ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი და საქართველო აჯამებენ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგებს

16/10/2020 - 08:11
News stories

ევროკავშირის პროექტი დაეხმარა საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია, ჩაატარა ტრენინგები ინსპექტორებისთვის და შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა.

დასკვნით ონლაინ კონფერენციაზე წარდგენილი იყო პროექტის „მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ძირითადი მიღწევები და სამომავლო გეგმები. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. შეხვედრას უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნინო თანდილაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელი ბ-ნი ალექსანდრე დარასი.
„გარემოს დაცვა ის საკითხია, რომელიც ყველას ეხება. ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ეს სფერო საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სხვადასხვა პროექტების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, აღნიშნული პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. მოუთმენლად ველით გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებას“ - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროული შესრულება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, რომ ჩვენი კანონმდებლობა დავუახლოვოთ ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მოგვეცა საშუალება შეგვემუშავებინა ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა საზღვაო გარემოს სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. ეს  დოკუმენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, რადგან ისინი ქმნიან ჩარჩოს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გასაგრძელებლად, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
პროექტის შედეგები: 
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის ოთხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი
  • საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი
  • სამი ზურმუხტის ტერიტორიის (სამეგრელო 2, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი-რაჭა) მართვის გეგმები
  • ანგარიშები ჰაერის ხარისხის ასპექტებთან დაკავშირებით (ბენზინის დისტრიბუციიდან და საღებავების წარმოებიდან და დისტრიბუციიდან ემისიების შესახებ ანგარიში; ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შესახებ ანგარიში)
  • დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.
ქვემოთ მოცემულია პროექტის შედეგების მოკლე აღწერა. 
პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულებასა და ქვეყნის გარემოსდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას საქართველოს ბუნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
 
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ
 
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
გარემოსათვის მიყენებული ზიანი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკაზე არა მხოლოდ რემედიაციის ხარჯების ზრდის, არამედ ეკონომიკური შესაძლებლობების კლების თვალსაზრისით.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ‘დამბინძურებელი იხდის’ პრინციპს ემყარება. მისი მიზანია, იმ მომხმარებლებს, რომლებიც გარემოს არ აბინძურებენ, აარიდოს ისეთი ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი გადასახადები ან პირადი ზიანის ანაზღაურება. ევროკავშირში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივა საკანონმდებლო სისტემის ნაწილს წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის რეჟიმი, აღნიშნული ვალდებულების შესრულება სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტებით არის შესაძლებელი. ახლახან საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირის პროექტის დახმარებით მომზადდა ოთხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული კანონპროექტით და აუცილებელია მის განსახორციელებლად.
 
საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა
ზღვის დაბინძურების დონე სწრაფი ტემპით იზრდება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ზღვის ორგანიზმებსა და ეკოსისტემებზე. ზღვის დაბინძურება ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკურ დარგებზე (როგორიცაა თევზჭერა და ტურიზმი) და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ზღვის დაბინძურება, კერძოდ წყლის მჟავიანობის დონის მატება და ევტროფიკაცია, წყალქვეშა ხმაური, პლასტმასის და სხვა ნარჩენების რაოდენობის ზრდა, ტოქსინების (პესტიციდების, ბიოციდების) მომატებული კონცენტრაცია გამოწვეულია სამრეწველო, საპორტო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით, საზღვაო ტრანსპორტირებით, ტურიზმით, საავტომობილო მოძრაობით, ჩამდინარე წყლებითა და დანაგვიანებით. დამაბინძურებლების დიდი ნაწილი ზღვებში მდინარეებიდან ხვდება.
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომზადდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, რომლის მიზანია შავი ზღვის გარემოს ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესაბამისად.
 
ჰაერის ხარისხი
აქროლადი ორგანული ნაერთები (აონ-ები) ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელია. აონ-ების ატმოსფეროში გაფრქვევების მთავარი წყაროებია ბენზინის დისტრიბუცია და საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის საშუალებებში გამხსნელების გამოყენება.
აქროლადი ორგანული ნაერთები მზის სინათლეზე რეაქციაში შედის ჰაერში არსებულ ნივთიერებებთან და მიწისპირა ოზონს წარმოქმნის.  აქროლადი ორგანული ნაერთები ჰაერის საშიში დამაბინძურებელია, რომელიც სმოგის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. აონ-ები იწვევს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ (ძირითადად სასუნთქი გზების და ალერგიულ) პრობლემებს და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ, ნახშირორჟანგზე (CO2) ბევრად ძლიერ სათბურის აირს, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს.  აქროლადი ორგანული ნაერთები ზიანის მომტანია როგორც ეკოსისტემებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისათვის.
ამჟამად საქართველო საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის საღებავებისა და ბენზინის ორთქლის აღდგენის I ეტაპის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესშია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოს შესაძლებლობები ბენზინის დისტრიბუციის და საღებავების დარგებში აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიების კონტროლის თვალსაზრისით, აგრეთვე ჩატარდა ტრენინგები ინსპექტორებისათვის.
გარდა ამისა, მომზადდა საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შეფასების ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის, ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და დარგების მოკლე დახასიათება, აგრეთვე, შესაბამისი რეკომენდაციები საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.
 
დაცული ტერიტორიების ზურმუხტის ქსელი
‘ზურმუხტის ქსელი’ წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელს, რომელიც ევროპის ველური ფლორის, ფაუნისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ 1989 წელს,  1982 წლის ბერნის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ბერნის კონვენციის ხელმომწერი მხარეები არიან. კონვენციის ფარგლებში საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ევროკავშირმა შეიმუშავა ჰაბიტატების შესახებ დირექტივა და შექმნა  Natura 2000-ის ქსელი.  კონვენციის მხარეა საქართველოც და, შესაბამისად, მასაც აქვს საკუთარ ტერიტორიაზე ზურმუხტის ქსელის შექმნის ვალდებულება. საქართველოში უკვე ოფიციალურად განისაზღვრა ზურმუხტის 46 ტერიტორია, რომლებისთვისაც მართვის გეგმები უნდა მომზადდეს. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარების სერია, მომზადდა მართვის პირველი სამი გეგმა და, აგრეთვე, ჩატარდა მონიტორინგისა და კონსერვაციის სამუშაოები.
 
(Short version)
   
(Full version)
საკონტაქტო ინფორმაცია
თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu 
ნანა ჩინჩილაკაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Nana.Chinchilakashvili@mepa.gov.ge
Languages:
რედაქტორი: