ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტები აჭარის ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში შედეგებს აჯამებენ

02/03/2021 - 06:23
News stories

 
170 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მეშვეობით. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტებით, რომელსაც 2017 წლიდან ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქედაში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (Caritas) ხულოში, შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემების მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.
 
ოთხწლიანი პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ შედეგების პრეზენტაცია შედგა პროექტების დახურვის ერთობლივ ღონისძიებაზე, ქედის მუნიციპალიტეტში. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბნ. გიორგი სურმანიძემ,  ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქნ. ქეთევან ხუციშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ბნ. ლევან გორგილაძემ,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ქნ. ნანა ჯანაშიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ბნ. იან ბლინკამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ქედის და ხულოს პროექტების შედეგების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ინიციატივების და სამომავლო გეგმების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აჭარაში და მაქვს შესაძლებლობა თავად ვიხილო ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ოთხწლიანი მუშაობის შედეგები. ჩვენი მხარდაჭერით ამ LAG-ებმა შეძლეს მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, განსაზღვრეს ადგილობრივი საჭიროებები და ჩართეს ადგილობრივი თემები განვითარების პროცესებში. სასიხარულოა, რომ ორივე მუნიციპალიტეტში ვხედავთ ადგილობრივი განვითარების მრავალ ინიციატივას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობის გაზრდილ ნდობას და უკეთესი მომავალის რწმენას. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი თემები ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააგრძელებენ თანამშრომლობას უფრო ძლიერი და მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის,“ განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.
“ქედა ლიდერის” პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. პროექტმა ხელი შეუწყო ქედაში 90-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსა და მეწარმეს, რომლებიც უკვე წარმატებით ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და რესურსების მართვის პრაქტიკის დანერგვას, ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებულ მართვის განვითარებას, ეკოტურიზმს, აგროტურიზმს, ახალგაზრდა თაობის გაძლიერებას, და, ზოგადად, გარემოსდაცვით მიმართულებებს,” - აღნიშნა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„პროექტის განხორციელების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესგარემო, დასაქმების დონე და ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევებისა, ENPARD ხულოს პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 60-ზე მეტი ბიზნესის განვითარებაში, 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში, ასობით ადგილობრივისა და მათი ინციატივების მხარდაჭერაში, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი განვითარების თვითმხილევლი და თანამონაწილე ხარ,“ განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.
პროექტების ძირითადი მიღწევებია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. LAG-ებმა მოახდინეს ადგილობრივი თემების მობილიზება, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ევროკავშირმა LAG-ბის მეშვეობით მხარი დაუჭირა 170 სოფლის განვითარების ინიციატივას (97 ქედაში და 73 ინიციატივა ხულოში) და ხელი შეუწყო 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ორივე მუნიციპალიტეტში. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივად მეწარმეობის განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის დივერსიფიკაციას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, მუნიციპალური სერვისები და სხვა.
 
ღონისძიების შემდგომ, სტუმრები ეწვივნენ ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების ინიციატივებს - სოჯახო სასტუმროსა და მარანს “შატო ივერი”-ში და დაბა ქედის საჯარო სკოლას, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, CENN-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ქედის მუნიციპალიტეტი 66 საჯარო სკოლაში ენერგეტიკული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. დაბა ქედის საჯარო სკოლა, სადაც ღონისძიება ჩატარდა, არისვ ქედა ლიდერის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტი სკოლას მოსწავლეებისთვის განახლებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში დაეხმარა. შედეგად, სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე, მოსწავლისთვის საჭირო ყველა ციფრული ტექნოლოგიითა და შესაბამისი ტექნიკით.
 
პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
 
პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD ხულო) განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) მიერ, ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით.
 
ვროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge და www.eu4georgia.ge. ხოლო, მეტი ინფორმაციისთვის ქედის LAG-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kedalag.ge, ხულოს LAG-ის შესახებ: www.khulolag.ge
 
საკონტაქტო პირი:
  • თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების პროგრამების საინფორმაციო ხელმძღვანელი, tamar@commwithus.eu
ნანა თაკვარელია, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN, nana.takvarelia@cenn.org, 599 087703
Languages:
რედაქტორი: