ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის გაწეული დახმარებით საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა

27/11/2020 - 11:48
News stories

ახლახან დასრულებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დახმარებას საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მოსალოდნელ შედეგებს წარმოადგენს ელექტროენერგიის სექტორის საინვესტიციო კლიმატის მეტი სტაბილურობა და გამჭვირვალობა, აგრეთვე, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისათვის.

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 21-თვიანი პროექტის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ახალი ენერგეტიკის სექტორის რეგულაციების განხორციელებაში დასკვნითი ღონისძიება 2020 წლის 26 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მთავარი დაინტერესებული მხარეები, რომლებმაც განიხილეს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებისა და ქსელის დაგეგმარების სფეროებში პროექტის ფარგლებში დამყარებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები.  პროექტის ფარგლებში ქართველი ექსპერტებისთვის ჩატარდა 35-ზე მეტი სემინარი და ტრენინგი. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ გაცნობოდნენ ევროკავშირის ელექტროენერგიის გადამცემი წამყვანი ოპერატორების გამოცდილებას. გარდა ამისა, პროექტმა უზრუნველყო თანამედროვე მეთოდოლოგიები და საკანონმდებლო დოკუმენტები, რომლებიც შექმნიან საფუძველს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისათვის.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მთავარი დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის შედეგებისა და მიღწევების გაცნობა, ასევე საქართველოს ენერგეტიკული წრეების და ფართო საზოგადოების ინფორმირება პროექტის მნიშვნელობისა და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლის შესახებ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა უკვე იყენებს პროექტის მნიშვნელოვან შედეგებს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლების, საქართველოს ელექტროსისტემის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისა და მისი საიმედოობის ამაღლების კუთხით, პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით. ამ გზით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარე ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების პროცესში“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა.
“ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის გაწეული დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაციის მიზნით ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილს,“ - განაცხადა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირების, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების ჯგუფის ხელმძღვანელმა. „გასული ორი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და საქართველოს ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშაო ზრდის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე ხელს უწყობს ელექტროსისტემის განვითარებას თითოეული ენერგომომხმარებლის საკეთილდღეოდ“.
პროექტის გუნდმა წარმოადგინა და მონაწილეებთან ერთად განიხილა პროექტის ძირითად მიმართულებები მის შედეგებსა და მიღწევებზე აქცენტით. ესენია:
) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტმა წარმოადგინა ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადებული ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც მოიცავს შესაბამისობისა და რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიებს, ისევე როგორც მონიტორინგის ეფექტიან სისტემებს, რაც ენერგოსისტემას როგორც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების, ასევე ენერგეტიკული კრიზისების პრევენციის, მზაობისა და მართვის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მიერ ევროკავშირის უახლეს გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული საექსპლუატაციო და ტექნიკური წესები უზრუნველყოფენ ელექტროსისტემის საიმედო, უსაფრთხო და სანდო მუშაობასა და საქართველოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას.
ბ) ევროკავშირის ქსელის კოდების დანერგვა - პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ევროკავშირის ქსელის კოდების შემუშავებაში, დამტკიცებასა და დანერგვაში, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს ელექტროსისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ქსელში ჩართვის პროცესის დაჩქარება, საქართველოში კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება და ევროკავშირის ბაზართან მისი ინტეგრაცია.
გ) გადამცემი სისტემის ოპერატორების ხელშეკრულებები ბაზრის მონაწილეებთან - საქართველოს ელექტროენერგიის ახალი ბაზარი მუშაობას 2021 წლიდან დაიწყებს: წინასწარი, საათობრივი ვაჭრობა და დაბალანსების მექანიზმი დაინერგება ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, შეისწავლა რა ის ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა დაიდოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ბაზრის მონაწილეებს შორის და რომლებმაც უნდა შექმნან ხელსაყრელი პირობები ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორებისათვის.
დ) სისტემის დაგეგმარება – პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქსელის დაგეგმარების ENTSO-E-ს მოთხოვნების შესაბამისი მოდელის მომზადებასა და დანერგვაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო ხარჯების ოპტიმიზაციასა და საქართველოს ენერგომომარაგების სანდოობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტმა უზრუნველყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით საჭირო კვლევებთან დაკავშირებით.
პროექტი
2019 წლის თებერვალში დაწყებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 21-თვიანი პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ოპერატორს საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირის კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების  შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც საქართველომ ხელი 2016 წლის 14 ოქტომბერს მოაწერა. ვინაიდან ენერგეტიკის სექტორი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული რეფორმის დროულად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
 
ევროკავშირი
ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. მისი დახმარებით ქვეყანაში 160-ზე მეტი პროექტი ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკის განვითარება, განათლება, საჯარო მმართველობა, მართლმსაჯულება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კულტურა. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: eu4georgia.ge
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
თამრიკო მიქაძე
 პრესისა და ინფორმაციის სამსახური
 ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
 
პროექტის საკონტაქტო ინფორმაცია:
ნ. ცაკალისიდი, ჯგუფის ხელმძღვანელი: nikostsakalidis@yahoo.gr
ს. სტეფანესკუ, წამყვანი ექსპერტი: Sebastian.Stepanescu@eliagrid-int.com
Languages:
რედაქტორი: