ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება

16/09/2019 - 12:41
News stories

დღეს ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული სკოლის მშენებლობას. ეს პირველი ევროპული სკოლაა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაარსდება სკოლა როგორც ქართველი, ისე მთელი რეგიონის მოსწავლეებისთვის - ისინი ისწავლიან განსაკუთრებული საგანმანათლებლო მოდელის მიხედვით, რომელიც დამყარებულია კულტურული მრავალფეროვნების, მშვიდობის და ტოლერანტობის ევროპულ და საერთაშორისო ღირებულებებზე.

მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას უძღვებოდნენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმააღნიშნა: „ჩემთვის, როგორც ევროკავშირის კომისრისთვის, პრიორიტეტი იყო ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნების ახალგაზრდობის დახმარება მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნით, მათი უნარების განვითარებით და დასაქმების მხარდაჭერით. ამ კუთხით ჩვენ გავაორმაგეთ ახალგაზრდობის და განათლების დაფინანსება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მივაღწიეთ საგულისხმო შედეგებს. საქართველოში ევროპული სკოლის დაარსება არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი ვალდებულებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებისთვის რეალური სარგებლის მოტანას. “

სკოლა აშენდება თბილისის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, და ის მოსწავლეთა პირველ ნაკადს სავარაუდოდ 2023 წელს მიიღებს. მოსწავლეებს საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ განსაკუთრებული სასწავლო პროგრამით, რომელიც აკმაყოფილებს ქართული, ევროპული და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების მაღალ მოთხოვნებს.

ეს ინოვაციური ინიციატივა ემყარება 2018 წლის სექტემბერში დაწყებულ საპილოტე სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც 16 და 17 წლის მოსწავლეებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სთავაზობს სპეციალურად შემუშავებულ აკადემიურ პროგრამას ევროპული სკოლის სისტემის საფუძველზე.

საქართველოში ვიზიტის დროს კომისარ ჰანსს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პარლამენტის მაღალჩინოსნებს სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციიდან  და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რათა განეხილათ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდობის პერსპექტივების გაუმჯობესება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის მიზანია შეუქმნას ახალგაზრდობას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის და საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის. 340 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტით, ევროკავშირი მუშაობდა ექვს პარტნიორ ქვეყანასთან განათლების და ახალგაზრდობის დასაქმების გაუმჯობესებაზე რეგიონში. დღეისათვის ამ დაფინანსებით შესაძლებელი გახდა 80,000 ახალგაზრდული გაცვლის განხორციელება, მათ შორის პროგრამით „ერაზმუს+“, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის, რაც აუმჯობესებს და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის დაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად, და პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამების შემუშავება.  

 აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ის არის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისგანსაკუთრებული მიმართულება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია საერთო დემოკრატიის, კეთილდღეობის, სტაბილურობის და გაუმჯობესებული თანამშრომლობის ერთიანი სივრცის შექმნა. მიმდინარე სტრუქტურული კონსულტაციამომავალი პოლიტიკის ჩარჩოზე ხორციელდება 2019 წლის 31 ოქტომბრამდე.

Languages:
რედაქტორი: