ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის თანახმად რეგიონალური თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ეკოსისტემის დასაცავად

05/08/2019 - 16:02
News stories

დღეს ბათუმის პორტში შემოვიდა საერთაშორისო კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომელიც შავი ზღვის ღრმაწყლოვან კვლევებსა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს ახორციელებს. ხომალდის შემოსვლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საქართველოსა და უკრაინის ოფიციალური პირები, მკვლევარები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგების ამსახველი ინფოგრაფიკა და ბავშვების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი სკულპტურები.

შავი ზღვის კვლევა 2014 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს. კვლევით პროექტს EMBLAS (შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება) ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ზღვის ეკოსისტემის მონიტორინგთან ერთად EMBLAS-ის ფარგლებში გაიცემა მცირე გრანტები შავი ზღვის დაბინძურების შესამცირებლად გამიზნული ღონისძიებების გასატარებლად. ასევე შემუშავდება რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, რომელთა მიზანია შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნება და არსებული საფრთხეების შემცირება.

შავი ზღვის კვლევის შემდეგი ციკლი წელს დაიწყება და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. კვლევა განხორციელდება EMBLAS-ის მიმდინარე ფაზის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 1.6 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები წვლილს შეიტანს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის საერთო შეფასებაში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია. კვლევის შედეგები ასევე საფუძვლად დაედება ზღვის გარემოს ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც  ევროკავშირის ხელშეწყობით სხვა ინიციატივის ფარგლებში შემუშავდება.

გასულ წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები დამაფიქრებელი აღმოჩნდა შავი ზღვის დაბინძურების თვალსაზრისით, რომელსაც მისი აუზის ექვსი ქვეყანა - ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო და უკრაინა - იზიარებს. სხვა ფაქტორებთან ერთად ზღვის დაბინძურდება უკავშირდება დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩადინებას მსხვილი ევროპული მდინარეებიდან - დუნაი, დნესტრი, დონი, ბუგი, კუბანი, რიონი.

ეკოლოგიური თვალსაზრისით გასათვალისწინებელია პლასტიკით დაბინძურება (90.5 ნივთი 1 კვადრატულ კილომეტრზე), მიკროპლასტიკის აღმოჩენა 2000 მ სიღრმეზე, ქიმიური დაბინძურება, ინვაზიური, ანუ შემოჭრილი, სახეობების რიცხვის ზრდა და შავი ზღვისთვის დამახასიათებელი სახეობების მიმართ არსებული საფრთხეები.

კვლევის შედეგების დადებით ტენდენციებს შორის აღსანიშნავია ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს სანაპიროზე, განსაკუთრებით სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიულ წყლებში, სადაც გამოვლენილია  დაბინძურებისადმი მგრძნობიარე ინდიკატორი სახეობები, რაც სანაპირო წყლების ეკოლოგიური გარემოს კარგ მდგომარეობაზე მიუთითებს. საქართველოს აქვატორიულ წყლებს ასევე დაუბრუნდა ევროპული ხამანწკა, რომელიც გასული საუკუნეს 40-ან წლებში ინვაზიური სახეობების გამო გადაშენდა. ხოლო ღრმა წყლებში ჩატარებული დნმ-ის ციფრული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ევროპული ზუთხის კვალი, რომელიც გადაშენებულად ითვლებოდა.

ბათუმის პორტში გამართული ღონისძიების ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ შავი ზღვის ჯანსაღი ეკოსისტემის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას რეგიონული თანამშრომლობა წარმოადგენს.

„შავი ზღვის კვლევა უნიკალური ინფორმაციის წყაროა, რომელიც სანდო მონაცემებს გვაწვდის ზღვის ეკოსისტემის, დაბინძურების ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. „მნიშვნელოვანია, რომ კვლევამ პოზიტიური შედეგები გვაჩვენა საქართველოს  სანაპირო წყლების ეკოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაბინძურება სახელმწიფო საზღვრებს არ სცნობს. შავი ზღვის ეკოსისტემის სრულყოფილი დაცვა რეგიონის ყველა სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.“

„უკრაინასა და საქართველოს აკავშირებს არა მხოლოდ შავი ზღვა, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მომავალი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებით განისაზღვრა“, - აღნიშნა მიკოლა კუზიომ, უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ. „ჩვენი შავი ზღვის დაცვა უკრაინისა და საქართველოს საერთო გარემოსდაცვითი და პოლიტიკური მიზანია. მიმდინარე კვლევა ხელს შეუწყობს რეგიონის სხვა ქვეყნების მობილიზებას და შავი ზღვის დაბინძურების შესამცირებლად ეფექტიანი ზომების გატარებას“.

„ასეთი სახის კვლევები ცხადყოფს, რომ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა. „ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქმედით ზომებს დაბინძურების შესამცირებლად და შავი ზღვის დასაცავად ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ“.

„შავი ზღვა და მასთან დაკავშირებული ტურიზმი, მეთევზეობა და ნაოსნობა ათეულობით მილიონი ადამიანის საარსებო წყაროა“, - აღნიშნა ანა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში. „ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები და რეგიონულ დონეზე მიმდინარე თანამშრომლობა აუცილებელია იმისთვის, რომ ამ უდიდესი სიმდიდრით მომავალშიც ვისარგებლოთ. ეს პირდაპირ უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც ადამიანებისა და პლანეტის ჰარმონიულ თანაცხოვრებას გულისხმობს“.  

შავი ზღვის კვლევების სრული მონაცემები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:  http://emblasproject.org/

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

Languages:
რედაქტორი: