ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

11/12/2019 - 06:20
News stories

საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებას, დაიცვან ადამიანის უფლებები საქართველოში.

10 დეკემბერი, თბილისისაქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დარგში, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება სლოგანითახალგაზრდები ადამიანის უფლებათა დასაცავადმოიცავდა ოფიციალურ გამოსვლებს, ასევე საინფორმაციო აქტივობებს მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გასაცნობად.

ღონისძიება, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გაიმართა, გახსნა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. შეკრებილ სტუმრებს მიმართეს ლელა აქიაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დარგში, კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში და ვლადიმერ შკოლნიკოვმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა.


ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ადამიანის უფლებები ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა და სწორედ ამ ღირებულების დაცვაზეა აგებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვისკენ. ამისი ნათელი მაგალითია ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება და სახელმწიფო ინესპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რათა დაცულ იქნას ყველა ადამიანის უფლება. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს ენიჭებათ, რაც წლევანდელ ღონისძიებებში კიდევ უფრო მეტად აისახება.“

სრულად ვიზიარებ დეკლარაციის მთავარ მისწრაფებას შეიქმნას ისეთი მსოფლიო, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე,“ - ამბობს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი. „გასული წლების მსგავსად, მინდა შევახსენო ხელისუფლებას და საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობა. სწორედ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განაპირობებს ქვეყანაში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. ადამიანი და მისი ღირსება უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. გადაწყვეტილების მიმღები პირები, თავიანთი უფლებამოსილებების შესრულების პროცესში, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უნდა იყვნენ შებოჭილნი.“

ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვაზე მიმართულ საქმიანობებზე ისაუბრა დავით ბიბილეიშვილმა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისპროგრამის მონაწილემ, რომელიც ღონისძიებას ამ პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად ესწრებოდა. „ეს დღე  განსაკუთრებულია  სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის ადამიანებისთვის. მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებადამცველი, ხშირად ვეჯახები უამრავ ბარიერს, როგორც  ჩემ ცხოვრებაში, ასევე სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებაში. თვითადვოკატირებით  დაწყებული და სხვა ადამიანის უფლებების დაცვით  მიღებული პოზიტიური  შედეგები არის ის, რამაც  მომცა რწმენა, გამბედაობა და ენერგია რომ გავმხდარიყავი სამოქალაქო აქტივისტი. ჩემთვის მხედველობის  პრობლემას არ შეუშლია ხელი, რომ ვიყო აქტიური მოქალაქე. პირიქით, ერთგვარი მოტივაცია მაქვს, ვუთხრა  ჩემს თავს, რომ შენც შეგიძლია ანალოგიური საქმის გაკეთება და მხედველობის შეზღუდვა არ არის დაბრკოლება, იყო აქტიური ახალგაზრდა. არა მხოლოდ ჩემ თავს, ვცდილობ სხვებსაც ვაჩვენო  ეს ყველაფერი და შევძინო რწმენა, და გავუღვივო დამოუკიდებლობის სურვილი. ამრიგად, ეს დღე უამრავი მიზეზის გამოა ჩემთვის სასიხარულო!“


ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდული ინიციატივების მიმართ.
 

ადამიანის უფლებათა დღე
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს თარიღი 1948 წელს დამკვიდრდა, როცა დიდი მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნებმა ერთობლივად მიიღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომელიც აწესებს ადამიანის თანდაყოლილ და ხელშეუხებელ უფლებებს. წინა მსოფლიო ომების გამოცდილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქვეყნები ხელშეუხებელი უფლებების ერთიან დოკუმენტში ასახვაზე შეთანხმდნენ.   2019 წელს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნება სლოგანით: “ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად”. წელს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა:

 

  • 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღესთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამამ მოაწყო კონფერენციადაინახე, მოისმინე, გადადგი ნაბიჯი“.
  • 7 დეკემბერსევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვისპროგრამის ფარგლებში მოეწყო გარბენი ლისის ტბაზე, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ
  • 7 დეკემბერს ევროკავშირმა თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ფარგლებშიადამიანის უფლებები კინოშიპრიზით დააჯილდოვა უტა ბერიას ფილმიუარყოფითი რიცხვები
  • 9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სახლმა ადამიანის უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღნიშნა
  • 10 დეკემბერს გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა ადამიანის უფლებათა დარგში მოაწყო ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, რომლის შედეგადაც ქართულ ვიკიპედიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ახალი სტატიები აიტვირთა.
  • 10 დეკემბერს ევროპის საბჭომ რამდენიმე ღონისძიება განახორციელამე ვირჩევ თანასწორობასკამპანიის ფარგლებში: იმიტირებული სასამართლო პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიებაყველანი ვართ დაბადებით თანასწორები და განსხვავებულებიდაჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდერა“ - მედია კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად.
  • 10 დეკემბერს ევროკავშირმა თბილისი მოლში უმასპინძლა ადამიანის უფლებათა ფესტივალს სლოგანითიცოდე შენი უფლებები“, სადაც პარტნიორებთან ერთად საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ღირებულებების შესახებ. ღონისძიება ქართველი მოცეკვავეების ფლეშ-მობით დასრულდა.

 
ევროკავშირის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში
ევროკავშირი დაფუძნებულია მტკიცე განზრახვაზე ხელი შეუწყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლიოში. მდგრადი მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა ვერ იარსებებს ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარეშე.

ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ შავდია, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი, +995 577 991991, tata.shavdia@landell-mills.com
  • თამარ კვარაცხელია, ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტი, +995 592 887886, tamar.kvaratskhelia@landell-mills.com
  • თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • ანა თამაზაშვილი, სახალხო დამცველის ოფისი, +995 595 033232, atamazashvili@ombudsman.ge

 

Languages:
რედაქტორი: