ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირი საქართველოში იწყებს ახალ პროექტს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდასაჭერად

16/05/2019 - 09:23
News stories

EU4Digital ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და რეგულაციების გაუმჯობესებას

ევროკავშირმა ოფიციალურად წარადგინა ახალი პროგრამა EU4Digital, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების ინტეგრაციას საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირი ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების პოტენციალის განვითარებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას.

EU4Digital-ის ფარგლებში, ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოს როუმინგის ტარიფების შემცირებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აღნიშნული განაპირობებს ეკონომიკურ გაძლიერებას, ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა თუ ჯანმრთელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.

პროგრამა ოფიციალურად წარადგინეს კარლო ნატალემ, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში და ლაშა მიქავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

„ევროკავშირი მოხარულია, წარადგინოს EU4Digital პროგრამა საქართველოში. ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა არის გზა მომავლისკენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ უფრო ძლიერ ციფრულ ეკონომიკას, არამედ განვავითარებთ იმ სფეროებს, სადაც არსებობს პოტენციალი - ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები თუ ინოვაცია. აღნიშნული მხარდაჭერა მჭიდრო კავშირშია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიასთან, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს“ - აღნიშნა კარლო ნატალემ.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შედგა პროგრამის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია საქართველოსა თუ რეგიონის ციფრულ სივრცეში არსებულ სხვა ინიციატივებთან EU4Digital-ის ინტეგრაციის შესახებ.

EU4Digital რეგიონულ დონეზე ოფიციალურად 2018 წლიდან ხორციელდება და 2021 წლამდე  გაგრძელდება. 6 ქვეყანაში დაგეგმილი საქმიანობისთვის პროექტის ბიუჯეტი 12 მილიონი ევროა. EU4Digital ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს შემდეგ სფეროებში: ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობა, მათ შორის ეროვნული მარეგულირებლების დამოუკიდებლობა, სპექტრის ჰარმონიზაცია, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და როუმინგის ტარიფების ჰარმონიზაცია. ელექტრონული ვაჭრობა ელექტრონული კომერციის, საბაჟოსა და ლოჯისტიკის ჩათვლით; ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება; ციფრული უნარ-ჩვევები; ციფრული ინოვაცია, სტარტაპების ეკოსისტემა და ელექტრონული ჯანმრთელობა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

Languages:
რედაქტორი: