ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ჩემი სოფელი: შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოებს და ქედაში უფრო მეტ ტურისტს

01/10/2020 - 06:00
News stories

ქედაში ღვინის გზას თუ დაადგებით, მაღალ მთებში ჩაკარგულ სოფელ პირველ მაისში შერვაშიძეების მარანს აღმოაჩენთ. მაშინ, როცა 2006 წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ჯიშის ყურძნის აღორძინების პროგრამა დაიწყო, მამა-შვილმა, ნოდარ და ალეკო შერვაშიძეებმა გადაწყვიტეს 1,05 ჰექტარ მიწაზე 3 200 ძირამდე ვაზი გაეშენებინათ, მათ შორის: ცოლიკოური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. მას შემდეგ შერვაშიძეების ოჯახის კარი ნებისმიერი სტუმრისთვის ღიაა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მთის ბუნება და ნატურალური ღვინო უყვარს - შერვაშიძეების მარანში მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, მათ მიერ ჩამოსხმულმა ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა. მასპინძლები ყოველთვის იღებდნენ ტურისტებს, თუმცა ბოლო დროს მოჭარბებულმა ნაკადმა ბიზნესის გაფართოება მოითხოვა.

„ჩვენ საოჯახო სასტუმრო გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი ნომრით, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 6 კაცის მიღება შეგვეძლო, მოთხოვნა კი მაღალი იყო, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა კოტეჯები“ - გვიყვება ალეკო შერვაშიძე.

ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერში“ ჩართვის შემდეგ გადაწყდა ვენახის ზვარში აშენებულიყო ოთხი კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელთა აივნებიდან საოცარი ბუნება იშლება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობებში. LAG მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. „ქედა ლიდერი“ აერთიანებს ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე კი განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, ასევე შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს. სწორედ „ქედა ლიდერის“ მიერ გაცემული გრანტით აშენდა შერვაშიძეების მამულში კოტეჯები - ხის კონსტრუქცია, რომელიც სიძველის ეფექტს ჰქმნის კეთილმოწყობილია - ნალიის ტიპის კოტეჯები უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რომელსაც მაღალი ტიპის სასტუმროები გვთავაზობენ.

   

შერვაშიძეების მარანს ყოველწლიურად ჩვენი მონაცემებით 5 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა მას არ ჰქონდა ადგილზე ღამისთევის სერვისი. ჩვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მათ შემოიტანეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 4 ერთეული კოტეჯის მოწყობას, რომელიც დამზადდებოდა ტრადიციული ძველი ნალიისაგან, ხოლო შიდა ინტერიერი მოეწყობოდა ტურისტებისთვის მისაღებ სივრცედ, სადაც ჯამში 12 სტუმარს შეეძლებოდა ღამისთევის სერვისით ესარგებლა.  აღნიშნული სერვისი გააძლიერებს ლოკაციას, შესძენს დამატებით კონკურენტუნარიანობას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს“ - ამბობს „ქედა ლიდერის“ წარმომადგენელი, გიორგი აბულაძე.

შერვაშიძეებმა ლაგის დახმარებით მშენებლობა დეკემბერში დაიწყეს და ზაფხულში დაასრულეს. კოტეჯების შთამბეჭდავი და საინტერესო ინტერიერ-ექსტერიერის წყალობით, ოჯახის მარანს უკვე მრავალი ტურისტი სტუმრობს. გარდა დამატებითი სასტუმრო ნომრებისა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ვენახში მოეწყო ზიპლაინი. ისტორიისა და ბუნების მოყვარულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლები: საღორეთისა და ცივასულას ციხეები, მიწის ხიდი, ნეოლითური ხანის გამოქვაბული და რა თქმა უნდა, ქედის ველური ბუნება.

შერვაშიძეების მარანში განსაკუთრებულად მშვიდ ატმოსფეროს ჰქმნიან მასპინძლები, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ სტუმრების განწყობის შესაქმნელად. საღამოობით აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ სხვადასხვა ღვინო და აჭარული ტრადიციული კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში.

   

„ჩვენი კოტეჯები ტურისტებში აღფრთოვანებას იწვევს, ვინც დარჩენას ვერ ახერხებს, მათ მარანში დღის განმავლობაში სტუმრობისა და მამულის დათვალიერების საშუალებას ვაძლევთ. ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი კოტეჯები - ისინი უკვე შერვაშიძეების მარნის სიმბოლოა“ - ამბობს ალეკო შერვაშიძე.   

   

შერვაშიძეების საოჯახო ბიზნესის ეფექტურ განვითარებაში დიდი როლი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ქედა ლიდერი“ და მის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ქედის LAG-ი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ თორმეტი LAG-დან. საერთო ჯამში, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა დააფინანსეს სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები  სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა.

Languages:
რედაქტორი: