ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი და საქართველო საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტის - „Twinning-ის“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

04/10/2019 - 11:44
News stories

50-ზე მეტი პროექტი ცხადყოფს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს

1 ოქტომბერს, ეროვნული მუზეუმის შენობაში, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ორგანიზებით, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტის „Twinning-ის“ 10 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისმა აღმატებულებამ კარლ ჰარცელმა. ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა ტვინინგის ინსტრუმენტის მნიშვნელობას საქართველოში რეფორმების განხორციელებისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში.

 „უკვე 10 წელია, რაც დაძმობილების პროგრამა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო მოხეელებისა და მათი ქართველი კოლეგების კონსტრუქციულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. მჯერა, რომ 54 დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინსტრუმენტი წარმატებულია. უფრო მეტიც, ეს ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის ყველაზე ამბიციური პარტნიორია რეგიონში. „Twinning-ი” არის და იქნება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის უმნიშნელოვანესი ნაწილი“ - აღნიშნა ელჩმა ჰარცელმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ისაუბრეს საქართველოს გამოცდილებაზე „Twinning- ის“ ინსტრუმენტის გამოყენებისა და ევროინტეგრაციის პროცესში მისი გავლენის კუთხით. პანელში მონაწილეობა მიიღეს ტვინინგის მიმდინარე და დასრულებული  წარმატებული პროექტების ლიდერებმა, რომლებმაც  ღონისძიების მონაწილეებს მათი გამოცდილება და  მიღებული გაკვეთილები გაუზიარეს.

გარდა ამისა, საქართველოს დარგობრივი სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ „Twinning-ისა“ და „TAIEX-ის“  ეფექტურად გამოყენების შესახებ ინფორმაციას, განიხილეს საერთო გამოწვევები, შეხვდნენ გამოცდილ კოლეგებს  და დაამყარეს პროფესიული კავშრები.

მიმოხილვა

„Twinning-ის“ ინსტრუმენტი არის მსგავსი ინსტიტუციების დაკავშირების ინსტრუმენტი, რომელიც ევროკავშრის წევრი სახელმწიფოების საჯარო უწყებებსა და მათი ბენეფიციარი ქვეყნის კოლეგებს ცოდნისა და გამოცდილების უშუალოდ გაცვლის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოში ტვინინგის პირველი პროექტი 2009 წელს დაიწყო საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის ფედერალური განათლების სამინისტროს შორის, საქართველოში ბოლონიის პროცესის სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. მას შემდეგ, „Twinning-ის“ ინსტრუმენტმა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის  ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების  დიდი ნაწილი მოიცვა და მასზე მოთხოვნა გამუდმებით მზარდია. „Twinning-ის“ მომავალი პროექტები ფარავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, ადამიანის უფლებები, სასამართლო და უსაფრთხოება.

Languages:
რედაქტორი: