ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სასკოლო პროგრამის პრეზენტაციაზე

თბილისი, 13/10/2020 - 16:09, UNIQUE ID: 201013_11
Speeches of the Ambassador

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს მოწყობილ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ახალი სასკოლო პროგრამის პრეზენტაციაზე.

(ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან)

ძვირფასო მინისტრებო, მინისტრების მოადგილეებო, კოლეგებო, ბატონები და ქალბატონებო,
მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, რომლისკენაც მიმართულია მთელი საზოგადოების ყურადღება და დრო, სხვა თემებზე სასაუბროდ ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. 
მე აქ მოვედი არა იმიტომ, რომ განათლება და გარემოს დაცვა დღეს საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხებია; და არც იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად იქნება აღიარებული. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების საფრთხე, სავარაუდოდ, ამ საუკუნის უდიდეს გლობალურ და სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა.  
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერი გახდა და სწორედ ამიტომ, „მწვანე დღის წესრიგი“ „ციფრულ დღის წესრიგთან“ ერთად, როგორც ორი სტრატეგიული პრიორიტეტი, გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის მიერ მომზადებულ და შეთანხმებულ პოსტ-პანდემიური აღდგენის გეგმებში. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 10% გარემოს დაცვას ხმარდება.  
სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი დახმარების მიზანს, ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეკოლოგიური და ბიოლოგიური სასოფლო-სამეურნეო მეთოდების ფართოდ გავრცელება წარმოადგენს.    
როგორც ხვდებით, ეს არ არის ალტრუისტული. ეს ფუნდამენტური მიზნებია. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მიზნები ყოველთვის ძვირადღირებული არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ მისაღწევად ადრევე ვიწყებთ ზრუნვას. 
ცნობიერების ამაღლება და განათლება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წარმატების საწინდარია. ინფორმაციის გარეშე არ არსებობს ცოდნა, ხოლო ცოდნის გარეშე არ არსებობს სიბრძნე. 
ჩემს სამშობლოში, შვედეთში, ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი აქტივისტი - და ალბათ ბოლო დროის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გარემოსდაცვითი აქტივისტი - გრეტა თანბერგია, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდია. და ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ეს არის მომავალი თაობების პრობლემა. ეს არის საკითხი, რომელიც ახალგაზრდა თაობას აძლევს უფლებას იყოს მომთხოვნი, რადგან დღეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები მომავალში შესაძლოა პრობლემებად მოგვევლინოს. 
ამ სფეროში წარმატების მისაღწევად განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, განათლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ

  • მომავალმა თაობამ შეძლოს პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის საკუთარი მოთხოვნების სწორად ფორმულირება; 
  • განხორციელდეს ინვესტიციები სუფთა ტექნოლოგიებსა და წარმოების მეთოდებში;
  • შევცვალოთ საკუთარი ცხოვრების სტილი და პირადი არჩევანი იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება, ქვეყნები და პლანეტა საცხოვრებლად უკეთესი და უფრო ჯანსაღი გახდეს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლების სამინისტროს დღევანდელი ღონისძიებისათვის და მათი ძალისხმევისთვის, საქართველოს სკოლებში დაამკვიდრონ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის პრაქტიკა.
დიდი მადლობა!

Languages:
რედაქტორის ნაწილი: