Delegation of the European Union to Georgia

საქართველოში პირველად ტარდება „ევროპელ მკვლევართა ღამე

27/11/2020 - 13:41
Vijesti

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ აღნიშვნაში. ეს ღონისძიება ტარდება ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს მკვლევარებისა და მეცნიერების საზოგადოებასთან დაახლოებას.

 
2005 წლიდან „ევროპელ მკვლევართა ღამე“ მხარს უჭერს მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების საშუალებით. 2019 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ს (Horizon 2020) დაფინანსებით, „ევროპელ მკვლევართა ღამემ“ მიიზიდა 1.6 მილიონი ვიზიტორი 400 -ზე მეტ ქალაქში როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიება ნათლად წარმოაჩენს მეცნიერების მრავალფეროვნებასა და მის გავლენას მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც ხელს უწყობს კვლევითი კარიერისადმი ინტერესის ამაღლებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. წელს, ბავშვები, ახალგაზრდები და ოჯახები შეხვდებიან მკვლევარებს და გაეცნობიან კვლევის მეთოდებს, მეცნიერებასა და ინოვაციებს პრაქტიკული ექსპერიმენტების, სამეცნიერო შოუების, თამაშების, ვიქტორინების, კონკურსების, გამოფენებისა და ციფრული აქტივობების საშუალებით. შეიტყვეთ მეტი:https://europa.eu/!Hk48jN
წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას, რაც შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. პროექტის მიზანია, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს მეცნიერ-მკვლევართა საქმიანობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უბიძგოს ახალგაზრდებს სამეცნიერო-კვლევითი კარიერის არჩევისკენ და გააძლიეროს მეცნიერის იმიჯი საზოგადოებაში.
ევროპელ მკვლევართა ღამისღონისძიების ფარგლებში, საქართველო დააჯილდოებს ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც მიიღეს Horizon2020 დაფინანსება. ცერემონიის ვიდეო ვერსია ხელმისაწვდომი იქნებაუახლოეს დღეებში.
დამატებითი ინფორმაცია
Marie Skłodowska-Curie actions (MSCA)-ის მიერ დაფინანსებული "ევროპელ მკვლევართა ღამის" ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსი ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ. მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და "ჰორიზონტ 2020" პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებს შეუძლიათ.
Horizon 2020 ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ყველაზე დიდი პროგრამაა: 7 წლის მანძილზე მისმა ბიუჯეტმა თითქმის 80 მილიარდი ევრო შეადგინა, გარდა იმ კერძო ინვესტიციებისა, რომლის მოზიდვაშიც ეს ფული ეხმარება.
პროგრამა შექმნილია რათა ხელი შეუწყოს, წაახალისოს და განხორციელებაში დაეხმაროს გამორჩეულ იდეებს და გამოგონებებს, ბაზარზე მათი მოხვედრის გამარტივების მიზნით. პროგრამის მიზანია მსოფლიო დონის მეცნიერების მხარდაჭერა, ინოვაციებისთვის ბარიერების მოხსნა საჯარო და კერძო სექტორების დაახლოების საშუალებით.
Horizon 2020-ს ევროპის ლიდერებდა ევროპარლამენტს სრული მხარდაჭერა აქვს და განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი.
თავდაპირველად,  პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ მიზნად ისახავდა საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ახალციხე და ზუგდიდი) როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში ისეთი ღონისძიებების გამართვას და აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა ევროკავშირის კუთხეები, შემეცნებითი ღონისძიებები (ამბები სამეცნიერო თემატიკაზე და მეცნიერულ აღმოჩენებზე, რომელთა მთავარი პერსონაჟები ევროკავშირის მიერ ფინანსურად მხრდაჭერილი მეცნიერები არიან). თუმცა, Covid-19-ის პანდემიის გამო ფიზიკური აქტივობების დიდი უმრავლესობა გადაკეთდა ონლაინ/ვირტუალურ ღონისძიებებად.
Languages:
Editorial Sections: