ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი სვანეთს ესტუმრა

25/06/2019 - 08:44
News stories

შაბათს, 22 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მესტიას ესტუმრა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო.

გასულ შაბათს, 500-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე შეიკრიბა სეტის მოედანზე, მესტიის ცენტრში და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ საჯარო ღონსძიებას შეუერთდა. „ევროკავშირი სვანეთში“ მეორე რეგიონალური ღონისძიებაა, რომელიც თბილისისა და წყალტუბოს შემდეგ მესტიაში გაიმართა.

სვანეთის სტუმრებს, ინფორმაციული და გასართობი აქტივობების საშუალებით, რომელიც სეტის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შესაძლებლობა ჰქონდათ მეტი გაეგოთ ევროკავშირის ისტორიისა და მრავალფეროვნების შესახებ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამებმა ის შესაძლებლობები წარადგინეს, რომელსაც ევროკავშირი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქმნის და მათ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის კონკრეტული მაგალითები გააცნეს.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა და მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ღონისძიების განმავლობაში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თამაშებში და საგანმანათლებლო აქტივობებში. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჭადრაკის შეჯიბრში და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი სამზარეულო.

„ევროკავშირი სვანეთში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ახალი პროექტის გახსნის ღონისძიების გაგრძელება იყო. პროექტები სვანეთში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ისახავენ მიზნად. გაიგეთ მეტი აქ.

Languages:
რედაქტორი: