Delegation of the European Union to Georgia

სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობა პანდემიის დროს განათლების მიღების ახალ შესაძლებლობებს ეძებს

24/11/2020 - 16:07
News

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ონლაინ საკვირაო სკოლა გაიხსნა

 

თბილისი. 24 ნოემბერი 2020 – პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა საგრძნობლად შეამცირა განათლების მიღების ტრადიციული შესაძლებლობები, თუმცა ამავე დროს, გზა გაუხსნა სწავლების ონლაინ მეთოდების დანერგვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) წამოიწყეს ონლაინ საკვირაო სკოლა, რომლის მსმენელები სოფლად მცხოვრები უფროსი კლასების მოსწავლეები არიან. საკვირაო სკოლის მეშვეობით, ახალგაზრდები მეტს გაიგებენ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, ჩართვებიან სხვადასხვა გასართობ და სასწავლო აქტივობაში, დაესწრებიან მასტერკლასებს და სოციალური უნარების განვითარების ტრენინგებს.

 

საკვირაო სკოლის პირველ გაკვეთილებს, რომლებიც 21-22 ნოემბერს გაიმართა, დაესწრო 300-ზე მეტი მსმენელი რვა მუნიციპალიტეტიდან - ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ქედა და ხულო. მომავალ უქმეებზე საკვირაო სკოლა კიდევ ოთხჯერ შეიკრიბება, ხოლო სწავლება 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

საკვირაო სკოლის სულისჩამდგმელები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მათი უფრო ფართო პროგრამის ENPARD-3-ის ფარგლებში, ხოლო მხარდამჭერები - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, არასამთავრობო ახალგაზრდული ქსელი „თაობა“, არასამთავრობო ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs), რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა.

„მისასალმებელია, რომ ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ახალგაზრდები ცოდნისა და უნარების მიღებას შეძლებენ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „ევროკავშირის მიზანია განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა ისედაც შეზღუდულია“.

„პანდემიამ უამრავი პრობლემა შექმნა, მათ შორის საგანმანათლებლო პროცესის თვალსაზრისით“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „მეორეს მხრივ, ვხედავთ ონლაინ სწავლების განვითარებას, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს ქმნის ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის“.

ონლაინ საკვირაო სკოლაში მიწვეულნი არიან ცნობილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები, რომლებიც ახალგაზრდებს სხვადასხვა თემაზე ესაუბრებიან. მათ შორის არიან ეკონომისტი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ევროკომისიის წარმომადგენელი სიგრიდ ბრეტელი, ქართული კომპანიის „სპილოუ“ დამფუძნებელი სოფო ჩხეიძე, კავკასიის მედიის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა და მრავალი სხვა.

 

საკვირაო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების ეკონომიკურ და სოციალურ უპირატესობებს, ევროპასა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, გენდერული თანასწორობის პრინციპებს, ბიზნესის კეთების ინოვაციურ გზებს და კომუნიკაციისა და ინფორმაციის მართვის თანამედროვე მეთოდებს. პროგრამაში ასევე შესულია სოციალურ და ტრადიციულ მედიასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, „ფეიკ ნიუსებს“, პროპაგანდასა და სანდო ინფორმაციას შორის არსებული განსხვავებები და მათი გამოვლენის გზები.

 

ცოდნის მიღებასთან ერთად, საკვირაო სკოლის მსმენელები მიიღებენ რჩევებს მომავალი პროფესიის არჩევის შესახებ, ჩაერთვებიან ხელოვნების, ცეკვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიის მასტერკლასებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში, რომელიც მათი სოციალური უნარების განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას წაადგება.

 

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Languages:
Editorial Sections: