ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში

29/05/2019 - 08:27
News stories

„ახალქალაქში ევროკავშრის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სახელოვნებო კურსების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეთნიკურ უმცირესობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ჩვენი ქართველი და სომეხი ბენეფიციარები ერთად ესწრებიან ლექციებს, ერთად სწავლობენ, ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, რაც კიდევ უფრო აახლოებს მათ.“

საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. უკლებლივ ყველა რეგიონში მოიძებნება უნიკალური ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება თუ ჩვეულებები - მემკვიდრეობის ცოცხალი ფორმა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გამორჩეულად საინტერესოა კულტურული იდენტობა, რომელიც ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში საზრდოობს. ამ მხრივ მდიდარია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, კონკრეტულად კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სადაც ქართველი და სომეხი მოსახლეობის თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში მრავალფეროვანია ის კულტურაც, რომელიც განსხვავებულ ტრადიციებსა თუ ჩვეულებებზე დაყრდნობით იქმნება. გარდა იმისა, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადაეცემა, დროთა განმავლობაში ახლდება მისი გამოხატვის ფორმები, რომელთა სიცოცხლისუნარიონობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია რეგიონის კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამ მისიას ემსახურება ENPARD-ის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა ახალქალაქში, რომელსაც „ზრდასრულთა განათლების ცენტრი” ახორციელებს. სწორედ ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალქალაქის ახალგაზრდებს დღეს საშუალება აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ფარდაგების, ხალიჩებისა და გობელენების ქსოვა ქართულ-სომხური ორნამენტებით და ხელი შეუწყონ ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებასა და რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მოიცავს 22 ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს და ქალაქ ახალქალაქს - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია (93,8%), 5,7%-ს შეადგენენ ეთნიკური ქართველები, ხოლო 0.5%-ს -სხვა ეთნიკური ჯგუფები. ახალქალაქის ახალგაზრდები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სექტორში საქმდებიან, თუმცა თემის სოციო-ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სხვა სფეროებშიც.

„ხანგრძლივმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ სურვილი, შეესწავლათ არამატერიალური კულტურის გარკვეული დეტალები და ჩვენი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა, თუმცა ამის საშუალება ჩვენს ქალაქში არ არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათი სურვილის ასრულებისთვის გვეზრუნა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა საგანმანათლებლო კურსები, რომელიც მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლობას მისცემდა“ - აღნიშნავს შორენა თეთვაძე, პროექტის ინიციატორი და „ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ დირექტორი.

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი 2006 წლიდან ფუნქციონირებს. სხვადასხვა დონორის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს ენის შემსწავლელ კურსებს, ტრენინგებს ფინანსური განათლებისა თუ ბუღალტერიის მიმართულებით. აქვეა ხელმისაწვდომი იურიდიული კონსულტაციები და სხვა მომსახურება, რომელიც მოსახლეობის პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შორენა თეთვაძე ცენტრს გახსნისთანავე, ქართული ენის მასწავლებლის რანგში შემოუერთდა და მას შემდეგ ადგილობრივებისთვის მრავალმხრივ საქმიანობას ახორციელებს. დროთა განმავლობაში ცენტრის მიერ შემოთავაზებული კურსები უფრო და უფრო პოპულარული გახდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგები, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იყო.

„ჩვენი საქმიანობის გამოცოცხლება მოვისურვე. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი იყო მოსახლეობის ინტერესი ხელნაკეთი ნივთების მიმართ, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით განვვითარებულიყავით. ამ დროს ჩვენ უკვე პოპულარობით ვსარგებლობდით და ბევრი ბენეფიციარი გვყავდა, შესაბამისად, შესამჩნევი იყო წინსვლის პოტენციალიც. ამასთან, სხვადასხვა სახელოვნებო კურსების დაფუძნება ხელს შეუწყობდა ცნობადობის ზრდას რეგიონის ტრადიციების შესახებ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის “ - ამბობს შორენა თეთვაძე.

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა, შორენა თეთვაძის თაოსნობით, მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში, რომელიც პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში გამოცხადდა. პროექტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებით, ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის  განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი / Department of Rural Debelopment and Vocational Education (GIPA/DRDVE), დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობასთან / West Cork Development Partnership (WCDP), მერსი ქორფსთან / Mercy Corps-თან და ELVA-თან პარტნიორობით.

აღნიშნული პროექტის მიზანია ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე. სწორედ აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ახალქალაქში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) - წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს აერთიანებს. LAG-მა წარმატებით შეიმუშავა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს ახალქალაქის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხედვას. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავდა ახალქალაქის მოსახლეობის ფართო ფენებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, განსაკუთრებით, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების მეშვეობით. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებულ ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახალქალაქის LAG-მა სოფლის განვითარების 16 ინიციატივა შეარჩია, მათ შორის ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პროექტიც, რომელიც ხალიჩების, ფარდაგებისა და გობელენების ქსოვის მიმართულებით უფასო კურსების დაფუძნებას მოიცავს.

„ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივა თანხვედრაში იყო საგრანტო კონკურსის ძირითად კრიტერიუმებთან. ამასთან, პროექტის იდეა შეესაბამებოდა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებს. კერძოდ, ინიციატივა მოიცავდა ქალების დასაქმების პოტენციალის ზრდას, ტურიზმის ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობისა და მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას. ერთი მხრივ, ყველა თაობის ქალს შეუძლია დაეუფლოს ახალ პროფესიას, რომელსაც მომავალში დამოუკიდებლად განავითარებს და საკუთარ შემოსავალს მოიპოვებს. მეორე მხრივ, სუვენირებისა თუ ხელნაკეთი ნივთების პოპულარიზაციით, განვითარდება ტურიზმი და გაიზრდება ცნობადობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესახებ. ჩვენს ქალაქს ესტუმრება უფრო მეტი ტურისტი, რომელიც მოგზაურობას ვარძიასთან წყვეტდა და ჩვენი მიმართულებით საინტერესოს ვერაფერს ხედავდა“ - აღნიშნავს მახარე მაცუკატოვი, ახალქალაქის ადგილობვრივი განვითარების ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რამდენიმე საწყისი ეტაპის გადალახვის შემდეგ, გადამოწმდა ცენტრის გამოცდილება, კომიტეტმა დაათვალიერა და დეტალურად შეისწავლა მათი საქმიანობა. საბოლოო ჯამში, ინიციატივა დაფინანსდა და, ENPARD-ის მხარდაჭერით, მათ შეიძინეს საჭირო ინვენტარი - ტექნიკური აღჭურვილობა და სასწავლო მასალები (საკერავი მანქანები, საქსოვი დაზგები, ძაფები), რაც ბენეფიციარებს ქსოვის უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში სჭირდებათ.

ამჟამად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სახელოვნებო კურსები საშუალებას აძლევს 20-მდე ბენეფიციარს, შეისწავლოს ხალიჩების, ფარდაგებისა და გობელენების ქსოვა ქართულ-სომხური ორნამენტებით. 18-თვიან სასწავლო კურსს ჯერ მხოლოდ ბენეფიციართა პირველი ნაკადი ესწრება. კურსდამთავრებულთა რიცხვს მომავალში კიდევ 20-მდე მსმენელი შეემატება. ქსოვის სწავლა უფასოდ შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს - არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. ბენეფიციარებს სომხურ-ქართულ ორნამენტებსა და ტრადიციული საქმიანობის სხვა დეტალებს უზიარებენ ადგილობრივი ქართველი და სომეხი მასწავლებლები, რომელთაც ამ საქმიანობის გაცოცხლება თავადვე მოისურვეს. ყველა პედაგოგს აქვს ამ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ბებიებისა თუ სხვა წინაპრებისგან შემორჩათ.

„ახალქალაქში ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სახელოვნებო კურსების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეთნიკურ უმცირესობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ჩვენი ქართველი და სომეხი ბენეფიციარები ერთად ესწრებიან ლექციებს, ერთად სწავლობენ, ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ, რაც კიდევ უფრო აახლოებს მათ.“ - აღნიშნავს შორენა თეთვაძე.

სახელოვნებო კურსების მსმენელები, ძირითადად, ქალები არიან. ისინი სწავლობენ ხელსაქმეს, ითვისებენ ახალ პროფესიას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალში მათ დასაქმებას. 18-თვიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მათგანს ექნება თვითდასაქმების შესაძლებლობა, ან საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციის არეალი. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გეგმავს გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებას როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პერსპექტივაშია სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებაც, რაც მეტად გაზრდის ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობებს.

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება არ არის ერთადერთი მიმართულება, რომლის განვითარებას მხარს უჭერს ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, სოციალური განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა. ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელშეწყობით ევროკავშრის მიერ დაფინანსდა ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონში მომსახურების სფეროებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Languages:
რედაქტორი: