ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა: თავმჯდომარის დასკვნები აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით

ბრიუსელი, 13/05/2019 - 17:12, UNIQUE ID: 190513_18
Press releases

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა: თავმჯდომარის დასკვნები აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით

1. ათი წლის წინ, 2009 წლის მაისში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკის, უკრაინის, ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები და წარმომადგენლები პრაღაში შეიკრიბნენ ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირების განსამტკიცებლად და სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობის დასაწყებად, რომელიც, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებული ასპექტი ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად უნდა განვითარებულიყო. ეს უფრო წარმატებული, მედეგი, სტაბილური და დემოკრატიული რეგიონის შექმნაზე მიმართული ერთობლივი ძალისხმევა ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებს, ერთობლივ ინტერესებსა და ვალდებულებებს; იგი ყველას საკეთილდღეოდ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან აახლოვებს და თავად პარტნიორ ქვეყნებს შორის უფრო ძლიერ კავშირებს ანვითარებს.

2. 2019 წლის 13 მაისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავის აღსანიშნავად, მისი მნიშვნელობის დასამტკიცებლად, ამ დროისთვის მისი წარმატებისა და მიღწევების ხაზგასასმელად, და ასევე ჩვენი შემდგომი სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორობის მომავლის დასასახად.

3. ეს უნიკალური პოლიტიკა ეფუძნება საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებს და ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას გავიზიაროთ საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა  უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა, ანგარიშვალდებულება და კარგი მმართველობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით, მდგრადი განვითარება და საბაზრო ეკონომიკა. მისი მამოძრავებელი პრინციპებია ერთობლივი პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, დიფერენცირებული მიდგომა, პირობების შესრულება და იგი ჩვენს ერთობლივ პრიორიტეტებს ეფუძნება. ეს არის მომენტი, რომ განვაახლოთ ამ ფუნდამენტური ფასეულობების და პრინციპების ურყევი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს; კვლავ დავადასტუროთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებში ასახული ერთობლივი ვალდებულებები და ხაზი გავუსვათ  ჩვენს მყარ განზრახვას მათ განახორციელებასთან დაკავშირებით.

4. გასული წლების მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ იგი ეფექტიანი, მედეგი, მორგებული და დინამიური სტრუქტურაა. იგი განვითარებას, ახალი გამოწვევებისადმი, მათ შორის სტაბილურობისა და მედეგობის საკითხებში ადაპტირებას, და საბოლო ჯამში, ჩვენი ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის გაძლიერებას ემსახურება. აღმოსავლეთ პარტნიორობა განახლდა მდგრადი განვითარების გაეროს 2030 წლამდე დღის წესრიგისა და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მიერ დასახული ძირითადი გლობალური პოლიტიკის მიზნების მიღწევის მხარდასაჭერად, რომელიც ასევე ევროპის განახლებულ სამეზობლო პოლიტიკას და ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას ასახავს.

5. 2009 წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობამ უზრუნველყო მყარი საფუძველი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, მათ შორის შეთანხმებების და სხვა ინსტრუმენტების, როგორიცაა პარტნიორობის პრიორიტეტები, ფართო სპექტრის მეშვეობით და მნიშვნელოვანი მიღწევების საშუალება მოგვცა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ვითარდებოდა და თანამშრომლობის სფეროებს მუდმივად აფართოვებდა, მოქონდა ხელშესახები შედეგები მოქალაქეებისთვის, აძლიერებდა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას და ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას აღრმავებდა. 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგი მიმართულია შემდგომ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, რითაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და ბაზრის შესაძლებლობებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, კავშირების მხარდაჭერას, ენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებას, ასევე მობილურობის და ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აღმოსავლეთ პარტნიორები საერთო საჭიროებებს, ამბიციებსა და მოლოდინებს უკეთესად იგებენ და იზიარებენ.

6. ამ პარტნიორობას სარგებლობა ყველასთვის მოაქვს; მისი შექმნიდან 10 წლის შემდეგ მან ჩვენს მოქალაქეებს თავისი წარმატება დაუდასტურა. ეს დადებითი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, რათა ჩვენმა საზოგადოებებმა სრულად ისარგებლოს ყველა უპირატესობით, გაზარდილი კეთილდღეობით დაწყებული და დემოკრატიით დასრულებული, სტაბილურობითა და უსაფრთხოებით, რომელსაც ასეთი პარტნიორობა უზრუნველყოფს.

7. შემდგომი გამოწვევები წინ გველოდება. რეფორმების განხორციელება და შეთანხმებული ვალდებულებების შესრულება მომავალი წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში უნდა რჩებოდეს, რათა პარტნიორობის პოზიტიური გავლენა შენარჩუნდეს და შემდგომ წარმატებას ხელი შეეწყოს მისი ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით. ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ანალიტიკური ცენტრები და ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე მოწყვლადი ჯგუფები, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები, ქალები, ახალგაზრდები და კერძო სექტორი. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტული პროექტების წყებაზე, რომელიც პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდებისთვის "ახალ შეთანხმებას" ხელს შეუწყობს.

8. ჩვენი მიღწევები, როგორიცაა გაფართოვებული ვაჭრობა და გაძლიერებული პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია და დარგობრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის, შთამაგონებელი გახდება სამომავლო წინსვლისთვის ორმხრივი ინტერესების, საჭიროებების, ერთობლივი პრიორიტეტებისა და მდგრადი რეფორმების განხორციელების საფუძველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურირებული განხილვა და ჩართულები ვიყოთ ინკლუზიური და ფართო კონსულტაციების პროცესში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, კერძოდ, მომდევნო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის არსებითი და დროული მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. მოდით მოვახდინოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილების დემონსტრირება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც აჩვენებს,    რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.

რედაქტორის ნაწილი: