Delegation of the European Union to Georgia

წარმოებულია საქართველოში - ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერის მოყვანილი ტკბილი სიმინდი კარფურში იყიდება

17/10/2019 - 14:41
News

კახეთში მოყვანილი ტკბილი სიმინდის სუპერმარკეტში გაყიდვა პირველი ფართომასშტაბიანი წარმატებაა ევროკავშირის და FAO-ს პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის და შემოსავლების ზრდას, თანამედროვე მიდგომებით და მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი, რაიმუნდ იელე FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარს საკუთარი პროდუქციის „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში შეტანის პირველ დღეს პირადად შეხვდა.

 

დავით და ვალენტინა კაპანაძეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ლაგოდეხის ქალაქ თამარიანში ეწევიან. მათ FAO-ს აგრონომებისა და ექსპერტების დახმარებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, წელს ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს და ადგილზე თანამედროვე ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა დანერგეს. პროექტის დახმარებით, მოხდა დავითის და ვალენტინას დაკავშირება ჰიპერმარკეტ კარფურთან, რომელიც ხვალიდან რეგულარულად შეისყიდის ფერმერის მიერ ნაწარმოებ, უმაღლესი ხარისხის ტკბილი სიმინდის მოსავალს.

“სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, FAO-თან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ დავითისა და ვალენტინას მსგავს ადგილობრივ ფერმერებთან, რათა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დავნერგოთ და ფერმერებისა და კომპანიების გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებს ხელი შევუწყოთ. ამ წარმატების მაგალითიდან ჩანს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი მცირე ფერმერებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობები არსებობს. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება და ბრენდის ‘წარმოებულია საქართველოში’ ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც მომხმარებლებიც ელიან,” - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

“FAO და ევროკავშირი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ძალიან შთამბეჭდავია, როცა პროექტის ფარგლებში ასეთ შედეგებს ვხედავთ. ჩვენს მიერ მთავრობის დახმარება ფერმერებისთვის ხარისხიანი საკონსულტაციო სერვისების მიწოდებასა და მათი სურსათის შემსყიდველ კომპანიებთან დაკავშირებაში, კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო დიდი მიზნებისკენ - გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. დღეს ამ მიზნების მიღწევაში კიდევ შევიტანეთ წვლილი“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.

“მოხარულები ვართ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორცილებაში შეტანილი წვლილით. ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის პოპულარიზაცია, ყოველთვის წარმოადგენდა კარფურის ერთ-ერთ მნიშნელოვან პრიორიტეტს.  გარდა იმისა, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის  პროდუქციას პირდაპირ მეურნეობიდან ვთავაზობთ, საამაყოა რომ იმ წარმატებული თანამშრომლობის ნაწილი ვართ, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ ასევე ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისათვის” - განაცხადა კარფურ საქართველოს  გენერალურმა დირექტორმა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი პროდუქტი კარფურში გაიყიდებოდა. მიხარია, რომ ხალხი ჩემს ტკბილ სიმინდს ყიდულობს. ეს პირველი შემთხვევაა და, იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება ჩემი და კარფურის თანამშრომლობა, მადლობა ევროკავშირს და FAO-ს ამ შესაძლებლიბისთვის,“ - აღნიშნა დავით კაპანაძემ, ფერმერმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან.

ეს იქნება პროექტის ფარგლებში პირველი, კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. საბოლოოდ კი, ეს ხელს შეუწყობს მცირე ფერმერებსა და შემსყიდველ კომპანიებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას და ‘საქართველოში წარმოებული’ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.

 

ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების გაწევა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის ძირითადი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.enpard.ge.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფი, tamar.k@actionprgroup.com, 595 989916
  • სოფო ალთუნაშვილი, FAO საქართველო, sophio.altunashvili@fao.org, 577 109950

 

Languages:
Editorial Sections: