აღმოსავლეთ პარტნიორობა: პოლიტიკის ახალი ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის
დღეს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, წამოაყენეს წინადადება აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ. მათი მიზანია ვაჭრობის ზრდა, კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთანდა უკრაინასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოს, გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა: „ჩვენი მეზობლების ძლიერება ევროკავშირის ძლიერებას ნიშნავს; აღმოსავლეთ პარტნიორობა რჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად. ჩვენი წინადადებები მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს ექვს პარტნიორ ქვეყანას, რაც ასახავს ჩვენს საერთო პრიორიტეტებს და გამოწვევებს, და იმავდროულად კვლავაც უწყვეტად დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას რეალური, დადებითი შედეგებით“.
ევროკომისიის წევრმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ჩვენ ძალიან მკაფიო შეტყობინებას ვუგზავნით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს: ჩვენ დაგეხმარებით ძლიერი ეკონომიკის აშენებაში, ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით და კავშირების გაძლიერებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და გარემო. მჭიდროდ ვითანამშრომლებთ დღევანდელი გამოწვევების გადასაჭრელად ყველა სფეროში, COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის ჩათვლით”.
პარტნიორობის პირველი 10 წლის მიღწევებზე დაყრდნობით, დღევანდელი წინადადება აღწერს, თუ როგორ ითანამშრომლებს ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან საერთო გამოწვევების დასაძლევად, და დღევანდელი გამოწვევების შუქზე გააძლიერებს მათ სიცოცხლისუნარიანობას, რაც იქნება უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა 2020 წლის შემდეგ. ამ პროცესში, თანამშრომლობა ევროკავშირს და პარტნიორებს შორის გაგრძელდება ახალ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად და იმგვარი ეკონომიკის შესაქმნელად, რომელიც მუშაობს ყველასთვის და რომელშიც განსაკუთრებით აღსანიშნავია დასაქმების მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა.
პარტნიორობა, რომელიც ქმნის:
ერთად სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის
ეკონომიკის გაძლიერება, უთანასწორობის შემცირება და პარტნიორი ქვეყნებში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს სურთ საკუთარი მომავლის შენება. ვაჭრობის ზრდის და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების, მცირე და საშუალო საწარმოებში, კავშირებში და ადამიანებში ინვესტირების, ასევე ეკოლოგიური და ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობიდან სარგებლობის მიზანია მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ქმნის სათანადო, მდგრად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ყურადღება ძირითადად გამახვილდება ეკონომიკური განვითარების ისეთ ძირითად სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გარემო, რაც გააძლიერებს ზრდის ხელშეწყობას.
პარტნიორობა, რომელიც იცავს:
ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოებისათვის
სათანადო მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების პატივისცემა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობების მხარდაჭერის ჩათვლით, ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების ხერხემალია. ისინი ასევე წარმოადგენს წინაპირობას ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისთვის. კერძოდ,
სამართლებრივი სახელმწიფო არის მთავარი ფაქტორი ეფექტური ბიზნეს-გარემოს შესაქმნელად და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. საჭიროა პარტნიორობის იმ ვალდებულებების განახლება, რომელიც პარტნიორობას უდევს საფუძვლად, ასევე, რეალური შედეგების, რეფორმების გავლენის და მოქალაქეების მიერ მათი აღქმის უკეთ შეფასება.
პარტნიორობა, რომელიც გარემოზე ზრუნავს:
ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ
გარემოს და კლიმატის გამოწვევები მოითხოვს დაუყოვნებელ ქმედებას ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა შეიტანონ მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმებაში და მოახდინონ საკუთარი ეკონომიკის მოდერნიზაცია, შეამცირონ ნახშირბადის კვალი საკუთარ ქვეყნებში და გეზი აიღონ ნეიტრალური კლიმატის მიმართულებით, იმავდროულად საინვესტიციო გამოწვევების გაცნობიერებით. გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს უჭერს შენობების ენერგოეფექტურობას, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას და ჯანდაცვის სექტორის მოდერნიზაციას.
პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს:
ერთად სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციისკენ
ევროკავშირის სამეზობლოში მძლავრი ციფრული ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს შეუწყობს ზრდას და მდგრად განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში, ევროკავშირის კანონმდებლობის და სათანადო პრაქტიკის შესაბამისად, და გაააქტიურებს ძალზე ინოვაციური ციფრული სტარტაპების მხარდაჭერას რეგიონში. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის საკითხებში.
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს:
ერთად სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისკენ
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე, მოქალაქეებზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციები დემოკრატიის საფუძველია. ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია და მოქალაქეთა უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით, წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოებების ძირითად ელემენტებს. თანამშრომლობა ამ სფეროებში მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირისთვის.
წანამძღვრები
აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის. პარტნიორობა განვითარდა თითოეული პარტნიორის ინტერესების, მისწრაფებების და წინსვლის შესაბამისად, რამაც საშუალება მისცა დიფერენცირებას, მაგრამ მოქნილი და ინკლუზიური გზით, საერთო და გლობალური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. პოლიტიკის დღევანდელი ამოცანები განისაზღვრა 2017 წელს შეთანხმებული გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე.
პოლიტიკის ახალი ამოცანები შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკითხებზე
2019 წელს ჩატარებულ სტრუქტურირებულ კონსულტაციაზე, რომელშიც ფართოდ და ინტენსიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პარტნიორი ქვეყნები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ბიზნესი და ფინანსური ინსტიტუტები. ზოგადად, არსებობს ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული პოლიტიკის ჩარჩო ძლიერია და მას რეალური სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის.
შემდეგი ნაბიჯები
ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნებისგან მოელიან წინადადების დამტკიცებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება და გასცემს მანდატს რეალური შედეგების ახალი პაკეტის შესამუშავებლად მიმდინარე გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის
მემო: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ:
ინფოგრაფიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობა 2020 წლის შემდეგ
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და სომხეთის ურთიერთობების შესახებ
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და ბელარუსის ურთიერთობების შესახებ
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და მოლდოვის ურთიერთობების შესახებ
ინფოგრაფიკა ევროკავშირის და უკრაინის ურთიერთობების შესახებ
|
საკონტაქტო პირები: პეტერ სტანო ანა პისონერო ადამ კაზნოვსკი ალსეო სმერილი
საჯარო: Europe Direct ტელეფონით 00 800 6 7 8 9 10 11 ან ელფოსტით |