ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ქ-ნო პრეზიდენტო, ბ-ნო პრემიერ მინისტრო, მინისტრებო, ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო

11/07/2019 - 13:38
News stories

ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ კონფერენციაში, მშვენიერ ქალაქ ბათუმში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. წელს ასევე ევროპის ისტორიაში მომხდარ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ავღნიშნავთ, რაც ჩვენს განხილვას უფრო ფართო პერსპექტივას ანიჭებს. 2019 წელს ჩვენ გაფართოების მე -15 წლისთავს ავღნიშნავთ, რომელმაც ჩემი ქვეყნის, პოლონეთის მსგავს ქვეყნებში ისტორიის მსვლელობა შეცვალა. წელს, ასევე 30 წლისთავია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა დომინირების დასრულებისა, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად 1989 წლის აპრილში თბილისში სისხლიანი დემონსტრაციებით დაიწყო, ივნისში  პოლონეთში პირველი თავისუფალი არჩევნებით გაგრძელდა და ბოლოს, ნოემბერში ბერლინის კედლის დაცემით დაგვირგვინდა.

 

ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს თქვა: "უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო". დღეს საქართველოში მინდა ხმამაღლა და გასაგებად ვთქვა: საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისთვის ღვთის წყალობა იყო. და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვისაც.

ძალიან სიმბოლური დროა, რომ განვიხილოთ, თუ რამდენად შორს წავედით ერთად გასული ათწლეულის განმავლობაში - და ჩვენი საერთო მოგზაურობა როგორ გავაგრძელოთ.

როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ათ წელს ვაკვირდებით, ცხადია, რომ მისი წყალობით და საშუალებით ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა, უფრო სტრუქტურირებული და უფრო პროგნოზირებადი გახდა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებებს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან, ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას სომხეთთან, აზერბაიჯანთან თითქმის დავასრულეთ ახალი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება და ბელორუსთან უფრო გამჭვირვალე ჩართულობის მიმართულებით ვმუშაობთ.

ყოველივე ზემოხსენებულმა ახალი შესაძლებლობების ფართო სპექტრი შემოგვთავაზა. ეკონომიკური კავშირების გასატკიცებლად ერთად ვიმუშავეთ. ხელი შევუწყეთ ინვესტიციებსა და ვაჭრობას. ჩვენმა თანამშრომლობამ გააძლიერა სატრანსპორტო კავშირები და ინფრასტრუქტურა, ენერგიის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ახლა ჩვენი ციფრული ბაზრების ჰარმონიზების მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ხელი შევუწყეთ განათლებას - 2020 წლისთვის მიზნად ვისახავთ გაცვლით პროგრამებში 80 000-ზე მეტი ახალგაზრდის ჩართვას. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ვიზა ლიბერალიზაციას შედეგად მილიონობით ადამიანმა უვიზოდ თავისუფლად იმოგზაურა, რამაც მოქალაქეთა ცხოვრებაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობამ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის ზრდასა და გაღრმავებას საშუალება მისცა. როგორც პოლონელი, ყოველთვის მოხიბლული ვიყავი თქვენი ერების კულტურების სიმდიდრით. არასოდეს დავეჭვებულვარ, რომ თქვენ დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ხართ. დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის წყალობით, ეს აშკარა ჭეშმარიტება ჩვენი კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ევროპელებმაც  აღმოაჩინეს.

აქ მინდა გავიხსენო  ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსის ვაჟა- ფშაველას სიტყვები:

"ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. კოსმოპოლიტი თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ“.

მისი, ახლა უკვე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ნათქვამი შორსმჭვრეტი სიტყვები, ამჟამინდელ ევროპაში და გლობალურად წამოწყებული იზოლაციონიზმის წინააღმდეგ გვაფრთხილებს. მჯერა, რომ ჩვენი დაახლოების გზით, როგორც ადამიანების, ასევე ურთიერთგაგების ხელშეწყობით - აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ უარყოფითი ტენდენციების დაძლევას ხელი შეუწყო.

მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა განვითარდა რთული პოლიტიკური კონტექსტის ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე რეგიონში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობაში უსაფრთხოების სერიოზული საკითხების არსებობისას. აქ უნდა ვახსენოთ საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა გამოწვევებმა მტკივნეულად იმოქმედა. და თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობა კონფლიქტების მოსაგვარებელ მექანიზმად არ შექმნილა, ეს არის ფასეულობებზე და პრინციპებზე დაფუძნებული თანამეგობრობა და, როგორც ასეთი, მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობას მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს თქვენს ქვეყნებს, რომ ზეწოლას გაუმკლავდნენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა და ყოველთვის იყო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც არ ყოფილა არავის წინააღმდეგ მიმართული და მეტი კეთილდღეობის მქონე საზოგადოებების კარგი მმართველობის, კანონის ძლიერი უზენაესობისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. და თქვენი მომავალი წევრობა ევროკავშირში ერთადერთი არ არის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება. ევროპაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც შემდგომი გაფართოება ეეჭვება. მე არ მეეჭვება. როგორც სამოცი წლის წინ თავად ევროკავშირის წინ მსგავსი საკითხი იდგა, ასეთი პროცესები ერთბაშად ან ერთი გეგმის მიხედვით არ ხორციელდება. ისინი კონკრეტული მიღწევების საშუალებით მზადდება, რომელიც ჩვენი დამფუძნებელი მამების თქმით, თავდაპირველად "დე ფაქტო სოლიდარობას" ქმნის.

თუმცა, ერთი რამ ცხადია: ჩვენ კვლავ ინკლუზიურ ინიციატივად ვრჩებით ევროკავშირსა და ექვსივე პარტნიორს შორის ურთიერთობების გასამტკიცებლად, ამასთანავე თითოეულ პარტნიორთან განსხვავებული მიდგომის გათვალისწინებით, მათი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ შესაძლებლობების განვითარებას - და მე ვციტირებ - "დავაჩქარებთ პოლიტიკურ ასოცირებას და შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის", რაც პრაღის სამიტის დეკლარაციაში გამოცხადებულ თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა და დღესაც აქტუალურია.

10 წლისთავისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციის შემდეგ, რომელიც მაისში გაიმართა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ევროკავშირი სტრუქტურულ კონსულტაციებს იწყებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და წვლილის, ასევე სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოების იმედი გვაქვს. საჭიროა ერთობლივად დავფიქრდეთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები საუკეთესოდ როგორ გამოვიყენოთ.

ახლა, მოდით ყურადღება გავამახვილოთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას საუკეთესოდ: ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება.

ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა გულწრფელად გითხრათ. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტიმა და პოლონელმა. ჩემთვის საქართველო არ არის მხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. როდესაც საქართველოს ვახსენებ, თავისუფლებას ვგულისხმობ, როდესაც საქართველოს ვახსენებ, ღირსებას ვგულისხმობ, როდესაც საქართველოს ვახსენებ, გამბედაობას ვგულისხმობ. თქვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდებული ერი ხართ. შეუძლებელ რამეს მიაღწიეთ, იმიტომ, რომ ყველა განსხვავების მიუხედავად, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდით და ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და თანამედროვე სახელმწიფო.

თქვენ ევროპა და მთელი მსოფლიო გააოცეთ. გულწრფელად მოგიწოდებთ: საკუთარ თავს დაყოფის უფლება არ მისცეთ. მხოლოდ ერთიანები გაუმკლავდებით. მთელი ევროპის მსგავსად.

დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს!

მადლობთ ყურადღებისთვის.

Languages:
რედაქტორი: