ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმართება კონფერენცია, რომლის მთავარი თემები მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა და DCFTA შესაძლებლობების უკეთესი გამოყენებაა

Tbilisi, 16/05/2019 - 08:47, UNIQUE ID: 190516_7
Press releases

2019 წლის 15 მაისს, სასტუმრო რუმს თბილისში, კონრად ადენაუერის ფონდმა და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია ,,ათინათი“, გამართეს კერძო-საჯარო დისკუსია თემაზე „პოლიტიკის ხედვები ეკონომიკურ განვითარებაზე“ . შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

შეხვედრაზე გაიმართა სხვადასხვა ავტორების მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების პუბლიკაციის პრეზენტაცია. კვლევებში განხილულია აქტუალური ეკონომიკური საკითხები. ავტორები ცდილობენ, გამოკვეთონ სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის როლი, როგორც კვლევაში დასმული სპეციფიკური პრობლემების მოგვარებაში, ასევე ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური და სოციალური ფონის გაჯანსაღების, ინსტიტუციონალური რეფორმის, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ქვეყნისათვის სარგებლის მაქსიმიზაციაში. კვლევებში წარმოდგენილია განვითარების ხელშეწყობის ახლებური და ინოვაციური მიდგომები. საუბარია კვლევების გაღრმავებისა და გაფართოების საჭიროებაზე, რაც სასარგებლოა სახელმწიფოს პოლიტიკის უფრო ეფექტიანი ფორმულირებისა და განხორციელებისათვის, ასევე კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ბატონმა დომინიკ პაპენჰაიმმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თემატურმა კოორდინტორმა „ეკონომიკური განვითარების და ბაზრის შესაძლებლობების“ მიმართულებით აღნიშნა: „აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მკვლევარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების წარმატებისთვის. მსურს მადლობა გადავუხადო ავტორებს მათ მიერ გაწეული საქმისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკის შემუშავების პროცესის გაუმჯობესებას საქართველოში. ჩვენ მივესალმებით წარმოდგენილ რეკომენდაციებს და ველით ღია, კრიტიკულ დისკუსიას.“

ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო ოთხი კვლევა და შეჯამდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წლის მანძილზე მიღებული შედეგები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერირებას უწევდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნინო ევგენიძე.

პროექტის შესახებ

პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით.  პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიებს.

პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდა სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იყო 30 არასამთავრობო ორგანიზაციის 150 წარმომადგენელი 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). პროექტის ფარგლებში იმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი  და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მცირე და საშუალ ბიზნესის 2,000-ზე მეტ წარმომადგენელს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • ირინა გურული, პროექტის მენეჯერი
    iguruli@eprc.ge  
    ტელ.: +995 599 60 26 02
Languages:
რედაქტორის ნაწილი: