Delegation of the European Union to Georgia

თბილისში ქართული კინოინდუსტრიის პირველი კონფერენცია გაიმართა

18/10/2019 - 14:00
News

კონფერენციის ფარგლებში 100-ზე მეტმა კინოპროფესიონალმა და სხვა საპატიო სტუმარმა კინოინდუსტრიის მზარდი როლისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

18 ოქტომბერი, 2019 წ., თბილისი - საქართველოს კინოკლასტერის ინიციატივითა და ორგანიზებით პირველად გაიმართა ქართული კინოინდუსტრიის კონფერენცია,  რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ამ სექტორში არსებული მდგომარეობისა და ქვეყნის ეკონომიკაში კინოინდუსტრიის მზარდი როლისა და პოტენციალის განხილვა. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში და მან თავი მოუყარა 100-ზე მეტ კინოპროფესიონალს, ანტრეპრენერს, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენელს. კონფერენცია გაიმართა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.   

აუდიტორიის წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ბ-ნი ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ბ-ნი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ქ-ნი კატია კამერერი, GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი.   

ღონისძიების ფორმატი მოიცავდა ორ პანელურ დისკუსიას - ერთი ეხებოდა ინდივიდუალური ანტრეპრენერებისა, ისევე როგორც, საქართველოს კინოკლასტერის როლს ქვეყნის კინოინდუსტრიის განვითარებაში და სახელმწიფოს მხრიდან ამ სექტორის მხარდაჭერის ინიციატივებსა და პროგრამებს, მ.შ. „გადაიღე საქართველოში“.

მეორე პანელური დისკუსია დაეთმო კინოინდუსტრიის პროფესიონალებს, რომლებსაც მიეწოდათ ინფორმაცია საერთაშორისო დონორების მხრიდან სექტორის მიმართ დაგეგმილ მხარდაჭერაზე, წარმატებულ საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში განხორციელდა და ქართველი კინომატოგრაფისტებისთვის წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებზე, რაც მათ პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებაში დაეხმარებათ, მათ შორის, საქართველოს კინოკლასტერში გაწევრიანების გზით. 

„კულტურასა და შემოქმედებას ევროკავშირის დღის წესრიგში ყოველთვის წამყვანი ადგილი ეკავა. ქვეყნისთვის კულტურის დარგის ფუნდამენტური მნიშვნელობის გარდა, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ქართულ კინოსა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნიათ - კინოწარმოებაზე დახარჯულ ერთ ევროს ხუთი ევროს შემოსავალი მოაქვს ეკონომიკისთვის. ასევე დიდია ამ ინდუსტრიის დადებითი ეფექტი სხვა სექტორებზე, როგორიცააა ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა. საქართველოს კინოკლასტერისა და ასეთი ფართო წარმომადგენლობითი ღონისძიებების მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ეს პროცესი დავაჩქაროთ, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები მოსახლეობის დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდის კუთხით.“ - განაცხადა ელჩმა ჰარცელმა. 

 „ეს ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს შევკრიბოთ ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები, ოფიციალური პირები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ ან გეგმავენ მხარი დაუჭირონ თანამშრომლობის ფორმატების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. საქართველოს კინოკლასტერს სურს გახდეს ევროპის მასშტაბით წამყვანი გაერთიანება კინოწარმოების სფეროში, მოიზიდოს ახალი პარტნიორები და ინვესტიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო გავფართოვდებით და მოვიცავთ ქართული კინოს მეტ პროფესიონალს, როგორც შემოქმედებით, ისე ბიზნეს სფეროებიდან, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ამ მზარდი ინდუსტრიის განვითარებაში.“ - განაცხადა საქართველოს კინოკლასტერის დირექტორმა დავით ვაშაძემ. 

საქართველოს კინოკლასტერი თვითპოზიციონირებს, როგორც კინოინდუსტრიის ახალი ძალა და აერთიანებს 40-ზე მეტ წამყვან კომპანიასა და კინოპროფესიონალს., რომლებიც აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში საქმიანობენ. კლასტერი დაფუძნდა 2017 წელს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც GIZ-ი გერმანიის მთავრობის სახელით ახორციელებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, კლასტერის წევრებმა შეძლეს საერთო ინტერესებზე შეჯერება, სხვადასხვა ვორკშოპსა და ტრენინგში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო კინობაზრობებში მონაწილეობა, საერთაშორისო პარტნიორების წრის გაფართოება და საერთაშორისო კონტრაქტების მოპოვება. 

 

საკონტაქტო პირი:

თეა კენჭაძე, GIZ-ის პროგრამის ექსპერტი კომუნიკაციის საკითხებში, thea.kentchadze@giz.de, 577292646

Languages:
Editorial Sections: