ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი იწყებს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტს

30/07/2019 - 14:00
News stories

2 წლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ დახმარებას გაუწევს ეროვნულ ბანკს, საბანკო და საგადახდო ზედამხედველობის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებასა და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში.

დღეს დაიწყო ევროკავშირის ახალი პროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში. 2 წლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც ახორციელებს პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF),  დაეხმარება საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების  გაუმჯობესებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა: “საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს პროგრესულ რეგულატორს, რომელიც მუდმივად ისწრაფვის ახალი შესაძლებლობების მოძიებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისკენ. შესაბამისად, დაძმობილების პროექტი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკისთვის, რამდენადაც მისი მიზანი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის მანდატთან - ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა  ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“.

„ევროკავშირი აძლიერებს ფინანსური სექტორის მხარდაჭერას საქართველოში. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების ჩარჩოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვების გზით, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშემწყობია, ასოცირების შესახებ შეთანხმებით/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, აღნიშნა ვინსნეტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ქართველი და პოლონელი პარტნიორების ერთობლივმა მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს:

  • რეგულატორული, საზედამხედველო და აღსრულებადობის ჩარჩოს ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების  შესაბამისად;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და  საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესებას საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნით საქართველოში.

პროექტის ოფიციალურ გახსნას ასევე ესწრებოდნენ  სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები:

  • ბართლომეი გონტაჟ, საქმეთა დროებითი რწმუნებული, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • იასეკ იასთჟემბსკი, პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყების საბჭოს თავმჯდომარე  
  • არჩილ ყარაულაშვილი,  ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • მიხალ კრუშკა, პროექტის ლიდერი წევრი სახელმწიფოს მხრიდან, პოლონეთის ფინანსური ზედამხვედველობის უწყება, ანალიზისა და სტრატეგიის დეპარტამენტის დირექტორი
  • არჩილ მესტვირიშვილი, პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი

გარდა ამისა, პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მედიის წარმომადგენლები.   


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: იაროსლავ ჰორნოვსკი, მუდმივი უცხოელი მრჩეველი, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ოფისი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ელ-ფოსტა: Jaroslaw.Hornowski@nbg.gov.ge

 

Languages:
რედაქტორი: