კორონავირუსი: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორებს გვერდში უდგას

30.03.2020

კორონავირუსის გავრცელებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში ევროკომისია გვერდში უდგას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონი ევრო გამოყო. გარდა ამისა, კომისია არსებული პროგრამებიდან 700 მილიონ ევროს კოროვირუსით გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად გადაამისამართებს.

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით: ”ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად. დღევანდელი დახმარების პაკეტი მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემების გადაუდებელ საჭიროებებზე, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფებისა და ექვსი ქვეყნის ეკონომიკების საყრდენის, მცირე და საშუალო საწარმოების, უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე.”

გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება

პარტნიორი ქვეყნების თხოვნით, კომისია გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხელს შეუწყობს სამედიცინო მოწყობილობებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას, როგორიცაა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ლაბორატორიული კომპლექტები, ნიღბები, დამცავი სათვლეები, ხალათები და დამცავი ეკიპირება. ევროკავშირი თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და გამოუყოფს მას 30 მილიონ ევროს, რათა უახლოეს კვირებში უზრუნველყოს ამ აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა და ექვსი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს შორის ეფექტინი გადანაწილება. გარდა ამისა, დახმარება გაეწევა ჯანდაცვის ეროვნულ ადმინისტრაციებს სამედიცინო და ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად.

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების სახით 11.3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ეს თანხები გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უკვე გამოიყენება რეგიონული ”სწრაფი რეაგირების მექანიზმის” მეშვეობით, მაგალითად, ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლებისთვის. ზაფხულისთვის, ევროკომისია დაიწყებს ”აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამას”, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ნაწილისთვის დახმარებას  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და განსაკუთრებით, მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებისთვის ქვეგრანტების გაცემის საშუალებით.

პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შემცირება

კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFI) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის საფინანსო ინსტიტუტებთან  ევროპის გუნდის (Team Europe) რეაგირების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს ევროპის კოორდინირებული რეაგირება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კერძოდ:

  • იწყება 100 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების ახალი პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის თვითდასაქმებულთა და სხვების დასახმარებლად, რომ გაუადვილდეთ კრედიტების აღება, კრიზისის შემდეგ თავიანთი ბიზნესების სტიმულირებისთვის;
  • 200 მილიონი ევროს ღირებულების ადგილობრივ ვალუტაში არსებულ საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე წვდომის ხელშეწყობა, გამარტივება და დაჩქარება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მათ შორის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში;
  • გარდა ამისა, მიმდინარე კრიზისის პირობებში ევროკავშირმა გაააქტიურა  რისკების მშემცირების მთავარი ინსტრუმენტი - მდგრადი განვითარების ევროპული ფონდი (EFSD) ჯამში 1,55 მილიარდი ევროთი, საიდანაც 500 მილიონი ევრო ევროკავშირის სამეზობლო რეგიონისთვის გამოიყო. ეს სწრაფად უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბრუნი კაპიტალი, სავაჭრო დაფინანსება, ან მორატორიუმი სესხის დაფარვასთან დაკავშირებით. ეს მხარდაჭერა ემატება მაკრო ფინანსური დახმარებას პარტნიორებისთვის, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ევროკომისია მზად არის საქართველოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობითაც დაეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტული ცოდნის, გამოცდილების და კარგი პრაქტიკის მაგალითების გამოყენების საშუალებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის სქემებისა და ჯანმრთელობის სისტემების შესაფასებლად.

კორონავირუსის პანდემიამ გააძლიერა მითების და დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა წყაროდან, როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გაიგეთ მეტი კოროვირუსის შესახებ დეზინფორმაციის ანგარიშიდან.

ევროკომისიის მიერ COVID-19 –ის გავრცელებაზე კოორდინირებული საერთო ევროპული რეაგირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ აქ.

გაიგეთ მეტი

პრეს - რელიზი

ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად - ინფოგრაფიკა