახავად ეწვიეთ:  https://www.euprizejournalism.ge/

 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020“-ის შესახებ 

126-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა,  საკუთარი ნამუშევრებით, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020“.

საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან:

  • ნინო ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით როგორც კავკასიის ბიუროს უფროს  სატელევიზიო პროდიუსერად, ასევე შემდგომ დსთ-ს ბიუროს უფროს სატელევიზიო პროდიუსერად.  2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს „როიტერსის“ საუკეთესო ჟურნალისტის წოდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.
  • ეკატერინე ფირცხალავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით.  ეკატერინე, როგორც მედია კონსულტანტი, საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის მედია ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით ხელს უწყობს დამოუკიდებელი, ონლაინ მედიის გაძლიერებას საქართველოს რეგიონებში.
  • მაიკლ რენდელი, „ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით. 2019 წელს მაიკლი ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი მედიის საჭიროებების 12-თვიან შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მისი გამოცდილება საქართველოში ასევე მოიცავს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი რადიოსადგურების განვითარებას ჯავახეთსა და ქვემო ქართლში Studio Re-სთან თანამშრომლობით.
  • იუსტინა მიელნიკევიჩი არის World Press ფოტოს, Canon-ის ,,საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის” და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა. 2014 წელს იუსტინამ წიგნად გამოსცა თავისი ფოტოები სახელწოდებით: ”ქალი მაიმუნით - კავკასია მოკლე ჩანაწერებსა და ფოტოებში”. 2019 წელს მის მიერ გამოცემული წიგნი "უკრაინა ამას გაივლის” შეირჩა Paris Photo-ს და Aperture- ის 20 საუკეთესო წიგნს შორის.

 ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გამარჯვებულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იყო მიღებული. დაჯილდოება გაიმართა  სრულად ციფრულ სივრცე „ჰოლოზეუმში“ Covid–თან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით.

პრიზის შესახებ მეტი ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ: https://www.euprizejournalism.ge/

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu

 

 

Languages:
რედაქტორი: